ფუნქციური ენურეზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფუნქციური ენურეზი - შარდის განმეორებადი შეუკავებლობაა ისეთ ასაკში, როდესაც ფიზიკურად ჯანმრთელ ბავშვს კონტროლის უნარი გამომუშავებული უნდა ჰქონდეს. ენურეზი შეიძლება აღინიშნებოდეს ღამე, ძილის დროს („საწოლის სისველე”) ან დღის საათებში („დღის სისველე”) ან დღეც და ღამეც. ბავშვების უმეტესობა შარდვის გაკონტროლებას 3 ან 4 წლის ასაკისთვის სწავლობს.

ღამის ენურეზი ძალიან დისტრესულია, განსაკუთრებით მაშინ, თუ ამას მშობლის გაბრაზება და ბავშვის დასჯა მოჰყვება. დისტრესს აძლიერებს მშობლების მიერ აკრძალვების დაწესება და უნებლიე შარდვის გამო ბავშვის არ გაშვება მეგობრებთან დროის გასატარებლად ან დასასვენებლად.

სარჩევი

ეპიდემიოლოგია

ღამის ენურეზის გავრცელების სიხშირე სხვადასხვა კვლევის მონაცემებით განსხვავებულია, რაც გამოყენებული შეფასების მეთოდზეა დამოკიდებული. დიდ ბრიტანეთში კვირაში ერთხელ ღამის ენურეზი 5 წლის ასაკის ბავშვების 10%-ს, 8 წლის ასაკის 4%-ს, ხოლო 14 წლის ასაკის 1%-ს აღენიშნება. იგივე შედეგები მიიღეს აშშ-ში ჩატარებული კვლევებით. ღამის ენურეზი უფრო ხშირად ბიჭებში გვხვდება. დღის ენურეზი შედარებით იშვიათია და უფრო მეტად გოგონებს ახასიათებთ. დღის ენურეზის შემთხვევაში, ბავშვების ნახევარზე მეტს ღამის ენურეზიც აღენიშნება.

ეტიოლოგია

ნოქტურია შეიძლება სომატურმა პრობლემამ გამოიწვიოს, თუმცა, უფრო ხშირად ნერვული სისტემის განვითარების დაყოვნებასთან ან გარემო ფაქტორებთანაა დაკავშირებული. გარკვეული მონაცემები გენეტიკურ ფაქტორებზეც მიუთითებს. ენურეზის მქონე ბავშვების 70% ჰყავს იმავე პრობლემის მქონე პირველი რიგის ნათესავი (Bakwin, 1961). ასევე, კონკორდანტულობის მაჩვენებელი მონოზიგოტურ ტყუპებში ორჯერ აღემატება დიზიგოტური ტყუპების მაჩვენებელს (Hallgren, 1960). გამოყოფილია რამდენიმე ლოკუსი, თუმცა, მიღებული მონაცემების მნიშვნელობის შესაფასებლად დამატებითი კვლევების ჩატარებაა საჭირო.

ენურეზის მქონე ბავშვების უმრავლესობას ფსიქიკური პრობლემები არ აქვს, თუმცა, ჯანმრთელებთან შედარებით ფსიქიკური აშლილობები უფრო ხშირად აღენიშნებათ. ენურეზი უფრო მეტად ახასიათებთ მრავალწევრიან ოჯახში აღზრდილ ბავშვებს. სტრესულმა მოვლენამ შეიძლება პროვოცირება გაუკეთოს მეორად ენურეზს. შარდის კონტროლისთვის რიგიდული ან სხვა სახის ტრენირების ეფექტურობა არ არის დასაბუთებული.

გამოკვლევა

საჭიროა ანამნეზის გულდასმით შეკრება და შესაბამისი ფიზიკური გამოკვლევა, რათა გამოვრიცხოთ სომატური პრობლემა. განსაკუთრებით ყურადსაღებია შარდ-სასქესო გზების ინფექცია, დიაბეტი და ეპილეფსია. უნდა შეფასდეს პრეციპიტატული ფაქტორები და ბავშვის მოტივაცია. უნდა დაისვას კითხვა დეფეკაციის შეკავების უნარზე.

შესაძლებელია სახეზე იყოს ფსიქიკური აშლილობაც. თუ არც სომატური და არც ფსიქიკური აშლილობა არ დადგინდა, უნდა გამოვიკვლიოთ, არის თუ არა დისტრესი. საჭიროა დავადგინოთ მშობლების დამოკიდებულება ენურეზის მიმართ - რა ზომებს მიმართავენ პრობლემის დასაძლევად და როგორია მათი მოტივაცია.

მკურნალობა

სომატური დაავადების გამოვლენის შემთხვევაში, უნდა ჩატარდეს შესაბამისი მკურნალობა. ფუნქციური ენურეზის დროს მნიშვნელოვანია მშობლებს განემარტოს, რომ ეს საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა და რომ არ შეიძლება ბავშვის დასჯა და დადანაშაულება. არ არის მიზანშეწონილი ამკრძალავი ზომების გატარება, რადგან ეს ნაკლებად ეფექტურია. მშობლებმა უნდა წაახალისონ ბავშვის წარმატება და არ უნდა გაამახვილონ ყურადღება წარუმატებლობაზე. არ უნდა მოხდეს პრობლემის დაფიქსირება. ასეთი რჩევების გათვალისწინება ხშირ შემთხვევაში სწრაფ და სპონტანურ გაუმჯობესებას იწვევს. 6 წლის და მეტი ასაკის ბავშვებთან უფრო აქტიური ჩარევაა საჭირო.

ასევე, გასათვალისწინებელი რჩევებია: საღამოს საათებში სითხის შეზღუდვა, მოშარდვისთვის ღამე გაღვიძება და წარმატების შემთხვევაში დაჯილდოება.

ენურეზის მაღვიძარა

ბავშვებთან, რომლებსაც ასეთი მარტივი რჩევები არ შველით, შეიძლება ენურეზის მაღვიძარა გამოვიყენოთ. ენურეზის მაღვიძარას სამაგრი-დეტექტორი საცვალზე მაგრდება, ხოლო საყვირი კეთდება მაჯაზე ან იდება ჯიბეში. როგორც კი ბავშვი იწყებს შარდვას, დეტექტორი აქტიურდება და ირთვება საყვირი. ბავშვმა უნდა გამორთოს საყვირი, ადგეს და შარდვა ქოთანზე დაასრულოს. საჭიროების შემთხვევაში (თუ საჭიროა, მშობლების დახმარებით), უნდა გამოიცვალოს თეთრეული და საცვლები. ამ მეთოდის ხანგრძლივობა 6-8 კვირაა და ზოგ ოჯახს უჭირს მისი ბოლომდე შესრულება.

მაღვიძარა იშვიათად იძლევა შედეგს, როცა 6 წლამდე ასაკის ან არაკომუნიკაბელურ ბავშვებთან გვაქვს საქმე. სხვა მხრივ, ეს მეთოდი ერთი თვის მანძილზე შემთხვევათა 70-80%-ში ეფექტურია. შემდგომი ერთი წლის მანძილზე მხოლოდ მესამედს უმეორდება ენურეზი (Butler et al., 1990). ფსიქიკური აშლილობის მქონე ბავშვები უფრო ძნელად ემორჩილებიან მკურნალობას.

წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები