ქართულ-ესტონური ურთიერთობები 1918-1921 წლებში
ქართულ-ესტონური ურთიერთობები 1918-1921 წლებში - ესტონელთა კომპაქტური დასახლებანი საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან გაჩნდა. აფხაზთა მუჰაჯირობის შედეგად დაცარიელებულ ტერიტორიაზე, რომელიც სოხუმის ოლქში მდებარეობდა, ესტონეთიდან გადმოსახლებული კოლონისტები დასახლდნენ. მათ კარგი ურთიერთობები დაამყარეს ადგილობრივ მოსახლეობასთან, რომელთა შორისაც ძირითადად ქართველები და ქრისტიანი აფხაზები იყვნენ. საქართველოში არსებულ ესტონურ დიასპორას I მსოფლიო ომის დროს დაემატა სხვადასხვა მიზეზთა გამო კავკასიაში ჩამოსულ ესტონელთა საკმაო რაოდენობა, რომელიც სამშობლოში დაბრუნებაზე ოცნებობდა. რუსეთის იმპერიის დანგრევის შემდეგ ჩამოყალიბდა „ესტონელთა თბილისის აღმასრულებელი კომიტეტი“, რომელმაც მიზნად დაისახა საქართველოში მცხოვრებ თანამემამულეთა ხელშეწყობა და სამშობლოში დაბრუნების მსურველთა დახმარება.
1918 წლის 4-9 მარტს სოხუმში შედგა გლეხთა II საოლქო ყრილობა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთში მცხოვრები ყველა ეროვნების გლეხობის წარმომადგენლებმა და მათ შორის ესტონელებმაც. ყრილობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში აღნიშნული იყო, რომ აფხაზეთის გლეხობა მზად არის, თავისი მომავალი დაუკავშიროს „დემოკრატიულ საქართველოს“. ამიერკავკასიის დამოუკიდებელი ფედერაციული რესპუბლიკის და მის შემდგომ არსებული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობები შეძლებისდაგვარად ეხმარებოდნენ მის ტერიტორიაზე მცხოვრებ ესტონელებს, რომელთა შორისაც ლტოლვილებიც იყვნენ. მათი ძირითადი ნაწილი ყარსის ოლქიდან დევნილი ესტონური ოჯახები იყო. 1918 წლის გაზაფხულზე ისინი იძულებული გახდნენ, მიეტოვებინათ აღნიშნულ ოლქში მდებარე სოფელი ნოვო-ესტონკა, რომელიც ოსმალეთის იმპერიის არმიამ დაიკავა.
1919 წლის 18 აგვისტოს სოხუმში გაიმართა აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში მდებარე ესტონური კოლონიების II ყრილობა, რომელმაც მკაფიოდ დააფიქსირა თავისი მხარდაჭერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიმართ. ესტონეთის რესპუბლიკის მთავრობამ თავის კონსულად საქართველოში მოავლინა კ. პაული.
1921 წლის იანვრის მიწურულს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დე იურედ აღიარება დასავლეთ ევროპის წამყვან სახელმწიფოთა მხრიდან ჩვენი ქვეყნის მთავრობას ოფიციალურად მიულოცა ესტონეთის კონსულმა, რომელიც 6 თებერვალს მთავრობის სასახლეში ნოე ჟორდანიას ეწვია. იმავე წლის 8 თებერვალს საქართველოს დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის მიმართ გაგზავნილ მისასალმებელ წერილში ჩვენს ქვეყანაში არსებული ესტონური დიასპორის მესვეურები აღნიშნავდნენ: „ეს დიდად საზეიმო დღე, მით უფრო სასიხარულოა ესტონელებისათვის, რომ ასეთ პოლიტიკურ გამარჯვებას დღესასწაულობს ესტონეთიც. ორივე განთავისუფლებული ერი გასწევს წინ ხელჩაკიდებული თავიანთი დამოუკიდებლობის განმტკიცებისაკენ“.
საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციისა და იძულებითი გასაბჭოების შემდეგ, ესტონეთის საკონსულომ თბილისში საქმიანობა მცირე ხანს კიდევ განაგრძო. ესტონეთის მთავრო- ბამ საქართველოში გამოგზავნა თავისი სრულუფლებიანი სავაჭრო წარმომადგენელი.
- ნიკო ჯავახიშვილი
ლიტერატურა
- გაზ. „ერთობა“, 24 მარტი 1918;
- „საქართველოს რესპუბლიკა“, 8 თებერვალი 1921;
- „საქართველოს რესპუბლიკა“, 10 თებერვალი 1921;
- Н. Джавахишвили, Очерки истории грузино-балтийских взаимоотношений, Рига, 2015.
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი