ფართოცხვირა იხვი
ფართოცხვირა იხვი − (ლათ. Anas clypeata Linnaeus, 1758) – ფრინველი იხვისებრთა ოჯახიდან. საშუალო სიდიდის იხვია, ფრთა 205-260 მმ-ია, ნისკარტი 60-70 მმ, წონა – 500-1100 გ. მამალი დიდია დედალზე. სქესთა შორის განსხვავება შეფერილობაში უფრო მკვეთრია გამრავლების პერიოდში. მამლის თავი და კისერი მოშავოა, მოლურჯო-იისფერი ელვარებით. ბეჭებს შორის არე მორუხო-მურაა. მხრების წინა ნაწილი თეთრია, მურა ფერის ლაქებით. დანარჩენი ნაწილი მურა-შავია, ბუმბულების თეთრი ცენტრებით. მათ შორის ყველაზე უფრო გრძელი ბუმბულების გარეთა მარაოები ცისფერია, ხოლო შიგნითა – შავი, თეთრი ზოლით მარაოს კიდეზე ან ღეპეპის გასწვრივ. ზურგი, კუდის ზემო და ქვემო მფარავები შავია, მოლურჯო-მწვანე ელფერით. ჩიჩახვი თეთრია, ხოლო მკერდი, მუცელი და სხეულის გვერდები მოქარცისფრო-ყავისფერი. მომქნევები მოშავო-მურაა. მეორე რიგის მომქნევების გარეთა მარაოები ელვარე მწვანეა, რომლებიც ფრთაზე „სარკეს“ წარმოქმნიან. ფრთების დიდი მფარავები მურაა, თეთრი ბოლოებით. ეს თეთრი ბოლოები „სარკის“ წინა არშიას ქმნის. ნისკარტი შავია, ბოლოში ძლიერ განიერი. ფეხები ნარინჯისფერია. დედლის ზურგის ბუმბულები მოშავო-მურაა, ქარცი არშიებით. თავისა და კისრის გვერდები უფრო ღია ფერისაა. ფრთების ზემო მფარავები მოცისფრო-რუხია, ქარცი არშიებით. მუცლის მხარე მოქარცისფროა, წვრილი მურა წინწკლებით.
სარჩევი |
გავრცელება
ბუდობის არეალი მეტად ფართოა და მოიცავს თითქმის მთელ ევრაზიას, ატლანტის ნაპირებიდან ოხოტის ზღვამდე, მაგრამ ჩრდილოეთით იშვიათად სცილდება ტყის ზონას, სამხრეთით კი აქა-იქ აღწევს ხმელთაშუა, შავი და კასპიის ზღვების ნაპირებამდე. აღმოსავლეთით მოიპოვება მონგოლეთში, ჩინეთში, იაპონიაში. ბუდობს ჩრდილოეთი ამერიკის დასავლეთ ნაწილშიც. ზამთარს ატარებს ბრიტანეთის კუნძულებზე, ჩრდილოეთი აფრიკის სანაპიროებზე და თითქმის მთელ სამხრეთ აზიაში კუნძულების ჩათვლით, აგრეთვე ჩრდილოეთი ამერიკის სამხრეთ ნაწილში. საქართველოში მოზამთრე იხვია.
ბიოტოპი
წყალსატევები ღია ლანდშაფტში – ველებსა და ტყე-ველებში. ტყის ზონაში სახლდება გაშლილი ფართო ჭალებში. თავს არიდებს ტყის ნაპირებიან წყალსატევებს. ზამთარში გვხვდება ზღვების სანაპიროებთანაც.
გამრავლება
მონოგამიური ფრინველია. ბუდეს იკეთებს მიწაზე, ღია ადგილებში, წყლიდან არც ისე შორს, ზოგჯერ წყალსატევების პატარა უტყეო კუნძულებზე, მეტ-ნაკლებად მდიდარი ბალახნარებით. მაისის პირველი რიცხვებიდან დებს 7-11 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 22-24 დღეს გრძელდება.
კვება
ფართოცხვირა იხვის საკვებს შეადგენენ უპირატესად ცხოველური ორგანიზმები, რომელთაც პოულობს წყლის ზედა ფენებში ან თავთხელ წყალში ჩაყვინთვის გარეშე. ესენია წერილი მოლუსკები და პლანქტონური კიბოსნაირები. აქვე პოულობს მცენარეულ საკვებსაც – შოლტოსან და ძაფისებრ წყალმცენარეებს, აგრეთვე წყლის მცენარეთა ფოთლებსა და ყლორტებს.
მნიშვნელობა
სპორტული ნადირობისა და ზოგან სარეწაო მნიშვნელობისაა.