ექსჰიბიციონიზმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ექსჰიბიციონიზმი - (F65.2), (exhibitionism), სექსუალურ უპირატესობათა აშლილობა (პარაფილია), რომელიც გამოიხატება უცხო ხალხში (ჩვეულებრივ საპირისპირო სქესის წარმომადგენლებში) ასევე საზიგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გენიტალიების ჩვენების განმეორებითი ან მყარი ტენდენციებით, მაგრამ ასეთი ქმედებები არ ითვალისწინებს უფრო მჭიდრო კონტაქტში შესვლის შეთავაზებებს. ჩვეულებრივ, მაგრამ არა ყოველთვის, გაშიშვლებას თან სდევს სქესობრივი აღგზნება და შემდგომი მასტურბაცია.

ამ ქცევის მიზანი სექსუალური აგზნების მიღწევაა, მაგრამ ამ დროს არ შეინიშნება მეორე ადამიანთან სექსუალური კონტაქტის დამყარების მცდელობა. სიტყვა ექსჰიბიციონიზმი შემოღებულია ლასეგის მიერ (Lasègue E.Ch., 1877). ამ ტერმინის ტექნიკური მნიშვნელობა სრულიად განსხვავდება მისი ყოველდღიური მნიშვნელობისაგან, რომელიც საკუთარი თავის წარმოჩენას გულისხმობს.

სარჩევი

გავრცელება

გავრცელების სიხშირე არ არის ცნობილი. თითქმის ყველა ექსჰიბიციონისტი მამაკაცია. ძალიან ცოტა ქალი იშიშვლებს მუდმივად სხვის წინაშე მკერდს და კიდევ უფრო ნაკლები - გენიტალიებს.

აღწერა

იმ ექსჰიბიციონისტებს შორის, რომლებიც კლინიკურ პრაქტიკაში გვხვდება, ძირითადი ნაწილი 20-40 წლისაა და 2/3 დაქორწინებულია (Gayford, 1981). ზოგიერთთან ექსჰიბიციონიზმის სურვილი პერმანენტულია, სხვებთან კი ეპიზოდური. სხეულის ჩვენების აქტს, ჩვეულებრივ, წინ უძღვის დაძაბულობის ზრდის შეგრძნება. ექსჰიბიციონისტების დიდი ნაწილი ირჩევს ისეთ ადგილებს, საიდანაც გაქცევა ადვილია. ექსჰიბიციონისტი შეიძლება გამოვიდეს მოფარებული ადგილიდან და მეორე ადამიანის წინაშე პენისი გაიშიშვლოს ან მოულოდნელად გამოაჩინოს პენისი, რომელიც, მაგალითად, გაზეთის უკანაა დამალული. ზოგჯერ ექსჰიბიციონისტი სხვის წინაშე შიშველი ჩნდება.

ზოგიერთი მასტურბირებს მეორე ადამიანის წინაშე გაშიშვლებისას, ზოგი კი ამის შემდეგ. ექსჰიბიციონისტი ცდილობს მეორე ადამიანში ძლიერი ემოციური რეაქცია გამოიწვიოს. როგორიც არ უნდა იყოს მეორე ადამიანის რეაქცია, ის ექსჰიბიციონისტის მიერ სექსუალური ინტერესის გამოხატულებად აღიქმება, მიუხედავად იმისა, რომ, მეორე ადამიანში, ის ჩვეულებრივ, შოკის, შიშის ან სიცილის რეაქციას იწვევს. ასეთ დამახინჯებულ ინტერპრეტაციას თან ახლავს ინტენსიური აგზნება.

ზოგადად აღწერილია ექსჰიბიციონისტების ორი ჯგუფი. პირველში შედიან ინჰიბირებული ტემპერამენტის მქონე მამაკაცები, რომლებიც ებრძვიან თავიანთ იმპულსებს და დანაშაულის ძლიერ გრძნობას განიცდიან ექსჰიბიციონისტური აქტის შემდეგ. ისინი, ზოგჯერ, ახდენენ მოდუნებული პენისის დემონსტრაციას. მეორე ჯგუფში შედიან აგრესიული თვისებების მქონე მამაკაცები, რომლებსაც, ზოგჯერ, ანტისოციალური პიროვნული აშლილობის ნიშნები ახასიათებთ. ისინი, ჩვეულებრივ, ახდენენ ერექციის მდგომარეობაში მყოფი პენისის დემონსტრირებას მასტურბაციის პროცესში. მათ სიამოვნებას ანიჭებთ დისტრესი, რომელსაც მეორე ადამიანში იწვევენ და, ჩვეულებრივ, ნაკლებად ეუფლებათ დანაშაულის განცდა.

ბრიტანეთში, ექსჰიბიციონიზმის გამო სასამართლოს წინაშე წარდგენისას, მამაკაცს მსჯავრი ედება უხამს გაშიშვლებაში. ასეთი ბრალდების მქონე მამაკაცების ოთხი მეხუთედი ექსჰიბიციონისტია.

ეტიოლოგია

ექსჰიბიციონიზმის მიზეზი უცნობია. ფსიქოანალიტიკური თეორიების მიხედვით, ის დაკავშირებულია ოიდიპალური კონფლიქტის გადაჭრის უუნარობასთან ან ზოგად შებოჭილობასთან ქალთან ურთიერთობაში. თავის გავლენიან ნაშრომში, რიკლესი (Rickles, 1950) აღნიშნავს, რომ ზოგი ექსჰიბიციონისტი აღწერს ზედმეტად ახლო ურთიერთობას დედასთან და ცუდ ურთიერთობას უუნარო მამასთან, თუმცა ეს ინფორმაცია რეტროსპექტული ხასიათისაა და შესაძლოა არ შეესაბამებოდეს იმ რეალურ ვითარებას, რომელშიც გაიზარდა პაციენტი. გარდა ამისა, მრავალი მამაკაცი, რომელიც არ ჩამოყალიბდა ექსჰიბიციონისტად, აღწერს მსგავს ბავშობისდროინდელ გამოცდილებას.

ექსჰიბიციონიზმი, რომელიც თავს იჩენს საშუალო ან ხანდაზმულ ასაკში, ზოგჯერ დაკავშირებულია თავის ტვინის ორგანულ დაავადებასთან ან ალკოჰოლიზმთან. ადვილი შესაძლებელია, რომ ექსჰიბიციონისტური იმპულსების ეფექტური კონტროლი შემდგომში სუსტდება თავის ტვინის დაავადების ან ალკოჰოლიზმის გამო.

პროგნოზი

არ მოიძებნება მკურნალობის შემდგომი დაკვირვებით მიღებული ინფორმაცია. მამაკაცები, რომლებიც მხოლოდ ერთხელ ახორციელებენ ექსჰიბიციონისტურ აქტს, არ კვალიფიცირდებიან, როგორც ექსჰიბიციონისტები. რაც შეეხება ექსჰიბიციონისტებად კვალიფიცირებულ მამაკაცებს, კლინიკური გამოცდილება სხვადასხვა სახის გამოსავალზე მიუთითებს. თუ მამაკაცი განმეორებით ახორციელებს ექსჰიბიციონისტურ აქტს მხოლოდ სტრესის მდგომარეობაში ყოფნის დროს, პროგნოზი დამოკიდებული იქნება სტრესორის ხელახალი აღმოცენების ალბათობაზე. თუ მამაკაცი ხშირად ახორციელებს ექსჰიბიციონისტურ აქტს არა მხოლოდ სტრესის მდგომარეობაში ყოფნისას, ალბათ ის მრავალი წლის მანძილზე განახორციელებს ამ ქცევას ფსიქიატრიული მკურნალობისა და სასამართლო სანქციების მიუხედავად. სასამართლოდან მიღებული მონაცემებით, ხელახალი მსჯავრდების სიხშირე უხამსი გაშიშვლების გამო დაბალია პირველი მსჯავრდების შემდეგ, მაგრამ მაღალია მეორე მსჯავრდების შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მამაკაცი, რომელიც ახორციელებს გაუპატიურებას, ექსჰიბიციონისტიცაა, როგორც ჩანს, ექსჰიბიციონისტების უმეტესობა არ ახორციელებს ძალადობრივ სექსუალურ აქტს და არ იჩენს ინტერესს ბავშვების მიმართ (Rooth, 1973).

მკურნალობა

ფსიქიატრმა უნდა გამოავლინოს და უმკურნალოს ნებიმისმიერ ასოცირებულ ფსიქიკურ აშლილობას (დეპრესიული აშლილობა, ალკოჰოლიზმი ან დემენცია). კონკრეტულად ექსჰიბიციონიზმის სამკურნალოდ მრავალი სახის მკურნალობა ყოფილა გამოყენებული, ფსიქოანალიზის, ინდივიდუალური და ჯგუფური ფსიქოთერაპიის და ფარული სენსიტიზაციის ჩათვლით. არ არსებობს სარწმუნო მტკიცებულება ამ მეთოდების ეფექტურობის შესახებ. პრაქტიკაში იყენებენ კონსულტაციისა და ბიჰევიორული ტექნიკის კომბინაციას. კონსულტაცია მიმართულია ექსჰიბიციონისტური ქცევისა და პირადი ურთიერთობების პრობლემებზე. ბიჰევიორული ტექნიკის გამოყენებისას მიმართავენ თვითმონიტორინგს იმ ვითარებების იდენტიფიკაციისთვის, რომლებიც ბიძგს აძლევს ექსჰიბიციონისტურ ქცევას და ეხმარება პიროვნებას ასეთი ქცევის თავიდან აცილებაში. სექსუალური დრაივის შესასუსტებლად ნაცადი იყო ციპროტერონის აცეტატის და მასთან დაკავშირებული წამლების გამოყენება, მაგრამ ეს მედიკამენტები არ არის რეკომენდებული, რადგან კარგად არ არის ცნობილი მათი ეფექტი; გარდა ამისა, მათი ხანგრძლივი გამოყენებისას აღინიშნება გინეკომასტია და დეპრესია.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები