სოდი ფრედერიკ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ფრედერიკ სოდი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფრედერიკ სოდი

ფრედერიკ სოდი – (ინგლ. Frederick Soddy, 1877 - 1956), გამოჩენილი ინგლისელი მეცნიერი, რადიოქიმიის დარგის სპეციალისტი, ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი.

1896 წელს დაამთავრა ოქსფორდის უნივერსიტეტი. 1900-დან 1902 წლამდე მუშაობდა მონრეალის უნივერსიტეტში, ე. რეზერფორდის ხელმძღვანელობით, 1903-1904 წლებში ლონდონის უნივერსიტეტში რამზაის ხელმძღვანელობით. ათი წლის განმავლობაში (1904-დან 1914-მდე) ასწავლიდა ჯერ გლაზგოს, შემდეგ კი ოქსფორდის უნივერსიტეტებში.

სოდიმ რეზერფორდთან ერთად 1903 წელს მოგვცა რადიაქტიური დაშლის თეორია, რომლის თანახმადაც რადიოაქტივობა წარმოადგენს ელემენტების თავისთავადი გარდაქმნის შედეგს. ეს თეორია გახდა თანამედროვე ატომისა და ატომური ენერგიის სწავლების განვითარების საწყისი.

რეზერფორდისა და სოდის მიერ აღმოჩენილი იქნა რადიოაქტიური დაშლის კანონი. რადიოაქტიური დაშლისას ელემენტების გარდაქმნა დამტკიცებული იქნა სოდისა და რამზაის მიერ, მათ მიიღეს რადიუმის ემანაციიდან ჰელიუმი. სოდიმ, ამას გარდა, ექსპერიმენტულად დაამტკიცა (1915 წ), რომ რადიუმი ურანიდან მიიღება. ურანისა და თორიუმის გარდაქმნის უამრავი რადიოაქტიური პროდუქტების მენდელეევის პერიოდულ სისტემაში განლაგების ცდამ სოდი მიიყვანა იზოტოპების ცნებამდე.

ბირთვულ ფიზიკაში შრომებისა და აღმოჩენებისათვის სოდის 1921 წელს ნობელის პრემია მიენიჭა.

მეცნიერების ისტორიაში იგი შევიდა, როგორც ბირთვული ფიზიკის ერთ-ერთი მთავარი შემქმნელი. მისი სახელი ეწოდა წანაცვლების წესს, რომელიც განსაზღვრავს ბუნებრივი რადიოაქტიური გარდაქმნის შედეგად წარმოქმნილი ქიმიური ელემენტის გვარობას, აგრეთვე მინერალ სოდიტს.


წყარო

დიდი ფიზიკოსები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები