ქათმის ფერხვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქათმის ფერხვა − ტრადიციული წეს-ჩვეულება, აჭარასა და გურიაში რომელსაც ახალი წლის მეორე დღეს ასრულებდნენ. 2 იანვარს ე.წ. „ქათმის ფერხვა” იმართებოდა.

სარჩევი

ქათმის ფერხვა აჭარაში

ამ დღეს, ადრე დილით, ოჯახის ერთ-ერთი წევრი ქალი ანდა სპეციალურად ამ დღისათვის მოწვეული მფერხავი ქალი, ქათმის საკენკით ხელში, საქათმის კარებთან მიდიოდა, ქათმებს კარს გაუღებდა და დალოცავდა:

„ჯიჭი, ჯიჭი დედალაო,
ჯიჭი, ჯიჭი მამალაო,
ასი მამალ, ასი დედალ,
ასი მისი მოჩხოროზი,
ზეით მიანეფერები,
ქვეით დადიანებიო,
ყველა ამას გეხვეწებით,
შორეთ ნუ დეიარებიო,
ტყეში სურო, ზღვაში ქვიშა,
ღმერთო იმდენი ამრავლეო”.

ამ სიტყვებზე მფერხავი საკენკის „კოთხოს” თავზე დაიმხობდა _ „ქოჩორა ვარიები გამოვაო”. მფერხავი, ჩვეულებრივ, ქალი უნდა ყოფილიყო. კაცის მოსვლას იბრძნიდნენ, რადგან მიაჩნდათ, რომ ამ შემთხვევაში წიწილებში ბევრი ყვინჩილა იქნებოდა, ქალის მფერხაობა კი ვარიების სიმრავლეს ნიშნავდა.

გარდა ამისა, ამ დღეს აჭარაში მრავალგვარ აკრძალვას იცავდნენ. ხალხური რწმენით, ორ იანვარს სახლში „ფინჩხი არ უნდა დავარდნილიყო − „ქათამი კვერცხს გააწანწალებს, ყოლიფერ ადგილზე დადებსო”. მფერხავი ანდა ოჯახის უფროსი დიასახლისი ქათამს თავზე საცერს ჩამოაცმევდა _ „კოკოტაჲ ქათმები გამუაო”. ამ დღეს, ასევე, მაკრატლის, დანის, ნემსის ხმარებას იბრძნიდნენ − „ქათამი ნიკარტს დააცილებს ერთმანეთსო”. ცულს არ იხმარდნენ − „ხმაი აქ და ქათამი იკარკალებსო”. ქათმის მფერხავს სკამზე − „ჯორკოზე” რომ დააჯენდნენ, იმ დღეს იმ სკამზე სხვისი დაჯდომა აკრძალული იყო. სკამზე თოკს შემოახვევდნენ − „კრუხი შორს არ წავაო”. ასეთ პირობებში ოთახის დაგვაც აკრძალული იყო − „ქათამი ყველაფერს დაჭეჭყავს ბოსტანშიო”.

ქათმის ფერხვა გურიაში

კალანდის (ახალი წლის) მეორე დღეს გურიაში ყოველი ოჯახი საგანგებოდ მოიწვევს ისეთს ვაჟს, რომელიც გამოირჩევა ახალგაზრდებში ჯანსაღობით, თვალტანადობით ან „დაცდილი კაი ფეხით“. ამ ვაჟს ხელში მისცემენ ჯამით ჩხოს და მთელი ოჯახის თანხლებით ჩამოატარებენ სახლ-კარს. ვაჟი გზა-გზა ფანტავს ჩხოს და თან ამბობს: „ასი დედალ, ასი მამალ, ასი მისი მოჩხოროზი“

ლიტერატურა

ნოღაიდელი, 1969:41;1971:123.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები