ფსიხაღე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფსიხაღე (ადიღ. Псыхэгъэ – „გოდება წყალზე“) – წყალში დამხრჩვალთა გვამების მოძიებისა და სულთა გამოწვევის ადიღური რიტუალი, რომელიც შემდეგი სახით სრულდებოდა: იკრიბებოდნენ წყალში დამხრჩვალის ნათესავები და მდინარისკენ მიემართებოდნენ. პროცესიას სათავეში ედგა კამილჲაფში (სალამურზე დამკვრელი), რომელიც ამ შემთხვევისთვის განკუთვნილ მელოდიას უკრავდა, დანარჩენები კი ხმის აყოლებითა და წაცეკვებით მიყვებოდნენ. ჩერქეზებს სწამდათ, რომ სალამური იმ ადგილზე „დაკარგავდა“ ხმოვანებას, სადაც დამხრჩვალის სხეული და სული იმყოფებოდა. პროცესია მდინარის გასწვრივ მანამდე მოძრაობდა, ვიდრე სასურველი შედეგი არ დადგებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში შეწყვეტდნენ დაკვრასა და სიმღერას და ტყისკენ გასწევდნენ. ტყეში შესული კამილჲაფში სალამურს კვლავ აახმიანებდა. ადიღების რწმენით, სალამურის ხმაზე „გზააბნეული სული“ პროცესიას უკან გამოჰყვებოდა და შინ „დაბრუნდებოდა“. იქ კი ტრადიციის შესაბამისი ქელეხი გაიმართებოდა.

ზემოაღნიშნულის პარალელურად, ჩერქეზებში მოქმედებდა სხვა ფრიად საინტერესო ჩვეულებაც. იმ შემთხვევაში თუ მიცვალებულის გვამს ვერ იპოვნიდნენ, მისი დაღუპვის სავარაუდო ადგილზე პირით აღმოსავლეთისკენ დასხდებოდნენ და ილოცებდნენ, შემდეგ ცალ მუხლს მოიყრიდნენ და მარჯვენა ხელის მოძრაობით სულის პითოსში (მცირე ზომის ქვევრში) „შეყვანის“ იმიტაციას ახდენდნენ (ქვევრი მარცხენა ხელით დახრილად ეკავათ). ქვევრის თავს ტყავს დააფარებდნენ და ღვედით მაგრად შემოუჭერდნენ. მიცვალებულის ოჯახში სრულდებოდა ტრადიციული დასაფლავების რიტუალი, რომელშიც გვამის ფუნქციას ქვევრი ასრულებდა.


ლიტერატურა

Хараева-Гвашева Ф. Ф. Мистицизм Тембра (к вопрсу мифологии музыкальных инструментов) // Этюды по истории и культуре адыгов. Вып. 2. Майкоп, 1999.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები