ქართული ნაჯახი
ქართული ნაჯახი – საქართველოში გავრცელებულ ხის დასამუშავებელი იარაღი. იგი მეტად თავისებური აღნაგობისაა, რაც სრულად შეესაბამება ხითხუროობის (სადურგლო) საქმიანობის სპეციფიკას. ნაჯახის ძირითადი დანიშნულებაა: ხის გათლა, სამშენებლო (საკედლე ფიცარი ან სხვ.), სამეურნეო (სამიწათმოქმედო იარაღები) და საოჯახო (ავეჯი, დგამ-ჭურჭელი) თუ სხვადასხვა იარაღ-ხელსაწყოსთვის მასალის დამუშავება.
ქართული ნაჯახი ამჟამადაც საჭირო იარაღია. საქართველოს გარდა მეტ-ნაკლებად გავრცელებულია ჩრდილოეთ კავკასიაში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. ამ ნაჯახს ქართველი მჭედლები ამზადებდნენ და საკმაოდ რთული გასაჭედიც იყო, რასაც მისი დამუშავების ტექნიკასთან დაკავშირებული ტერმინოლოგიაც ცხადყოფს: რკინის „შერჩევა“, „გაზომვა“, „გახურება“, „გაკვერვა“, „გაყვანა“, „გაწევა“, „გაკოპიტება“, „მოქნა“, „მოკეცვა“, „დასარჩულება“, „შედუღება“, „შემტკიცება“, „გაკაზმვა“, „დაყენება“, „გალესვა“, „წრთობა“, „გაფერვა“ და სხვ.