ფესცენინები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფესცენინები − (ლათ. fescennina ან fescennini, < fescennia – ქალაქი ეტრურიაში, სადაც წარმოიშვა ფესცენინები), დამცინავი, სახუმარო-უწმაწური სიმღერები, რომელიც სრულდებოდა ძველ რომში მოსავლის აღებასთან დაკავშირებით და ასევე ქორწილებშიც. მასში გამოყენებული იყო სატირული ინვექტივები (სალანძღავი სიტყვები), როგორც ლანძღვა-დიალოგის ფორმა.

რომაული თეატრის დაბადების ერთ-ერთ წყაროდ მიწათმოქმედებასთან დაკავშირებული რიტუალებია მიჩნეული. მკის დასრულებისას იმართებოდა დღესასწაული − ფესცენინები, რომლის სახელწოდებაც, სავარაუდოდ, სამხრეთ ეტრურიაში განლაგებულ ფესცენიუმის სახელს უკავშირდება. ჰორაციუსი ფესცენინების დღესასწაულს ყოველგვარი შეზღუდვებისა და ცენზურისგან თავისუფალი სიტყვის დღესასწაულად მოიხსენიებდა.

დღესასწაულის დროს ორ ჯგუფად გაყოფილი ადამიანები ერთმანეთს ენაკვიმატ და უწმაწურ ხუმრობათა მომცველ, ასევე ფესცენინებად წოდებული სიმღერების შესრულებაში ეჯიბრებოდნენ. რომაელების რწმენით, სილაღე, მხიარულება და უწმაწურობა ხელს უწყობდა ნაყოფიერებას, უხვმოსავლიანობას და, ამავდროულად, ავსულებისგანაც იცავდა მათ. ფესცენინები ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და სიცოცხლისუნარიანი დღესასწაული აღმოჩნდა. ფესცენინები, საუკუნეთა მანძილზე, რომაელთა ქორწინებების განუყოფელ შემადგენელ ნაწილად იქცა. ვინაიდან ქორწილიც ნაყოფიერების დღესასწაულს წარმოადგენდა, მისი მონაწილენი სახუმარო უწმაწურობებით აქილიკებდნენ ახალდაქორწინებულებს.

ავი სულისგან დამცავი და ადამიანისთვის ყოველივე სასიკეთოს გამრავლებისთვის ხელის შემწყობი ფესცენინები სრულდებოდა სამხედრო გამარჯვების მომპოვებელი მხედართმთავრის სადიდებლად. ზეიმი თეატრალიზებულ სახეს იძენდა. რომაული ჯარი საზეიმო მსვლელობას აწყობდა კაპიტოლიუმისკენ. საომარ ეტლში იუპიტერის სამოსში გამოწყობილი, იუპიტერისეული ძლევამოსილების გამომხატველი ატრიბუტიკითა და დაფნის გვირგვინით შემკული მხედართმთავარი ჯარს წინ მიუძღოდა. საომარ ეტლში შებმული საგანგებოდ შერჩეული თეთრი რაშები სანახაობას განსაკუთრებულ პომპეზურობას სძენდნენ. ამავდროულად, თვით იუპიტერთან შედარებული გმირის მადიდებელ მსვლელობას თან სდევდა მისივე განმაქილიკებელი ფესცენინები. სახუმარო ლანძღვის გამომხატველი სიმღერები, ღვთაებასთან თითქმის გატოლებული ტრიუმფატორის, მის არაკეთილმოსურნეთა ავი თვალისგან დაცვისა და, ამავდროულად, თვითგაკერპების ცთუნებისგან დაცვის მიზანს ემსახურებოდნენ.

თუკი ტრიუმფატორთან მიმართებაში, ფესცენინების სალანძღავი ხასიათი სახუმარო განწყობის გამომხატველი იყო, სოციალური პროტესტის გამოხატვისას ისინი ცალსახად გამკიცხავ პათოსს იძენდნენ. პროტესტის გამოვლენა, ხშირად ძალაუფლებით აღჭურვილი პირის სახლის წინ ხალხის შეკრებისა და მისი აბუჩად ამგდები სანახაობის გამართვის ფორმით ხდებოდა. დროთა განმავლობაში, რომაული კანონმდებლობით, სოციალური უკმაყოფილების გამომხატველი ფესცენინები აიკრძალა.

მაია გოშაძე

წყარო

მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი I‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები