სექსუალური უპირატესობის აშლილობა
სექსუალური უპირატესობის აშლილობა - (F65), (sexual preferenexe disorder), მთელი რიგი სექსუალური უპირატესობის და სექსუალური აქტივობის ფორმებისა, რომლებშიც შედის:
- ფეტიშიზმი;
- ფეტიშისტური ტრანსვესტიზმი;
- ექსჰიბიციონიზმი;
- ფროტერიზმი;
- ვუაიერიზმი;
- ზოოფილია;
- პედოფილია;
- სადომაზოხიზმი;
- ნეკროფილია.
(ჯმო-ს ფსიქიატრიის ლექსიკონები)
სარჩევი |
სექსუალური უპირატესობის აშლილობების შესწავლის ისტორია
წარსულში, საუკუნეების განმავლობაში, სექსუალური პრეფერენციების ანომალიები განიხილებოდა უფრო რელიგიის კანონების შეურაცხყოფად, ვიდრე იმ ადამიანის მდგომარეობად, რომელიც ექიმებს უნდა გამოეკვლიათ და ემკურნალათ. ამ აშლილობის სისტემური კვლევა 1870-იან წლებში დაიწყო. კრაფტ-ებინგმა (Ktafft-Ebing, 1840-1902) ვენაში მოღვაწე ფსიქიატრიის პროფესორმა, მოგვცა პარაფილიების სისტემური აღწერა თავის წიგნში Psychopathia sexualis (სექსუალური ფსიქოპათიები), რომელიც, პირველად, 1886 წელს გამოქვეყნდა. ამის შემდეგ, შრენკ-ნოტცინგმა (Schrenck-Notzing, 1895) შეიმუშავა ამ ანომალიების მკურნალობის წარმატებული თერაპიული მეთოდი სუგესტიის გამოყენებით. ინგლისში ჰაველოკ ელისი (Havelock Ellis, 1859-1939) საკმაოდ ვრცლად შეეხო ამ თემას და სხვა სექსუალურ აშლილობებს.
ანომალიური სექსუალური უპირატესობების კონცეფცია
მოცემულ კონცეფციას სამი ასპექტი გააჩნია:
- სოციალური ქცევა არ ექვემდებარება გავრცელებულ შეხედულებებს იმის შესახებ, თუ რა ითვლება ნორმალურად. მიღებული თვალსაზრისი ნორმის შესახებ არ არის იგივე ყველა საზოგადოებაში და ყველა ისტორიულ პერიოდში. მაგალითად, რეგულარული მასტურბაცია განიხილებოდა ნორმიდან გადახრად ბევრი მედიკოსის მიერ ვიქტორიანულ ინგლისში.
- ზიანი, რომელიც შეიძლება მიადგეს სექსუალურ ურთიერთობაში მყოფ მეორე ადამიანს. ამის მაგალითებია სექსუალური ურთიერთობა ბავშვებთან ან სექსუალური სადიზმის უკიდურესი ფორმები.
- თავად ადამიანის მიერ განცდილი ტანჯვა, გამოწვეული საზოგადოების დამოკიდებულებით მისი ცხოვრების წესის მიმართ (მაგალითად, დამოკიდებულება ტრანსვესტიზმის მიმართ), კონფლიქტით პიროვნების სექსუალურ სურვილებსა და მის მორალურ სტანდარტებს შორის, და სხვებისადმი მიყენებული ზიანის ან დისტრესის გაცნობიერებით.
ანომალიურ-სექსუალური უპირატესობის აშლილობების სახეები
ანომალიურ-სექსუალური უპირატესობის აშლილობების სახეები შეიძლება ორ ჯგუფად დაიყოს. ესაა, პიროვნების სექსუალური ინტერესის ობიექტთან დაკავშირებულ ანომალიები და სექსუალური აქტის უპირატესობების ანომალიები (ანუ რა ტიპის აქტს ანიჭებს პიროვნება უპირატესობას). სექსუალური ინტერესის ობიექტთან დაკავშირებული ანომალიები მოიცავს: ფეტიშიზმს, პედოფილიას, ფეტიშისტურ ტრანსვესტიზმს, ზოოფილიას და ნეკროფილიას; სექსუალური აქტის პრეფერენციის ანომალიები კი - ექსჰიბიციონიზმს, ვუაერიზმს, სადიზმს, მაზოხიზმს და აუტოეროტიულ ასფიქსიას.
სექსუალური ლტოლვის ობიექტზე მიმართული ანომალიური უპირატესობები
ამ ტიპის ანომალიების დროს, სექსუალური აგზნების მისაღწევად, მეორე მოზრდილი ადამიანის ნაცვლად, უპირატესობას „ობიექტებს“ ანიჭებენ. ასეთი „ობიექტი“ შეიძლება იყოს უსულო საგანი, როგორც ეს ხდება ფეტიშიზმის და ფეტიშური ტრანსვესტიზმის შემთხვევაში, ბავშვი (პედოფილია) ან ცხოველი (ზოოფილია). (ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში)
სინონიმი
პარაფილია