ფრთაწითელა
ფრთაწითელა – Scardinius erathrophthalmus (Linne) 1758
ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
ოჯახი: კობრისებრნი
გვარი: ფრთაწითლები
კობრისებრთა ოჯახის მტკნარი წყლის თევზის სახეობა. ლაყუჩთა ჩხირები 11-12-ია. სხეული გვერდებზე შებრტყელებულია; ზომიერი სიმაღლისაა. სხეულის სიმაღლე 2,7-3,2-ჯერ თავსდება სხეულის სიგრძეში (კუდის გარეშე). თავი პატარა ზომისაა; მისი სიგრძე სხეულის სიმაღლეზე თვალსაჩინოდ ნაკლებია. თავის სიმაღლე კეფის არეში მის სისქეზე შესამჩნევად მეტია. პირი წინაა და ზემოთ მიმართული; მისი წვერო თვალის ზედა მესამედის დონეზეა. ზედა ყბა რამდენადმე წინაა გამოშვერილი. ზურგი კეფის უკან მძაფრად მაღლა იწევს და ზურგის ფარფლის წინ გვერდებიდან შებრტყელებულია. გვერდითი ხაზი მუცელთან უფრო ახლოს გაყვება, ვიდრე ზურგთან. ზურგის ფარფლი მოკვეთილი, ან ოდნავ ამოკვეთილია. მისი უდიდესი სიმაღლე უმცირეს სიმაღლეს 2 3/4-3-ჯერ აღემატება; ის საკმაო შორი მანძილითაა უკან გადაწეული სხეულის უკანა განყოფილებაში და, როგორც წესი, მასში 8, იშვიათად 9, გამონაკლისის სახით 10 დატოტვილი სხივია. ანალური ფარფლი ოდნავ ამოკვეთილია, ან თითქმის მოკვეთილია; მასში უფრო ხშირად 11, იშვიათად 10, გამონაკლისის სახით – 9 და 12 დატოტვილი სხივია. კუდის ფარფლი ძლიერ ამოკვეთილია და წამახვილებული ლაპოტები აქვს. მკერდის ფარფლები ოდნავ ვერ აღწევენ (სწვდებიან) მუცლის ფარფლებს.
შეფერილობა მეტად ღიაა, განსაკუთრებით ტოფობის დროს. წყვილი ფარფლები ანალური და კუდის ფარფლები ღია წითელია, ზურგის ფარფლი ქვემოთ მოშავოა, ზემოთ წითელი. თვალები ნარინჯისფერია ზემოთ წითელი ლაქით. თითოეული ქერცლის თავისუფალი ნაწილის ძირში ხშირად მუქი პიგმენტური წინწკლებია. შეფერილობის მკაფიობა სხვადასხვა ხარისხისაა და საერთოდ ცვალებადია. ზოგჯერ ისეთი ეგზემპლარებიც კი გვხვდებიან, რომლებსაც წითელი ფარფლების ნაცვლად მკრთალი აქვთ. ახალგაზრდა ფრთაწითელები არც ისე მკაფიოდ (მკვეთრად) არიან შეფერილი, როგორც ზრდადასრულებული ფორმები. ტოფობის დროს სქესობრივად მომწიფებულ მამლებს თავზე და სხეულზე ბორცვაკები უჩნდებათ.
ფრთაწითელა სიგრძით 200-250 მილიმეტრს, იშვიათად 300 მილიმეტრამდე, გამონაკლისის სახით 360 მილიმეტრამდეც აღწევს. იწონის 100-300, ზოგჯერ 400 გრამს.
გავრცელება
ფრთაწითელა გავრცელებულია ევროპაში, მცირე აზიაში, კავკასიაში, კასპიის ზღვის სამხრეთ სანაპიროებში, არალის ზღვის აუზში, ბალტიის ზღვაში და მრავალ ტბაში. აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში მდ. მტკვრისა და არეზის ქვედა წელში გვხვდება. საქართველოს ფარგლებში გავრცელებულია ტბებში ბათუმთან (ნურიის ტბა და ტბები ჭოროხის შესართავთან), პალიასტომისა და ბებესირის ტბებში.
ფრთაწითელა ადგილსამყოფლად წყნარ და ნელად მიმდინარე წყალს ირჩევს. ბინადრობს ტბებში, ყურეებში.
ბიოლოგია და სარეწაო მნიშვნელობა.
მკვიდრი მტკნარი წყლის თევზია. ტოფობდა საშუალოდ აპრილიდან მაისამდე გრძელდება. ქვირითს ყრის წყლის მცენარეებზე დუმფარაზე, ისლზე და შამბზე 0,5-1 მეტრის სიღრმეზე, წყლის ტემპერატურა 17,59-დან 22°-მდე. ქვირითი მწებავია. მომწიფებული კვერცხის დიამეტრი, 1,7 მილიმეტრია. ის მოყვითალო ფერისაა, პლაზმა კი გამჭვირვალეა. სამნახევარი დღე-ღამის შემდეგ კვერცხიდან ლარვა იჩეკება.
ნაყოფიერება 96-232 ათასს, საშუალოდ 158 ათას ქვირითს აღწევს. სქესობრივად მესამე წელს მწიფდება. 3 წლის ასაკის ფრთაწითელას ბებესირის ტბიდან, სიგრძე 136 მმ, წონა 30,3 გ. საკვები შერეული ხასიათისაა, უმთავრესდ ფიტოპლანქტონით იკვებება. ცხოველური საკვებიდან იჭერს ჭიებს, პატარა ულვაშდატოტვილ კიბოებს, ღორტავებს და მწერების ჭუპრებს, მოლუსკებს, ლიფსიტებს.
სარეწაო მნიშვნელობა ნაკლებია. ფრთაწითელას ხორცი მჭლე და ძვლიანია. საქართველოში სარეწაო მნიშვნელობა თითქმის არა აქვს.