ფსიქოდინამიკური ინტერპერსონალური თერაპია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფსიქოდინამიკური ინტერპერსონალური თერაპია - ხანმოკლე თერაპიის ეს ფორმა ჰობსონმა შეიმუშავა (Hobson, 1985). ის ინტერპერსონალური თერაპიის მსგავსია, მაგრამ აქ უფრო დიდი ყურადღება ეთმობა პაციენტისა და თერაპევტის ურთიერთობას, რომელიც ინტერპერსონალური პრობლემების გაგებისა და გადაჭრის საშუალებას წარმოადგენს. მეორეს მხრივ, სხვა სახის ფსიქოდინამიკური თერაპიისაგან განსხვავებით, გადატანის ფენომენის ინტერპრეტაციას ნაკლები ყურადღება ეთმობა. ფსიქოდინამიკურ ინტერპერსონალურ თერაპიას შემდეგი მნიშვნელოვანი მახასიათებლები გააჩნია:
- ითვლება, რომ არსებული პრობლემები აღმოცენდება ან მძიმდება დარღვეული ინტერპერსონალური ურთიერთობის გამო;
- თერაპევტი აქეზებს და მხარს უჭერს კლიენტს;
- თერაპევტი ცდილობს პაციენტის გაგებას მის გრძნობებში გარკვევით და პაციენტსა და თერაპევტს შორის არსებული ურთიერთობის მეშვეობით;
- თერაპევტი პაციენტთან მეტაფორების გამოყენებით ურთიერთობს;
- პაციენტის დისტრესი დაკავშირებულია სხვებთან ურთიერთობაში არსებულ კონკრეტულ პრობლემებთან;
- პაციენტი რეალურ სიტუაციებში მოსინჯავს პრობლემის გადაჭრის იმ ვარიანტს, რომელიც თერაპიულ სიტუაციში შეიმუშავა.