ქამა სოკო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქამა სოკო

Fam. Agaricaceae – ოჯ. ფირფიტოვანნი Agaricus campestris (L.) Fr. – ქამა სოკო. ქუდი 8-15 სმ დიამეტრისაა, დასაწყისში სფეროსებრი, ღრმად მოღუნული კიდეებით, შემდგომ მომრგვალო ბრტყელი, გაშლილი, ხშირად ამობურცული ცენტრით, თეთრი, ზოგჯერ მურა, მშრალი, აბრეშუმისებრ ან წვრილქერცლიანი; რბილობი თეთრია, გადანატეხზე მოწითალო. ფირფიტა დასაწყისში თეთრია, შემდგომ ვარდისფერი, სიმწიფისას მუქი ყავისფერი, იისფერი ელფერით. ფეხი 5-9 სმ სიმაღლისაა, 1-2 სმ სიგანის, სწორი, თანაბარი ან ძირში გაფართოებული და გამობერილი, ქუდის მაგვარი შეფერილობის, ფეხის შუაში ფართო თეთრი რგოლით.

ფართოდ გავრცელებული სახეობაა ტყის სარტყელში. ვითარდება ნეშომპალით მდიდარ ნიადაგებზე, განსაკუთრებით წვიმების შემდეგ, მდელოებზე, საძოვრებზე, ბაღ-ბოსტნებში,ოკულტივირებულ ნაკვეთებზე, ბალახეულობაში, ტყის პირებზე და სხვ. ზრდის პერიოდია მაისიდან სექტემბრის ბოლომდე. ითვლება დელიკატურ პროდუქტად. ხასიათდება სასიამოვნო არომატითა და გემოთი, რომელსაც ინარჩუნებს მაღალ ტემპერატურაზე დამუშავების შემდეგაც. ამზადებენ უამრავი სახის კერძს, აშრობენ, ამარილებენ, აკონსერვებენ. შეიცავს წყალს, ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, უჯრედისს, ვიტამინებს (B1, B2, B3, B5, B6, B9, B12,E), მაკროელემენტებს (K, Ca, Mg, Na), მიკროელემენტებს (Fe, MCu, Se, Zn).

მრავალმხრივი სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა. ხსნის თავის ტკივილებს, ხელს უწყობს მახსოვრობის განვითარებას და ტვინის მოქმედების გააქტიურებას; აძლიერებს იმუნიტეტს, აქვეითებს ე.წ. „ცუდი” ქოლესტერინის დონეს, აფერხებს ინფარქტის რისკს და ათეროსკლეროზის წარმოქმნის საფრთხეს. მშრალი ქამა სოკო რეკომენდირებულია კუჭ-ნაწლავის წყლულოვანი დაავადებებისა და ჰეპატიტის დროს. ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შეუძლიათ მისი მიღებაზედმეტი სიმსუქნითა და შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებებს.

პრაქტიკულად არა აქვს უკუჩვენებები; თუმცა სიფრთხილით უნდა მოეკიდნონ ფეხმძიმე, მეძუძური ქალები და ბავშვები.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები