ფონოლოგია
ფონოლოგია – (< ბერძნ. pono – ბგერა და logos – სიტყვა, მოძღვრება), ენათმეცნიერების დარგი, რომელიც შეისწავლის ბგერით მხარეს ენობრივი ფუნქციონირების თვალსაზრისით. ამ მნიშვნელობით ტერმინის „ფონოლოგიის“ ხმარების ტრადიცია მოდის პრაღის ფონოლოგიური სკოლიდან.
ფონეტიკასთან შედარებით, ფონოლოგია ახალი დარგია. მის განვითარებას, ჩვეულებრივ, სტრუქტურული ლინგვისტიკის განვითარებას უკავშირებენ. მაგრამ ფონოლოგიის, ისევე როგორც საერთოდ სტრუქტურული ლინგვისტიკის, ჩამოყალიბებას წინ უძღოდა ლინგვისტური და ფონეტიკური კვლევის ხანგრძლივი პრაქტიკა.
ფონოლოგია არ ჩამოყალიბებულა როგორც ერთიანი მოძღვრება. იგი არსებობს განსხვავებული მიმდინარეობების, თეორიების სახით, რომლითაც ფონემისა და ფონოლოგიური საკითხების სხვადასხვაგვარი გაგება უდევთ საფუძვლად. მაგრამ მათ აერთიანებთ ბგერითი ფაქტებისადმი საერთო მიდგომა და ამდენად, შეიძლება საუბარი ფონოლოგიური ეტაპის შესახებ ლინგვისტური კვლევის თეორიასა და პრაქტიკაში. ფონოლოგიას აინტერესებს ბგერა არა როგორც მხოლოდ ფიზიკურ-ფიზიოლოგიური მოვლენა, არამედ, პირველ რიგში, როგორც იმ რთული ფუნქციონალური მექანიზმის ელემენტი, როგორადაც გვევლინება ენა. თუ რას ემყარებოდა ეს ახალი დისციპლინა, როგორია მისი მეთოდოლოგიური წანამძღვრები და ა. შ. ენათმეცნიერებამ ფაქტობრივად ამაზე პასუხი გასცა ფონემის ცნების შემოტანით.
ფონემის ცნებამ ფართო გავრცელება პოვა ენათმეცნიერებაში, მაგრამ პასუხი კითხვაზე – რა არის ფონემა, ერთგვაროვანი არ არის, მიუხედავად ამისა, განსხვავებულ ფონოლოგიურ მიმდინარეობებს მაინც აქვთ საერთო. რომლის საფუძველზედაც შესაძლებელი ხდება ვილაპარაკოთ ფონოლოგიურ ეტაპზე ლინგვისტური კვლევის თეორიასა და პრაქტიკაში. სახელდობრ, ფონემის ყველა ძირითადი კონცეფცია ემყარება დებულებას, რომ ფონემა არ არის ბგერა. ფონემები ბგერებისა და ბგერითი მიმართულებების ლინგვისტური თვალსაზრისით განხილვის შედეგად დადგენილი ერთეულებია, იმის მიხედვით, თუ რა მიზანს ისახავს სათანადო კვლევა, როგორია ის ზოგადი წანამძღვრები, რომელთა შესაბამისადაც ხდება ამ ამოცანის დასმა. მათი გადაწყვეტა და ა. შ., განსხვავებულია ფონემის გაგებაც სხვადასხვა თეორიაშიც. ეს თეორიებია: მენტალისტური (ფსიქოლოგიური) – ფონემა გაგებულია როგორც ბგერის შესაბამისი რაიმე სახის ფსიქიკური რეალობა; ფიზიკური – ფონემა გაგებულია როგორც ბგერითი ტიპი, ბგერითი ნორმა ან ბგერათა ჯგუფი; მორფემატული – ფონემა გაგებულია როგორც ერთი და იმავე მორფემის შემადგენელი მინიმალური განმასხვავებელი ერთეული; ფუნქციონალური – ფონემა გაგებულია როგორც დისტინქციური ოპოზიციის წევრი, დიფერენციულ ნიშანთა ერთობლიობა: ფიქციის (მიკრო- და მაკრო ფონემების) – ფონემა გაგებულია როგორც ევრისტიკული, ანუ პრაგმატული ფიქცია, შემოტანილი ენაში არსებული ფონოლოგიური მიმართებების აღსაწერად; გლოსემატური – ფონემა გაგებულია როგორც აბსტრაქტულ მიმართებათა სისტემის ელემენტის ფონეტიკური რეალიზაცია.
ლინგვისტური (ფუნქციონალური) პროცედურები, რომლებიც გამოყენებულია ფონოლოგიურ კვლევაში, არის გაბმული სამეტყველო ნაკადის სეგმენტაცია და ბგერათა ფონემური იდენტიფიკაცია. მაგრამ კვლევის პრაქტიკამ ცხადყო, რომ ამ მეთოდების გამოყენება ფაქტობრივად ემყარება ენის მატარებელთა (ან მკვლევართა) ფონემურ ინტუიციას.
აღნიშნული ფაქტი ენათმეცნიერებაში საყოველთაოდ აღიარებულია, მაგრამ განსხვავებული აღმოჩნდა მის მიმართ დამოკიდებულება. საკითხი ეხება იმას, დარჩეს ეს ფაქტი პრეფონემური ანალიზის დონეზე, თუ ექსპლიციტურადაც აისახოს ფონოლოგიური, კვლევის თეორიასა და პრაქტიკაში. პასუხი ენათმეცნიერების განვითარების თანამედროვე დონეზე მარტივი ჩანს. რამდენადღაც ენის შესწავლა ნიშნავს მისი, როგორც მოქმედი ფუნქციური სისტემის შესწავლას, ამ თვალსაზრისით ენათმეცნიერებისათვის მნიშვნელოვანია ყველაფერი, რაც ამ ფუნქციონირებას ემსახურება. საჭიროა, რომ ენათმეცნიერული მეთოდებიც ადეკვატურად ასახავდეს საკვლევ ობიექტს.
ფონოლოგიურმა კვლევამ უდიდესი როლი შეასრულა ენათმეცნიერებაში სტრუქტურული თვალსაზრისის დამკვიდრებაში, მაგრამ, თუ ერთი მხრივ, ფონოლოგია ვითარდებოდა ზოგადლინგვისტურ თეორიებთან მიმართებით, მეორე მხრივ, იგი მჭიდროდ არის დაკავშირებული ფონეტიკასთან. ეს ორი დარგი არა მხოლოდ ამდიდრებდა ერთმანეთს პრობლემატიკით, არამედ განსაზღვრავდა ერთმანეთის განვითარებას. სწორედ ამან შეამზადა ნიადაგი ფონეტიკისა და ფონოლოგიის გაერთიანებისათვის ბგერითი მხარის შესასწავლად ერთ ლინგვისტურ, ფუნქციურ მეცნიერებად.
ი. ქობალავა
ლიტერატურა
- ახვლედიანი გ. ზოგადი ფონეტიკის საფუძვლები, თბ. 1949;
- შარაძენიძე თ. ენის ფონოლოგიური სისტემის აღწერა ზ. ჰარისის მიხედვით. – „თანამედროვე და ზოგადი მათემატიკური ენათმეცნიერების საკითხები“, I თბ.1966.