ფსიქიკური დაავადება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფსიქიკური დაავადება - ყოველდღიურ მეტყველებაში სიტყვა „დაავადება“ თავისუფლად გამოიყენება. ფსიქიატრიულ პრაქტიკაშიც ტერმინი „ფსიქიკური დაავადება“ ნაკლები სიზუსტით იხმარება და, ხშირად, „ფსიქიკური აშლილობის“ სინონიმს წარმოადგენს. ფსიქიკური დაავადების სწორად განსაზღვრა რთულია როგორც პრაქტიკული, ისე ფილოსოფიური თვალსაზრისით. რუტინულ კლინიკურ მუშაობაში ეს სირთულე ძირითადად მნიშვნელოვანია ეთიკურ და იურიდიულ საკითხებთან მიმართებაში (როგორიც, მაგ., იძულებითი ჰოსპიტალიზაციაა). სასამართლო ფსიქიატრიაში ფსიქიკური დაავადების იურიდიული განსაზღვრება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ საკითხებთან მიმართებაში, როგორებიცაა კრიმინალური პასუხისმგებლობა. ფსიქიკური დაავადების კონცეფციების განხილვა შემდეგ ავტორებთანაა მოცემული: Lazare, 1973; Kendell, 1975; Hafner, 1987; Clare, 1997.

ფსიქიკური დაავადების დღეს არსებული განსაზღვრებები არც დამაკმაყოფილებელია და არც საყოველთაოდ მიღებული. ერთ-ერთი მიდგომა შემდეგში მდგომარეობს: ზოგად მედიცინაში დგინდება დაავადების კონცეფცია და ხდება მისი იდენტიფიცირება ფსიქიკური დაავადების რომელიმე ანალოგთან. ზოგად მედიცინაში არსებობს განსაზღვრების ხუთი ტიპი:

  • ჯანმრთელობის არქონა ამ მიდგომას აქცენტი ჯანმრთელობაზე გადააქვს, მაგრამ ამით პრობლემა არ წყდება, რადგან თავად ჯანმრთელობის განსაზღვრება ბევრად რთულია. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ჯანმრთელობა განსაზღვრა, როგორც „სრული ფიზიკური, ფსიქიკური და სოციალური კეთილდღეობა და არა მხოლოდ დაავადების ან უძლურების არარსებობა“. ერთერთი კრიტიკოსის აზრით, „ვერც ერთი განსაზღვრება ვერ იქნება ამაზე უფრო ყოვლისმომცველი ან ამაზე უფრო უაზრო“ (Lewis, 1953). არსებობს კიდევ მრავალი სხვა განსაზღვრება, მაგრამ არც ერთი მათგანი არ არის დამაკმაყოფილებელი.
  • დაავადება არის ის, რასაც ექიმები მკურნალობენ. ამ განსაზღვრებას აქვს სიმარტივის ხიბლი, მაგრამ ის, რეალურად, ვერ იძლევა პრობლემის გადაწყვეტას. მიდგომას, რომლის თანახმად დაავადება არის ის, რისი მკურნალობაც ექიმებს შეუძლიათ, გარკვეულწილად მეტი ღირებულების მქონეა. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ როგორც კი შესაძლებელი ხდება ჯანმრთელობის ამა თუ იმ მდგომარეობის სამედიცინო მკურნალობა (მაგ., ალკოჰოლიზმის ან ჭარბწონიანობის), უფრო მეტადაა მოსალოდნელი, რომ ეს მდგომარეობა განიხილებოდეს, როგორც დაავადება (Campbell et al.,1979).
  • ბიოლოგიური ნაკლი. დაავადების, როგორც ბიოლოგიური ნაკლის განსაზღვრება, წარმოდგენილია სქედინგის მიერ და დაავადების ყველაზე უფრო რადიკალურ ბიოსამედიცინო კონცეფციას წარმოადგენს (Scadding, 1967). სქედინგი არ იძლევა ბიოლოგიური ნაკლის განსაზღვრებას, მაგრამ ფსიქიატრიაში ის გულისხმობსნაყოფიერების შემცირებას (რეპროდუქციული ჯანმრთელობა) და სიკვდილიანობის ზრდას. არსებობს კიდევ ერთი კონცეფცია, რომელიც დაავადებას განიხილავს, როგორც „ევოლუციურ ნაკლს„ (Wakefield, 1992).
  • პათოლოგიური პროცესი. ზოგიერთი რადიკალური თეორეტიკოსი (მაგ.,Szasz, 1960), გამოთქვამს მოსაზრებას, რომ დაავადება, როგორც ასეთი, შეიძლება განისაზღვროს მხოლოდ ფიზიკური პათოლოგიის ტერმინებში. რადგანაც უმეტესობა ფსიქიკური დაავადების შემთხვევაში არ აღინიშნება გამოკვეთილი ფიზიკური პათოლოგია, ამ თვალსაზრისით ისინი დაავადებებს არ წარმოადგენენ. ამ თეორიის ავტორი კიდევ უფრო შორს მიდის და ამტკიცებს, რომ, ფსიქიკური დაავადების უმეტესობა, არ წარმოადგენს ექიმების კომპეტენციას. ამგვარი მოსაზრება პათოლოგიის უკიდურესად ვიწრო გაგებას გულისხმობს. გარდა ამისა, ეს შეხედულება დაუსაბუთებელია და სრულიად შეუთავსებელია ინფორმაციასთან ფსიქიკური აშლილობების გენეტიკური და ნეირობიოლოგიური საფუძვლების შესახებ. ეს შეხედულება, აგრეთვე, არ ითვალისწინებს ამ დაავადებებთან დაკავშირებული ავადობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლებს.
  • ტანჯვის განცდა ამ მიდგომას პრაქტიკული ღირებულება გააჩნია, რადგან ის განსაზღვრავს იმ ადამიანთა ჯგუფს, რომელიც, ჩვეულებრივ, ექიმს მიმართავს. მისი ნაკლი იმაში მდგომარეობს, რომ ამ ტერმინის გამოყენება არ შეიძლება ყველას მიმართ, ვინც ჩვეულებრივ ავადმყოფად ითვლება. მაგ., მანიით დაავადებული პაციენტები შეიძლება თავს არაჩვეულებრივად კარგად გრძნობდნენ და არ განიცდიდნენ ტანჯვას, თუმცა ადამიანების უმეტესობა მათ ფსიქიკურად დაავადებულად მიიჩნევს.


წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები