ფრიდრიხ I ბარბაროსა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფრიდრიხ I ბარბაროსა

ფრიდრიხ I ბარბაროსა – (გერმ. Friedrich I Rotbart; 1122 დასასრული — 10 ივლისი 1190), 1152 გერმანიის მეფე; 1155 – იმპერატორი. მეტსახელი „ბარბაროსა“ მან მიიღო იტალიაში ჟღალი წვერის გამო (იტალ. barba, „წვერი“, და rossa, „ჟღალი“). ეკუთვნოდა შტაუფენების ანუ ჰოენშტაუფენების დინასტიას.

1125 გერმანიაში არსებობა შეწყვიტა ფრასკონიულმა დინასტიამ და ქვეყანაში პირველობის მოსაპოვებლად ერთმანეთს დაუპირისპირდა რამდენიმე გავლენიანი საგვარეულო. 1138 გერმანელმა მთავრებმა მეფედ აირჩიეს კონრად შტაუფენი. ასე მოვიდა საღვთო რომის იმპერიის სათავეში შტაუფენების დინასტია. კონრად III-ის გარდაცვალების შემდეგ ტახტი დაიკავა მისმა ძმისშვილმა ფრიდრიხ I-მა, ახალმა იმპერატორმა პირველ რიგში დიდი ყურადღება დაუთმო სამეფო ხელისუფლების განმტკიცებას. ლენის გადამხდელებისაგან მოითხოვდა სამხედრო სამსახურს, აქუცმაცებდა მთავრების ლენებს. მინისტერიალებზე დაყრდნობით ცდილობდა სამხრეთ-დასავლეთ გერმანიაში მთელი სამეფო დომენის შექმნას. აქტიურად იბრძოდა იტალიაში გასაბატონებლად, მან ხუთჯერ ილაშქრა აპენინის ნახევარკუნძულზე (1154-55, 1158-62, 1163-64, 1166-68, 1174-78). დასაწყისში მისი მიზანი იყო, შემოემტკიცებინა სამხრეთ იტალიის ქალაქები და აეღო რომი, რათა კურთხეულიყო იმპერატორად.

1143 რომს მართავდა მოქალაქეთა მიერ არჩეული 56-კაციანი სენატი, პაპი ქალაქიდან იყო გაქცეული. ფრიდრიხ I-მა რომი აიღო, პაპი უკან დააბრუნა და 1155 იმპერატორად ეკურთხა. მაგრამ გერმანელ რაინდთა აღვირახსნილმა საქციელმა გაამძვინვარა რომაელები და ფრიდრიხ I-ის ჯარები ქალაქიდან განდევნეს. ცდილობდა, გაეუქმებინა ჩრდილოეთ იტალიის ქალაქების დამოუკიდებლობა და იქ თავისი მოხელეები დაენიშნა, ამისათვის საგანგებო სეიმიც კი მოიწვია 1158. იტალიის ქალაქები აღაშფოთა იმპერატორის ამ გადაწყვეტილებამ და მათ ფარული თუ აშკარა ბრძოლა დაუწყეს მას. ამის საპასუხოდ ფრიდრიხ I-მა დამსჯელი ექსპედიცია მოაწყო ჩრდილოეთ იტალიაში, 1162 დიდი ხნის გარემოცვის შემდეგ მან აიღო მილანი, რომელსაც გამოუტანა სასტიკი განაჩენი: ქალაქი უნდა დანგრეულიყო და გადახნულიყო. ამგვარმა სისასტიკემ აღაშფოთა იტალიელები, მით უფრო მძლავრი მოძრაობა დაიწყეს გერმანელების წინააღმდეგ. ამ მოძრაობას 1159 სათავეში ჩაედგა პაპი ალექსანდრე III. 1167 კი შეიქმნა ლომბარდიის ლიგა. რომელიც წარმოადგენდა ჩრდილოეთ იტალიის ტალატების ლიგას.

1174 ფრიდრიხ I-მა დაიწყო სასტიკი ბრძოლა ლომბარდიის ლიგის წინააღმდეგ. მაგრამ 1176 ლენიანოსთან ბრძოლაში დამარცხდა. 1177 გაფორმდა ხელშეკრულება იმპერატორსა და ლომბარდიის ლიგას შორის. ფრიდრიხ I უარს ამბობდა თავისი წარმომადგენლების დანიშვნაზე. ქალაქების თავად უნდა აერჩიათ კონსულები, რომლებსაც იმპერატორი დაამტკიცებდა. ამასთანავე, ჩრდილოეთ იტალიის ქალაქები ვალდებულნი იყვნენ, დამხმარე ჯარი მიეწოდებინათ იმპერატორისათვის.

ფრიდრიხ I იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი მესამე ჯვაროსნული ლაშქრობისა (1189-1196), მაგრამ იგი დაიღუპა 1190 მცირე აზიაში. მას აქტიური ურთიერთობა ჰქონდა საქართველოს სამეფოსთანაც. ქართული წერილობითი წყაროების ცნობით, მისი ერთ-ერთი შვილი თამარის ხელსაც კი თხოულობდა.

წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები