ფოცხიშვილი მორის
ფოცხიშვილი მორის − (1930 − 1997) ქართველი პოეტი. დაიბადა თბილისში. 1954 წელს დაამთავრა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი, ჟურნალისტიკის განყოფილება. 1959-1965 წლებში მუშაობდა გამომცემლობა „ლიტერატურა და ხელოვნებაში“. 1979-1982 წლებში იყო ჟურნალ „ცისკრის“ რედაქტორი, 1983-1987 წლებში − გამომცემლობა „ნაკადულის“ დირექტორი. 1987 წლიდან მუშაობდა წიგნის პალატის დირექტორად.
პირველი ლექსები 1950 წელს გამოაქვეყნა. პირველი პოეტური კრებული „ალუბლები წვიმაში“ − 1957 წელს. ამას მოჰყვა მისი შემოქმედებისათვის მნიშვნელოვანი კრებულები: „ხმა“ (1966), „რწმენა“ (1970), „შენითა“ (1983), „შენ სიყვარულო, შენ“ (1991), „სანთელ-საკმევლისა“ (1998) და მრავალი სხვა კრებული თუ ერთტომეული. მორის ფოცხიშვილი ეწეოდა მთარგმნელობით მუშაობასაც. მან თარგმნა ესენინის, ტიხონოვის, პასტერნაკის, ვოზნესენსკის, ევტუშენკოსა და სხვათა ნაწარმოებები, უკრაინელ, ბელორუს და მოლდაველ პოეტთა ლექსები. არის ბევრი პოპულარული სიმღერის ტექსტის ავტორი.
- ორი გოგონა მიყვარდა
- ორი გოგონა მიყვარდა −
- ხან ისა მწვავდა, ხან ესა...
- ერთი წყალგაღმა ცხოვრობდა,
- ერთი გამოღმა მხარესა.
- ერთ დღეს წამწამებს ვფიცავდი,
- ერთ დღეს ჟუჟუნა თვალებსა...
- ორი გოგონა მიყვარდა −
- ხან ისა მწვავდა, ხან ესა.
- რა ესმათ ჩემი ავ-კარგი
- და ეშმაკობა რა ესმათ,
- ორივე ერთად დავკარგე,
- ორივე ერთად გამექცა...
- ერთგან შუადღეს ვიარე,
- ერთგანაც შუაღამესა,
- ორივე უბრად მხვდებოდა −
- ხან ის მდუღრავდა, ხან ესა.
- ახლა ცალ-ცალად დავდივართ,
- ავდარია თუ დარია −
- ორი გოგონა მიყვარდა,
- ჰოდა, რა ჩემი ბრალია?!