ფსევდოლუსი (პლავტუსის კომედია)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„ფსევდოლუსი“ – ძველრომაელი დრამატურგის პლავტუსის კომედია.

გადმოცემის თანახმად, თავად პლავტუსს ყველაზე მეტად თავისი კომედიებიდან „ფსევდოლუსი“ მოსწონდა. პიესის სიუჟეტს, მოხერხებული მსახურის მიერ, თავისი სიხარბითა და დაუნდობლობით ცნობილი მონათმფლობელი მაჭანკლის, ბალიოს კლანჭებიდან, თავის ბატონ კალიდორუსის შეყვარებულის – ფენიკიუმის დახსნის ამბავი წარმოადგენს. ელინისტური და რომაული კომედიოგრაფიისთვის ესოდენ ჩვეული ამბის მომცველი კომედიის ჭეშმარიტ თვითმყოფადობას ბევრად განსაზღვრავს პიესის მთავარი გმირის, მსახურ ფსევდოლუსის სახე. სკეპტიციზმით, არტისტიზმით, ირონიითა და თვითირონიით აღსავსე ფსევდოლუსი არა მხოლოდ აღწევს დასახულ მიზანს, არამედ თავისი მოხერხებულობითა და გამომგონებლობით მოწინააღმდეგეებსაც კი მოხიბლავს. ფსევდოლუსი, სპექტაკლში გათამაშებული სპექტაკლის თავისებურ რეჟისორად ქცეული პერსონაჟი, თავისი ენაკვიმატობით ყველაფრის პაროდირების უნარითა და არტისტული ავანტიურიზმით, თითქოს ერთი მსახიობის თეატრის განსახიერებას წარმოადგენს; სადაც სხვადასხვა სახის, ფსიქო-სოციალური სტერეოტიპებისა და ქცევის ნორმების გაშარჟებას ახდენს, – იქნება ეს მკვეხარა მეომარი, თავისი წინაპრებით ბაქია დიდგვაროვანი თუ მელანქოლიას მიცემული შეყვარებული. ფსევდოლუსის ხიბლი თვითირონიის უნარშიც ვლინდება, რომლის დემონსტრირებასაც ის თვითკმაყოფილებისადმი საკუთარი მიდრეკილების პაროდირებით ახდენს. ენაკვიმატი, მხიარული და არტისტული ფსევდოლუსი ყოველივე პირქუშისა და დოგმატურად სერიოზულის მიუღებელი კარნავალური სტიქიის სილაღის განსახიერებად იქცევა. იმავდროულად, ფსევდოლუსის არტისტიზმი განყენებულ ხასიათს კი არ ატარებს, არამედ სავსებით კონკრეტული, ცხოვრებისეული პრობლემების გადაჭრას ემსახურება. ფსევდოლუსი თავისი ახალგაზრდა შეყვარებული ბატონის სასიყვარულო საქმეების მოგვარების მიზნით ახერხებს როგორც გამოცდილი და ფრთხილი უფროსი ბატონის, ასევე თავისი გაქნილობით ცნობილი მაჭანკლის გაცუცურაკებას. სიტუაციის კომიზმს ისიც ამძაფრებს, რომ ფსევდოლუსი წინასწარ აფრთხილებს თავის მოწინააღმდეგეებს, რომ მათ გაბრიყვებას აპირებს. კომედიის თითქმის დასაწყისშივე ფსევდოლუსი რომის სასამართლო პროცედურული ფორმების პაროდირებით, ერთ დღეში მაჭანკლის ხელიდან ქალის თავდახსნის საზეიმო ფიცს იძლევა; ყველა დამსწრის მხიარული გაფრთხილებით – რომ ამ დღეს არ ენდონ, ყველას კარნავალური თამაშის სტიქიასთან ზიარებისკენ მოუხმობს.

ფსევდოლუსის ძირითადი მოწინააღმდეგე, მაჭანკალი ბალიო, მისი საქმიანობისადმი გარემომცველთა მიერ გამოვლენილი ნეგატიური დამოკიდებულების მიუხედავად, – საბოლოოდ მაინც მხოლოდ ძალის, სიმდიდრის, გავლენის პატივისმცემელი და ნებისმიერი წარუმატებლობის აბუჩად ამგდები საზოგადოების ზნე-ჩვეულებების განსახიერებად იქცევა. მაჭანკალი ბალიო, ერთგვარი სიამოვნებითაც კი ეთანხმება მისი მისამართით ნათქვამ სალანძღავ სიტყვებს, რადგან ურჩევნია წარმატებული თაღლითი იყოს, ვიდრე პატიოსანი უიღბლო. როდესაც სიტყვის გამტეხს გარეწრად მოიხსენიებენ, გალანძღული ბალიო ჯიბეგაფხეკილ კეთილშობილებას მხიარული ენაკვიმატობით აბუჩად იგდებს, სალანძღავ სიტყვებს საკუთარი მოხერხებულობის დასტურად მიიჩნევს მხოლოდ, რაც საზოგადოებაში დამკვიდრებულ შეხედულებას ნაწილობრივ მაინც ეხმიანება. ფსევდოლუსი მაჭანკლის ცინიზმსა და გაიძვერობას მხიარულ ენაკვიმატობასა და მოხერხებულობას უპირისპირებს. ფსევდოლუსის ხასიათიც და ქცევაც იმ მარადიული სიბრძნის დასტურად გვევლინება, რომლის თანახმადაც, მართლაც – ხერხი სჯობია ღონესა, თუ კაცი მოიგონებსა. ფსევდოლუსის არტისტული ავანტიურიზმი და ირონია, უპირველესად, ფოიერვერკული ენაკვიმატობით გამორჩეულ, მისივე გამონათქვამების კასკადში ვლინდება. მისი სითავხედეც იმდენად მახვილგონივრულია, რომ მათაც კი ხიბლავს, ვისი მისამართითაც მჟღავნდება. როდესაც მოხუცი ბატონი სიმოსი ფსევდოლუსს დაემუქრება, რომ ვაჟიშვილის სასიყვარულო ამბების მოსაგვარებლად საჭირო თანხის მათთვის სესხებას არავის ურჩევს, ფსევდოლუსი ენაკვიმატად პასუხობს, რომ სანამ სიმოსი ცოცხალია, სხვისი გაცუცურაკების საჭიროებას ვერ ხედავს.

ფსევდოლუსი ონავრული თავდაჯერებულობით თან აფრთხილებს თავის ბატონს, რომ მის გაბრიყვებას აპირებს და, ამავდროულად, იმასაც დასძენს, რომ გაფრთხილება მაინც ვერ უშველის, – ვერ დაიხსნის მის ანკესზე წამოგებისგან. ფსევდოლუსის თავდაჯერებით განცვიფრებული სიმოსის მეგობარი, – სოლიდური ასაკის მიუხედავად, ძალზე ლიბერალური შეხედულებების, – ახალგაზრდების მიმართ მეტად ლოიალური კალიდორუსი, მოვლენათა შემდგომი განვითარებით დაინტერესებული, დაგეგმილ მგზავრობასაც კი დროებით გადადებს.

პიესის მანძილზე ფსევდოლუსი დროდადრო მაყურებელსაც მიმართავს სიტყვებით, რომ თავად ჯერ არც კი იცის, რას მოიმოქმედებს და არც ის იცის, რის საფუძველზეა ასეთი თავდაჯერებული. მართლაც, მიზნის მისაღწევად ყოველგვარი გეგმის არქონის მიუხედავად, გარემოებების თავის სასიკეთოდ გამოყენების უნარის ყოვლისშემძლეობაში რწმენით შთაგონებულს იღბალი სწყალობს.

მაია გოშაძე

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები