ქარცივაძე დავით
ქარცივაძე დავით − (1871 − 1924), ქართველი სამხედრო, პოლიტიკური მოღვაწე და პოეტი. ფსევდონიმი – დ. მეჩონგურე. სამხედრო პირი, რევოლუციონერი. 1905 წლის რევოლუცია რომ დაიწყო, ის სარიყამიშში ასრულებდა პორუჩიკის თანამდებობას. ამ დროს ის უკვე სოციალ-დემოკრატიულ პარტიას ეკუთვნოდა. მან აიღო შვებულება და გამოემგზავრა საქართველოში და აქტიურად ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში. დეკემბრის აჯანყების დროს ის ითვლებოდა სამხედრო ხელმძღვანელად დასავლეთ საქართველოში. ეს არაჩვეულებრივი მოვლენა იყო. 1905 წ. ოფიცრობა მოძრაობას აშკარად მტრობდა და მეფის მთავრობას ეკედლებოდა. ამიტომაც იყო, როცა ხალხი დამარცხდა და ალიხანოვ-კრილოვებმა საქართველო აიკლეს, დათიკო შეიპყრეს და მოუნდომეს გაუსამართლებლად დახვრეტა. მხოლოდ გავლენიან პირთა ჩარევამ მეფის მოადგილის წინაშე იხსნა იმხანად ამ განსაცდელისაგან თავდადებული მებრძოლი. 1906 წ. ის გაასამართლეს და გადაუწყვიტეს კატორღა. 1917 წ. რევოლუციამ ის გაათავისუფლა ამ მძიმე სასჯელისაგან. დავით ქარცივაძე დახვრიტეს 1924 წელს
- განთიადი
- ზარბაზნები გრიალებენ,
- ბრძოლის ველი სისხლით ირწყვის,
- დაჭრილთა და მომაკვდავთა
- სიმწრის ოხვრა-კვნესა ისმის.
- ქარი ქრის და ტყე შრიალებს,
- ცა ღრუბლებით მოკაზმულა...
- ელავს, ჭექავს... ცა რისხდება −
- შესაზარად მოქუშულა.
- ღამე არის... არარა სჩანს,
- გამეფებულა წყვდიადი,
- მაინც ველით, ცა რიჟრაჟობს −
- ახლოვდება განთიადი.