ფიფია ნონა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნონა ფიფია

ფიფია ნონა − (1960), პოეტი. დაიბადა წალენჯიხაში. დაამთავრა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტი. მუშაობდა სკოლის დირექტორად, სასწავლო ნაწილის გამგედ. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელად მიქავას მე-2 საჯარო სკოლაში. გამოცემული აქვს ლექსების ორი კრებული: ,„იების ცრემლი“ (2015) და „სანამ ამ ფოთლებს წაიღებს ქარი“ (2016). პერიოდულად იბეჭდება ლიტერატურულ პრესაში.


მარადიული სევდა მამულის
წითელ წაღებს რომ ართმევდნენ წათეს,
სიმწრისგან გლეჯდნენ ცხენები აღვირს,
ცხრა ძმა მიწაში იწვა, მეათეს
ყელში უჭერდა არტახი აკვნის.
მკერდზე ჩინ-მედლებს ჰკიდებდნენ მავანს,
რისხვით გრგვინავდნენ კედლები ციხის,
მაინც დუმილი ვარჩიეთ დავას
გულში ფარულად ჩავირტყით მჯიღი.
ასე დავკარგეთ ყარსი და ტაო,
არც ცხუმი შეგვრჩა ოდენ იოტის...
შენ კი სულ ასე იყავი, ცაო, −
დაგვყურებდი და არას ჩიოდი.
მაინც სულ შენკენ ვიშვერდით ხელებს
და შემკრთალ სუნთქვას ვიხშობთ ძალით,
ვერ იქნა, ვეღარ ამოვახველეთ
ყელს მობჯენილი ბოღმა და შხამი.
დრო ხარკს იხდიდა, ტკივილებს ჩამხმარს
სულში ტვიფრავდა ასომთავრულით,
სამარადისო გვაჩნია დამღა:
მარადიული სევდა მამულის.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები