ქალაქურა ლეღვი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქურა ლეღვი

ქალაქურა ლეღვი - ამ სახელწოდებით ცნობილია ერთი ღირსშესანიშნავი ჯიში, რომლის წარმოშობა უცნობია. ძნელია იმის თქმა, რომ იგი აბორიგენური ჯიშია და ისიც არავინ იცის, თუ როდის და საიდან იქნა ამ ლეღვის ჯიშები შემოტანილი.

ქალაქურა ლეღვი გავრცელებულია ქვედა კახეთში და უფრო მეტად – ბაკურციხეში, სადაც მას ლეღვის ნარგაობათა შორის თითქმის 40–45% უკავია. ქვედა კახეთის სხვა სოფსაბჭოებშიც ვხვდებით ამ შესანიშნავ ჯიშს, მაგრამ არა ისეთი დიდი რაოდენობით, როგორც ბაკურციხის სოფსაბჭოში. ეს ჯიში აგრეთვე საკმაო რაოდენობით არის გავრცელებული კახეთის ცივგომბორის მხარის შუა წელამდე განლაგებულ სოფლებში. კახეთის დანარჩენ ადგილებში კი გვხვდება როგორც იშვიათი ჯიში თითო-ოროლა ხის სახით.

ქალაქურა ლეღვი ვეგეტაციის განმავლობაში დიდ მოთხოვნილებას უყენებს სითბოს რაოდენობას და ისიც არა მაღალ აბსოლუტურ t°-ას, არამედ სითბოს საერთო ჯამს, ე.ი. მოითხოვს გრძელი ვეგეტაციის პერიოდს.

ქალაქურა ლეღვის ხე იზრდება ძლიერი, ინვითარებს მძლავრ, ხშირად 45–50 სმ-ის სისქის შტამბს. ზოგჯერ კი იზრდება დიდ უზარმაზარ ბუჩქად, რამდენიმე ძირეულად.

დატოტვა მეტად ხშირი იცის, რის გამო ტოტები სულ ერთმანეთშია დახლართული. ტოტის ზრდის მიმართულება უსწორმასწოროა, მომეტებულად აღმართულ მიმართულებისაა, ზოგჯერ განივ მიმართულებას ღებულობს, ზოგჯერ კი – დახრილს. მუხლთაშორისები მოკლე აქვს და ამიტომ ხშირი შეფოთვლის შთაბეჭდილებას სტოვებს. ხეს ახასიათებს სიცოცხლის დიდი ხანგრძლივობა.

ყინვაგამძლეობა საშუალო აქვს, – 14°–16°-ის პირობებში მცირედ და ისიც ზოგჯერ ზიანდება.

ფოთოლი აქვს ძლიერ მსხვილი, 28/25 სმ-ის სიგრძე-სიგანის, ოდნავ დანაკვთულია, ნაკვთების კიდეები ერთმანეთშია გადასული ისე, რომ ფოთლის სიფრიფანა ერთ მთლიან ფირფიტას წარმოადგენს. ფოთოლი არ იცის ძლიერ პოლიმორფური, დამახასიათებელია ოდნავ გამოსახული ხუთთათიანობა, რომელთა შორის ქვედა ორი თათი ძლიერ მცირე სიდიდისაა და ზემო თათებთან შედარებით არა ღრმად ჩანაკვთული. ფოთლის ფერი მუქი-მწვანეა, მონაცრისფერო ხაოიანი ზედაპირით, ძლიერ დაძარღვული, ყუნწი გრძელი აქვს, 91/2 სმ სიგრძის.

ქალაქურა ლეღვი იძლევა მხოლოდ ზაფხულის ნაყოფს. გუდა ლეღვის ნაყოფი არ იცის. ზაფხულის ნაყოფი ვითარდება უკაპრიფიგაციოდ. ზაფხულის ნაყოფის თანაყვავილები უმთავრესად ნორმალური დედრობითი ყვავილებისაგან შედგება, შიგადაშიგ შერეულია მამრობითი ყვავილები მტვრიანები. როცა ნაყოფი აღწევს კაკლის წენგოს სიმსხოს, რაც ივლისის ბოლო რიცხვებში ხდება, მამრობითი და დედრობითი ყვავილები უკვე სიმწიფეს აღწევენ; ამ დროს პროტეროანდრიუმს უნდა ჰქონდეს ადგილი. ქალაქურა ლეღვის ნაყოფი საშუალო სიმსხოსია, მომრგვალო-ბურთისებრი ან სფერული ფორმის, ყუნწი მოკლე და სქელი აქვს, ოდნავ გახევებული. ნაყოფი არ თავდება ყელით, როგორც ეს სხვა ლეღვის ნაყოფის მოყვანილობაშია. ყუნწი დაფარულია მოყვითალო-მომწვანო სქელი ქერტლით.

ნაყოფის კანი მომწვანო-მოყვითალო ფერისაა და სრულ სიმწიფეში კი ნამჯისფერს ღებულობს. ნაყოფის სრულ სიმწიფისას კანი ძლიერ თხელი ფენისა ხდება და ადვილად სცილდება ნაყოფსაჯდომის სირბილეს. კანქვეშა თეთრი მასა ნაყოფსაჯდომს თანაბარი სქელი ფენით აქვს გარშემორტყმული. ცოტა უფრო სქლად – ყუნწთან.

ნაყოფის დამწიფებისას ეს თეთრი ფაფუკი მასა ივსება წვენით და ძლიერ თუმთუმა ხდება. ნაყოფის გული მკვრივად არის გამოვსებული ნაყოფის ხორცით, რომელიც მოვარდისფრო-მომწვანო-მოყვითალოა, უხვი და მსხვილი თესლით. შიგადაშიგ გვხვდება უფრო ძლიერად განვითარებული ცალკეული თესლი და მათი ხორცი უფრო მუქი ვარდისფერისაა. ნაყოფის ღრუ სულ მცირეა და მილი მთლად გამოვსებულია ნაყოფის ხორცით, მილის სულ ბოლო ნაწილი დაფარულია ქერტლის რამოდენიმე შრით ისე, რომ ნაყოფის მილი, მის სრულ სიმწიფეში დახურული რჩება და ტკბილი წვენის პატარა ცვრები, ვიწრო ნაყოფის მილიდან, ჩიტის თვალივით გამოიყურება ხოლმე.

მოწეული გადაუმწიფებელი ნაყოფი საკმაოდ თუმთუმაა და მასთან კომპაქტურიც. ნაყოფი ძლიერ შაქრიანია და სურნელოვანი. ზედმეტი შაქრიანობის გამო გემოთი მეტად ყურსია. ქალაქურა ლეღვის ნაყოფიდან დამზადებული ჩირი მაღალი ხარისხისაა და ცნობილია ბაკურციხის ლეღვის ჩირის სახელწოდებით. მეტადრე კარგი ლეღვის ჩირი გამოდის თუ იგი გაფცქვნილი ნაყოფიდან მზადდება. ბაკურციხეში, მარტო ქალაქურა ლეღვის ნაყოფიდან კი არ ამზადებენ ლეღვის ჩირს, არამედ სხვა ლეღვის ჯიშის ნაყოფიდანაც. რადგანაც ქალაქურა ლეღვის ჯიში მაღალი ხარისხის საჩირე ნაყოფს იძლევა და ბაკურციხის სოფსაბჭოს ლეღვის ნარგაობის მომეტებულ ნაწილს შეადგენს, ამიტომ კახეთში სახელგანთქმულ ბაკურციხის ლეღვის ჩირის ღირსებას ჩვენ ქალაქურა ლეღვის ნაყოფს ვაწერთ. მისი უარყოფითი მხარეა ის, რომ წვრილი ნაყოფის გამო ჩირი არ გამოდის მეტად თვალსაჩინო.

ქალაქურა ლეღვის ნაყოფი აგრეთვე ძვირფას პროდუქტს წარმოადგენს საკონსერვო საქმეში – მურაბებისა, ცუკატებისა, მარმალადებისა და ფაფების დასამზადებლად.

როგორც სუფრის ხილი, მისი წუნი ის არის, რომ მეტად ყურსია თავისი ზედმეტი სიტკბოს გამო და მრავლად შეიცავს წიპწებს. წიპწების მომეტებული რაოდენობა არ იძლევა აღმოცენებას. მისი წიპწების აღმოცენების უნარი დაახლოებით 2–2%-ს უდრის.

ნაყოფის სიმწიფე იწყება 15 აგვისტოდან და გრძელდება სექტემბრის 1–15 რიცხვებამდე. უამინდობისას ნაყოფი ხეზე ნაკლებად მჟავდება, არც სკდება ისე, როგორც სხვა ჯიშის ნაყოფი, მაგალითად, როგორც ეგრედწოდებული გლეხურას ნაყოფი.

ქალაქურა უნდა ჩაითვალოს წამყვან საჩირე ჯიშად, მთელი ქვედა და შუა კახეთისთვისაც. ამჟამად კი იგი დამკვიდრებულია ქვედა კახეთში.



წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები