ფხვენისის ნათლისმცემლის ეკლესია
ფხვენისის ნათლისმცემლის ეკლესია - ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, დიდი ლიახვის მარჯვენა მხარეს მდებარე სოფელ ფხვენისის ცენტრში. თსრიღდებაა XVI-XVIII საუკუნეებით.
აღწერილობა
ეკლესია დარბაზულია (8,9X5,4 მ), ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. არქიტრავით გადახურული კარი სამხრეთითაა, თაღოვანი სარკმლები - აღმოსავლეთით, და დასავლეთითა და სამხრეთით. ნახევარწრიული აფსიდის სარკმლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშია. დარბაზის გრძივ კედლებზე თითო ორსაფეხურიანი პილასტრია, რომლებსაც ეყრდნობა კამაროვანი გადახურვის საბჯენი თაღი. ჩრდილოეთ ფასადზე, სარკმლის ზემოთ, მაღალი ჯვარია გამოსახული, დასავლეთ ფასადის სამხრეთ კუთხეში - ვარდული. შენობას შემოვლებული აქვს ტუფის ქვის ლავგარდნი. გადახურულია ღარიანი კრამიტით.
ეკლესიის დასავლეთით, ქვიშაქვის ოთხ სვეტზე დგას კვადრატული აგურით ნაგები სამრეკლო. ეკლესიის ჩრდილოეთ კედლის მთელ სიგრძეზე მიშენებულია სწორკუთხა სათავსი, რომელსაც აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდი აქვს. ეკლესიის სათავსს ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილში გაჭრილი კარით უკავშირდება. კარს არქიტრავული გადახურვა აქვს. ეკლესიის სამხრეთ კედელზეც ასეთივე სათავსია მიდგმული, რომლის სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილში გაჭრილია კარი. სათავსების სახურავი და კედლის დიდი ნაწილი ჩამონგრეულია.