ქალები თესმოფორიების დღესასწაულზე (არისტოფანეს კომედია)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„ქალები თესმოფორიების დღესასწაულზე“ – ძველი ბერძენი კომედიოგრაფის არისტოფანეს კომედია.

ევრიპიდეს მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება არისტოფანეს მრავალ კომედიაში გვხვდება. ამის მიზეზი მსოფლმხედველობრივ განსხვავებაში უნდა ვეძებოთ. ითვლება, რომ არისტოფანე, როგორც ძველი ატიკური კომედიის წარმომადგენელი, ძალზე ახლოა სამიწათმოქმედო დემოკრატიის იდეოლოგიასთან, ევრიპიდეს მსოფლგანცდა კი სოფისტების ფილოსოფიას უახლოვდება. ის ტრაგედიის დეჰეროიზაციას ახდენს, მისი ნაწარმოებები ათენის საზღვაო იმპერიის ეპოქის პრაგმატიზმითა და სკეპტიციზმითაა განმსჭვალული, ტრადიციული მსოფლმხედველობის, წესჩვეულებებისა და ცხოვრების წესის რღვევას, რელიგიური რწმენის საფუძვლების რევიზიასა და სოფისტების ანთროპოცენტრული დოქტრინის ფორმირებას ასახავს, რომელიც ათენი პატრიარქალური დემოკრატიის ნორმებს უპირისპირდება. ამიტომაც არისტოფანე, რომელსაც პოეტი „დიდების მასწავლებლად“ მიაჩნია, ევრიპიდეს მიმართ ძალზე კრიტიკულია და მას ისეთივე სარკაზმით აკრიტიკებს, როგორც სოკრატეს, თანაც თვლის, რომ ევრიპიდე, როგორც პოეტი პასუხისმგებელია ათენში შექმნილ მორალურ და მსოფლმხედველობრივ სიტუაციაზე. მიუხედავად ამისა, არისტოფანე ისეთი მხიარული აზარტით ამასხარავებს ევრიპიდეს, მისი მეტაფორები, ხშირად, იმდენად პირდაპირია, მკითხველს „საფუძვლიანი ეჭვი“ უჩნდება, ხომ არ არის ეს ყოველივე არისტოფანეს მორიგი მასხრობა და პროვოკაცია, რომლის მიღმა ევრიპიდესა და სოკრატეს დოქტრინებისადმი სიმპათია და ინტერესი იმალება.

„ქალები თესმოფორიების დღესასწაულზე“ (ძვ. წ. 411, დიონისიები) არისტოფანეს მეორე „ქალური“ კომედიაა. მისი ძირითადი თემა ტრაგიკოს ევრიპიდესა და აგათონის კრიტიკა და გამასხრებაა. თუმცა, ევრიპიდე არისტოფანეს კომედიის მთავარი სამიზნეა. „ქალთმოძულე“ ევრიპიდეზე განაწყენებულმა ქალებმა გადაწყვიტეს, თესმოფორიების დღესასწაულზე თათბირი მოაწყონ და საძულველ პოეტზე შურსძიების გეგმა დასახონ. ევრიპიდემ შეიტყო ქალების შეთქმულების შესახებ, თავის სიმამრ მნესილოქეს ქალის სამოსი ჩააცვა და დღესასწაულზე შეაპარა ამბის გასაგებად. მნესილოქემ გამძვინვარებული ქალებისაგან ევრიპიდეს დაცვა სცადა, დაეჭვებულმა ქალებმა ის გამოააშკარავეს და შეიპყრეს. ევრიპიდეს დიდი ძალისხმევა დასჭირდა სიმამრის დასახსნელად. კომედია ევრიპიდეს ტრაგედიების გამოჯავრებაზეა აგებული. მნესილოქეს განთავისუფლების სცენებში არისტოფანე ევრიპიდეს ცნობილი ტრაგედიების პაროდირებას ახდენს, მაგალითად, „ელენესი“ (ქალად გადაცმული მნესილოქე ელენეს „განასახიერებს“, ევრიპიდე კი მენელაოსის სამოსით მოდის მის დასახსნელად), ან „ანდრომედასი“ (მნესილოქეს ტეტია სკვითი დარაჯისაგან დახსნის ეპიზოდი პერსევსის მიერ ანდრომედას ზღვის ურჩხულისაგან განთავისუფლების სცენას ემსგავსება). კომიკური ციტირება, პაროდია და კლოუნადა ევრიპიდეს ტრაგედიების გამასხრების ფორმად იქცევა.

თამარ ბოკუჩავა


არისტოფანეს კომედიის ქართული თარგმანი

„ქალები თესმოფორიების დღესასწაულზე“

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები