ქართული დამწერლობა ქრისტიანულ ისტორიოგრაფიაში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქართული (იბერიული) დამწერლობა ქრისტიანულ ისტორიოგრაფიაში – ანტიკურობასა და შუა საუკუნეების ქრისტიანულ ისტორიოგრაფიაში ჩამოყალიბებულია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტოპოსი დამწერლობის მქონე ან მცოდნე 15 ხალხის შესახებ. იგი შემონახულია ხალხთა და ენათა ბიბლიური განყოფის ნუსხებში (დიამერიზმებში) და თითქმის უცვლელად მეორდება II-XVIII სს. ბერძნულ, ლათინურ, სომხურ, არაბულ, წყაროებში, როგორც საყოველთაოდ აღიარებული აქსიომა. ამ ტოპოსს იცნობენ და იმოწმებენ იუდაისტურ ისტორიოგრაფიაშიც, რისი დასტურიც არის ქრონოლოგიურად ერთმანეთთან საკმაოდ დაშორებულ თალმუდურ-მიდრაშულ წყაროებში მისი არაერთგზის მოხსენიება. დიამერიზმების სრული ტექსტი ძველ ქართულ წყაროებში არ ჩანს, შემონახულია მხოლოდ ცალკეული ფრაგმენტები. ეს შეიძლება იმით აიხსნას, რომ ქართული ტრადიცია ემყარებოდა არასრულ სირიულ ტექსტებს, რომლებიც აღნიშნულ ტოპოსთან დაკავშირებულ ნაწილებს არ შეიცავდნენ. საკითხი არ განხილულა არც XX ს. ისტორიოგრაფიაში.

ტოპოსში ნოეს სამი ძის – იაფეტის, ქამისა და სემის – ჩამომავალთა (ანუ მოსეს „ხალხთა დაფების“) შესახებ ცნობებს შორის მოცემულია იმ ხალხთა ჩამონათვალი, რომელთაც საკუთარი ანბანური დამწერლობა აქვთ (დამწერლობას იყენებენ). ესენია: იაფეტის ჩამომავლები – იბერები, ლათინები (რომაელები), ესპანელები, ბერძნები, მიდიელები, სომხები; ქამის ჩამომავლები – ფინიკიელები, ეგვიპტელები, ჰამფილიელები, ფრიგიელები; სემის ჩამომავლები – ებრაელები (იუდეველები, ქალდეველები, ინდოელები, სირიელები.

XX ს. დასაწყისში ტოპოსში მოხსენიებული იბერიელების ენისა და დამწერლობის იდენტიფიკაციის საკითხი ფართო დისკუსიის საგანი გახდა (გ. მიულენჰოფი, ა. გუთშმიდი, ს. პოზნანსკი, ს. კრაუსი, ს. ბერგერი, ე. ბახერი. მ. შტაინშნაიდერი). სპეციალისტების ნაწილი თვლიდა, რომ დიამერიზმებში მოხსენიებული იბერების იდენტიფიკაცია კავკასიაში მცხოვრებ იბერებთან შეუძლებელია. რადგან ეჭვს იწვევს ის ფაქტი, რომ ისეთი ძველი კულტურის ხალხთა გვერდით, როგორიცაა ებრაელები, ბერძნები, რომაელები, სირიელები და სხვ., „როგორ ხვდებიან დამწერლობის მქონე ხალხთა სიაში მესამე ს-ის წყაროების მიხედვით ისეთი ნახევრად ბარბაროსული ხალხები, როგორებიც არიან იბერები, ფრიგიელები და სხვები, რომელთა იდენტიფიკაცია იმ პერიოდის კულტურულ სამყაროში ძალზე ჭირს“. თუმცა ამ მოსაზრების ავტორები იმასაც აღნიშნავენ, რომ ამ წყაროების „Ίβηρες, Ιβιριι (Ιβεριι) არც ესპანეთის იბერებს გულისხმობს.

ძველი აღთქმის ცნობილი მკვლევრის ს. კრაუსის მიხედვით, იბერიელებისა და მათი დამწერლობის მოხსენიება ასე ადრეულ ტექსტებში სრულიად კანონზომიერი ჩანს: „დიამერიზმების ანბანურ დამწერლობათა კატალოგებში იბერიული დამწერლობა არსად არ აკლია და საყურადღებოა ისიც, რომ ბიბლიურ 70 თუ 72 რესპექტულ ენათა 15 დამწერლობას შორის იბერიული ყოველთვის პირველ ადგილასაა ნახსენები. ჩვენს მიერ მიმოხილული წყაროები იმდენად სანდოა, რომ გაუმართლებელი ხდება ყოველგვარი ეჭვი იბერიელთა დამწერლობის ირგვლივ“. ს. კრაუსის სახელს უკავშირდება აგრეთვე იმის მოკვლევაც, რომ კავკასიისა და პირინეს იბერების აღრევა მოხდა იოსებ ფლავიუსის ისტორიაში მოხსენიებული „Tubal, aequo Iberi“-ს მცდარი გაგებით. ჯერ კიდევ ჰიერონიმემ ფლავიოსის განმარტება არასწორად დააზუსტა – Tubal, a quo Iberi, qui vocatur Hispani, რაც შემდეგდროინდელი მკელევრების შეცდომის წყარო გახდა. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ VI ს. ბერძნულ რედაქციაში დასახელებული Ιβηρζες οί καί Τυρανοι (იბერიელები ანუ იგივე ტირანელები) კავკასიის იბერებს გულისხმობს (ასე მოიხსენიებოდნენ ისინი იპოლიტე რომაელის ქორონიკონში), მაშინ როდესაც პირინეს იბერები იწოდებიან კელტ იბერებად, გალებად, ანუ იბერებად (ა. გუთშმიდი).

იბერიული დამწერლობის საკითხთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს შემდეგიც: დამწერლობის მქონე ხალხების აღსანიშნავად ხსენებულ წყაროებში გამოყენებული გამოთქმები შეიძლება ნიშნავდეს ხალხს, რომელსაც საკუთარი ანბანური დამწერლობა აქვს, ან კიდევ ხალხს, რომელიც თავის მშობლიურ ენაზე ავითარებს სამწერლობო ტრადიციებს, რომელთა ჩაწერა მაინცდამაინც ორიგინალური დამწერლობის მეშვეობით არ ხდება (იხ. ალოგლოტოგრაფია). უფრო ზუსტად იმის დადგენა, თუ რომელი ჯგუფის წევრად მიიჩნევს ძველი კულტურული სამყარო იბერიელებს –საკუთარი ანბანური დამწერლობის თუ ზოგადად სამწერლობო ტრადიციების მქონედ, ჯერჯერობით ერთმნიშვნელოვნად ვერ ხერხდება.


ნ. დობორჯგინიძე

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები