სექსუალური ფეტიშიზმი
ფეტიშიზმი - (F65.0), (fetishizm), სექსუალური უპირატესობის აშლილობა, როდესაც სექსუალური აღგზნების სტიმულად ან სქესობრივი დაკმაყოფილების მისაღწევად უსულო ობიექტები გამოიყენება.
ბევრი ფეტიში, მაგ., ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, გარკვეულწილად ადამიანის სხეულის გაგრძელებას წარმოადგენს. სხვა შემთხვევებში დამახასიათებელია გარკვეული მასალა, მაგ., რეზინა, პლასტმასი ან ტყავი. ფეტიში – ობიექტი შესაძლოა ინდივიდისათვის სხვადასხვა მნიშვნელობის მქონე იყოს. ზოგჯერ იგი გამოიყენება სექსუალური აღგზნების გასაძლიერებლად, რომელსაც ჩვეულებრივი გზით აღწევენ (მაგ., პარტნიორის მიერ განსაკუთრებული ტანსაცმლის ხმარება). (ჯმო-ს ფსიქიატრიის ლექსიონები)
სექსუალური ფეტიშიზმის დროს, სექსუალური აგზნების მიღწევის საუკეთესო ან ერთადერთი საშუალება ნივთების ან ადამიანის სხეულის ისეთი ნაწილებია, რომელთაც არ აქვთ უშუალო სექსუალური დატვირთვა. ეს ელემენტები შეიძლება ნორმალური სექსუალური ქცევის კომპონენტებს წარმოადგენდეს. მამაკაცებში აგზნებას ხშირად იწვევს სამოსის რომელიმე ელემენტი (მაგ., ქალის წინდები), ან ქალის სხეულის ისეთი ნაწილები, რომელთანაც უშუალო სექსუალური ასოციაცია არ არის დაკავშირებული (მაგ., თმა), თუმცა ასეთი რამ ანომალიად ითვლება, როდესაც ის წამყვანი ხდება სექსუალური აქტის ჩვეულ პატერნებთან შედარებით.
სარჩევი |
გავრცელება
სექსუალური ფეტიშიზმი, როგორც სექსუალური აგზნების მიღწევის უპირატესი გზა, არ არის გავრცელებული, თუმცა არ არსებობს ზუსტი რაოდენობრივი მონაცემები ზოგად პოპულაციაში მისი გავრცელების სიხშირის შესახებ.
აღწერა
ფეტიშიზმი, ჩვეულებრივ, მოზარდობის ასაკში იწყება. ის მხოლოდ მამაკაცებშია გავრცელებული. ქალებში ფეტიშიზმის სულ რამდენიმე შემთხვევაა აღწერილი. ფეტიშისტების უმრავლესობა ჰეტეროსექსუალები არიან, მაგრამ ნაწილი ჰომოსექსუალია. ზოგიერთი წყაროს მიხედვით, ჰომოსექსუალები ფეტიშისტების 20%-ს შეადგენენ (Chalkley and Powell, 1983). სექსუალური აგზნები გამომწვევი შეიძლება იყოს მრავალი ობიექტი, მაგრამ ცალკეული პიროვნება, ჩვეულებრივ, ობიექტების მცირე ჯგუფს ანიჭებს უპირატესობას. ასეთია სამოსის დეტალი, რომელიც რეზინისგანაა დამზადებული, ქალის საცვლები, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, ხოლო ჰომოსექსუალი ფეტიშისტებისთვის - მამაკაცის ფეხსაცმელი ((Weinberget al., 1994). ზოგჯერ ეს ობიექტი მეორე პიროვნების ატრიბუტია (პარციალიზმი; მაგალითად, სიკოჭლე ან დეფორმაცია), ადამიანის სხეულის ნაწილი (თმა ან ტერფი), ან ამპუტაციის შედეგად მოკვეთილი ნაწილი (აპოტემნოფილია). საგნის ფაქტურა და სუნი ხშირად ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მისი გარეგნული მხარე (მაგ., ბეწვი, ხავერდი, რეზინის სამოსი და გაპრიალებული ტყავი). ნივთებთან კონტაქტი სექსუალურ აგზნებას იწვევს. მას მოსდევს მასტურბაცია ან სექსუალური აქტი პარტნიორთან სექსუალური ლტოლვის საგნის გამოყენებით, თუ პარტნიორი ამაზე თანხმობას განაცხადებს.
ფეტიშისტები სასურველი ნივთების მოპოვებას ბევრ დროს უთმობენ. ზოგი მათ ყიდულობს, ზოგიც იპარავს (მაგალითად, საცვლების ჩამოხსნა სარეცხი თოკიდან). თუ „ობიექტი” პიროვნების ატრიბუტია, ფეტიშისტმა ბევრი დრო შეიძლება დაუთმოს ამ ატრიბუტის მქონე პირის ძიებას (მაგალითად, კოჭლი ქალის ადევნება). ფეტიშისტები ხშირად აგროვებენ ფეტიშიზმის საგნებს, როგორიცაა ქალის ფეხსაცმელი ან საცვლები, ან ამ საგნების ფოტოებს.
ეტიოლოგია
მიზეზი უცნობია, მაგრამ არსებობს რამდენიმე თეორია, რომლებიც ფაქტებით არ არის გამყარებული.
პროგნოზი
არ არსებობს მკურნალობის შემდგომი დაკვირვებით მიღებული სარწმუნო მონაცემები. კლინიკური გამოცდილების მიხედვით, მოზარდებსა და მოზრდილებში ფეტიშიზმი ხშირად სუსტდება ან საერთოდ ქრება დამაკმაყოფილებელი ჰეტეროსექსუალური ურთიერთობის დამყარების შემდეგ. მარტოხელა მამაკაცების შემთხვევაში, რომლებიც მორცხვობენ ქალებთან ურთიერთობისას და არ ჰყავთ სექსუალური პარტნიორი, პროგნოზი უარესია, ვიდრე უკეთესად ადაპტირებულ ახალგაზრდა მამაკაცებთან. პროგნოზი უარესია მაშინაც, როდესაც ქცევა ხშირია და მუდმივად არღვევს სოციალურ და იურიდიულ ნორმებს. პირველად შემოღებულმა სამართლებრივმა სანქციებმა შეიძლება გაზარდოს ქცევის კონტროლის მოტივაცია.
მკურნალობა
არსებობს მონაცემები ფსიქოანალიზით ან ბიჰევიორული თერაპიით ფეტიშიზმის წარმატებული მკურნალობის შესახებ, მაგრამ ეს მონაცემები არ არის მიღებული კონტროლირებადი კვლევის შედეგად. კლინიკური გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ამ თავში აღწერილი ზოგადი საშუალებები ისეთივე ეფექტურია, როგორც მკურნალობის ნებისმიერი კონკრეტული ტექნიკა. მედიკამენტური მკურნალობა განხილულია ზემოთ მოცემულ ზოგად ნაწილში.