ფორთოხალი პარსონ ბრაუნი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფორთოხალი პარსონ ბრაუნი - ეკუთვნის ესპანურ ჯგუფს; ეს ჯიში წარმოდგენილია დიდი და მძლავრი ხეებით, რუხი-ნაცრისფერი ქერქიანი ტანით (შტამბით). მთავარი ტოტები ძლიერ აშვერილი აქვს, ვარჯი ბლაგვი კონუსის ან სფეროსებრი მოყვანილობისაა, დატოტვა სქელი აქვს, უხვად შეფოთლილია ოვალური და საშუალოზე დიდი ფოთლებით. ყუნწი საშუალო სიდიდისაა, ვიწროფრთიანი.

ნაყოფი საშუალოზე დიდია, ბურთისებრი მოყვანილობისა, ზოგჯერ წაგრძელებული. ნაყოფის სიმაღლე 7–8 სმ., დიამეტრი 6–7 სმ. კანი ყვითელი ან ნარინჯისფერია, მეტად ლამაზი გარეგნობის და თითქმის გლუვი ზედაპირით. წვერი ჩამჯდარი ბრტყელი მუქწინწკლებიანია, ფუძე მომრგვალებულია.

ჯამი ოდნავ ბორცვიანია, კანის სისქე 3–4 მილიმეტრია, მოყვითალო; კანი რბილს ადვილად ეცლება, აღნაგობა მკვრივია, რბილობი 11–14 თანასწორსეგმენტიანია, მათი ურთიერთშებმულობა საშუალო ან სუსტია, საწვნე უჯრედები თითისტარისებრია, ხორცი ყვითელია, საამო მომჟავო სიტკბოსი, გულის ღერძი ამოვსებულია. აპკი თხელი და ნაზია.

თესლი ნაყოფში საშუალო რაოდენობით (10–15) გვხვდება. იგი ჩვეულებრივ ბრტყელი და ცვალებადი გარეგნობისაა: სამკუთხა, მოგრძო, ნისკარტიანი, ბლაგვწვერიანი. თესლის შიგასაფარი ყავისფერია, ქალაძასთან ვარდისფერი. ლებანი რამდენადმე თეთრია; ლებნებს შორის მოთავსებულია არათანაბარი რამდენიმე ჩანასახი.

ეს ჯიში შედარებით ადრეულაა. მისი დიდი ღირსებაა ნაყოფის საკმაო სიტკბო დამწიფებამდე და ზოგჯერ შეყვითლებამდეც კი. დიდი მოსავლიანობის და კარგი ტრანსპორტაბელობის გამო ამ ჯიშს, როგორც ადრეულას, ჩვენში დიდი მომავალი აქვს.

დანარჩენი ესპანური ჯიშებიდან ჩვენში აქა-იქ გავრცელებულია „ოლდ-ვინი“, „ნონპარაილ“ და სხვა, მაგრამ ისინი ჩვენი პირობებისათვის ნაკლებად შესაფერნი არიან.


წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები