ფოლკლორული ტექსტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფოლკლორული ტექსტი – მხატვრული ჩანაფიქრის დაფიქსირებული სიტყვიერი ფორმა, წერილობითი სახე. ფოლკლორული ტექსტი ხალხური შემოქმედების წერილობითი ფივქსაციაა, ის, რის წაკითხვა და უცვლელად შენახვა შეიძლება. ფოლკლორული ტექსტი მნიშვნელოვნად განსხვავდება ლიტერატურულისაგან, იგი უფრო რთული ფენომენია და მრავალმხრივ შესწავლას საჭიროებს. ფაქტიურად ფოლკლორული ტექსტი ზეპირია ან დაწერილი. პირველ შემთხვევაში ხალხური ნაწარმოები აღბეჭდილია მეხსიერებაში, ამა თუ იმ მთქმელ-შემსრულებლის გონებაში. ხალხური „ტექსტის წარმოსახვაში“ გონებაში ნაკლებად ემთხვევა იმ სახეს, რასაც იგი შესრულების, მსმენელებზე გადაცემის დროს მიიღებს. შესრულების პროცესი თვითონ არის შემოქმედებითი აქტი, სხვადასხვა ვითარებათაგან შეპირობებული. ოპტიმალურ პირობებში შემსრულებელი მთლიანად ამჟღავნებს თავის თავს, სრულყოფილად ქარგავს სიტყვას და ტრადიციული ნაწარმოების იდეურ ვარიანტს გვაწვდის. თუ ზეპირად წარმოთქმულ სიტყვათა ნაკადს იმავდროულად ჩავწერთ ხელით ან სხვა ტექნიკური საშუალებებით, – მივიღებთ ფიქსირებულ ტექსტს, რომელსაც ზუსტად ასეთი ფორმა მხოლოდ ამ შესრულების დროს ჰქონდა და არავითარი გარანტია არ არსებობს იმისა, რომ იგი კვლავ იქნება ამ სახით გამეორებული. მთელი რიგი ჟანრები, განსაკუთრებით მხატვრულ-მუსიკალური შესრულების ან ამგვარი ელემენტთა შემცვლელი ნაწარმოებები, ზეპირი ტექსტის მრავალრიცხოვან ვარიაციებს იძლევა. ზეპირი ტექსტი ხალხური ნაწარმოების შექმნისა და გადაცემის ტრადიციებითაა განსახღვრული. ამგვარი ტექსტი მეცნიერულ დაკვირვებას ნაკლებ ექვემდებარება, რადგან მისი არც წაკითხვა და არც დანახვა შეიძლება, მეხსიერებაზე აპელაცია კი მრავალ უხერხულობას ქმნის და ამის გამო ზეპირ ტექსტზე მსჯელობა მხოლოდ ფსიქოლოგიურ ასპექტში თუა შესაძლებელი, ყოველ შემთხვევაში მის კვლევას ფილოლოგიურ-ტექსტოლოგიურ ასპექტში არავინ მიმართავს. ამიტომ კულტურის ისტორიისათვის აუცილებელია ფიქსირებული ტექსტის შექმნა. ამ ამოცანას შემკრებლობითი ფოლკლორისტიკა ემსახურება.

ზეპირი სიტყვის ჩაწერა მყარ ტექსტს იძლევა, რომელსაც ჩაწერის ტექნიკის კვალობაზე სხვადასხვა ფორმა შეიძლება ჰქონდეს (ანბანური, ხმიერი). ფონოგრამის გაშიფვრის შემდეგ ტექსტის ანბანურ ან სანოტო ჩანაწერს ვიღებთ, რომელიც უკვე ხელშესახებ მასალას წარმოადგენს. არსებითად მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ხალხური ნაწარმოების სიტყვიერ მონაცემს ტექსტი ეწოდოს. ესაა, ასე ვთქვათ, ტექსტის პირველი სახე, ორიგინალი, რომელიც მხოლოდ ხელნაწერად არსებობს და არსად არ გამოქვეყნებულა. გამოცემის შემთხვევაში ტექსტოლოგი ორიგინალს სწავლობს მხატვრული, სიუჟეტური გრამატიკულ-სტილისტური თვალსაზრისით და თუ ამის აუცილებლობას დაინახავს გამოსაცემ ტექსტში შესწორებებიც შეაქვს (ცხადია თითოეული შემთხვევის აღნუსხვით). დაბეჭდილი ტექსტი ორიგინალისაგან ცოტად თუ ბევრად განსხვავებულია. ამიტომ გამოვყოფთ ორიგინალისა და დაბეჭდილი ტექსტის ცნებებს. გამოცემული ტექსტი და ორიგინალი აბსოლუტურად იდენტური არასოდეს არაა.

წერილობითი ტექსტი აღვილად შეიძლება ზეპირ მოვლენად იქცეს და პირიქით, ზეპირი – წერილობით ფორმაში მოექცეს. დაბეჭდილი ტექსტი მხოლოდ საკითხავი მასალა როდია, იგი ხშირად საჯარო გადმოცემის საგანს წარმოადგენს. თავისი მხრით, შესრულება არასოდეს არაა პასიური აქტი. მთქმელ-მომღერალი, სიტყვით თუ მუსიკით შემსრულებელი ინდივიდი, ყოველთვის ახდენს „კანონიკურ“ ფორმაზე ერთგვარ გავლენას, რაღაცას ცვლის – უმატებს ან აკლებს, ემოციურობას აძლიერებს ან ანელებს, გარემოს ახლობელს ან შორეულს ჰხდის. ხმით ან გრაფიკულად გამოხატული ტექსტი თავისებურ ჟღერადობას იძენს. შეგნებულად თუ ქვეცნობიერად იცვლება. მეათედ გამეორებული ნაწარმოები ძალიან ხშირად აღარ ჰგავს მის პირველ ბირთვს, ამოსავალ ორიგინალს, და ცხადია, პირველჩამფიქრებლის აზრი შეიძლება არც იყოს შენარჩუნებული. ზეპირი ტექსტი მხოლოდ მოსმენის მომენტში არსებობს, მერე კი უჩინარდება. ტექსტი აზრის გარეშე ფიქციაა ისე, როგორც ხალხის ყოველგვარი გამონათქვამი არ შეიძლება ფოლკლორულ მოვლენად მივიჩნიოთ. კონკრეტულ ტექსტზე ლაპარაკი მაშინ შეიძლება, როცა სიტყვიერი მასალა ფიქსირებულია დამწერლობის საშუალებებით. ფოლკლორული ტექსტი იკითხება ან იმღერება, დაწერილია ან დაბეჭდილი.

მ. ჩიქოვანი

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები