ქეთსი ლილიან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლილიან ქეთსი

ლილიან ქეთსი - (ინგ. Lillian Vernon Cats, 18 მარტი 1927 წელი ლეიბციგი, გერმანია– 14 დეკემბერი 2015 წელი ნიუ-იორკი, აშშ). გერმანული წარმოშობის ამერიკელი ბიზნესმენი.

ბიოგრაფია

ლილიან ქეთსი დაიბადა 1927 წელს ლეიფციგში. ლილიანის თქმით, მისი მშობლები შრომისმოყვარეობითა და პატიოსნებით გამოირჩეოდნენ. ცხოვრებისეული პირობების გაუმჯობესების მიზნით მათი ოჯახი ჰოლანდიაში გადასახლდა, სადაც რამდენიმე წელი იცხოვრეს, ხოლო 1937 წელს აშშ-ში გადავიდნენ საბოლოოდ. ლილიანი ამ დროს ათი წლის იყო, მაგრამ ახალ სამშობლოში მიღებული თავისუფლების შეგრძნება მთელი ცხოვრების მანძილზე დაამახსოვრდა. მამა მისთვის ყველაზე ახლობელი ადამიანი იყო, რომელიც შრომისმოყვარეობასა და პატიოსნების გრძნობას უნერგავდა. სწორედ მამამ დაარწმუნა იგი, რომ ცხოვრების ნებისმიერ ასპარეზზე წარმატებების მიღწევა ქალებს მამაკაცებზე ნაკლებ როდი შეუძლიათ.

1949 წელს, ნიუ-იორკის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, ლილიანი დაქორწინდა სემ ხოჩბერგზე და ორი წლის შემდეგ, 24 წლის ასაკში პირველი შვილი შეეძინა. ისინი ნიუ-იორკის გარეუბანში, ერთ-ერთ პატარა ბინაში ცხოვრობდნენ. მას შემდეგ რაც შვილი შეეძინათ, ოჯახური ხარჯები გაიზარდა და 75 დოლარი, რომელიც სემის ყოველკვირეული ხელფასი იყო, უკვე აღარ ყოფნიდათ. ლილიანმა გამოიანგარიშა, რომ ნორმალური ცხოვრებისთვის საჭირო იყო კიდევ 50 დოლარი კვირაში. ამიტომ, მან გადაწყვიტა თვითონ მოეძებნა რაიმე საქმე და გამოემუშავებინა ეს თანხა. თავიდან რაიმე წარმატების დიდი იმედი არ ჰქონდა, მაგრამ მამამ საკმაოდ დიდი გავლენა იქონია მასზე და დააჯერა წარმატების შესაძლებლობაში.

ლილიან ქეთსმა ქორწილის დროს ნაჩუქარი 2 000 დოლარი საქმეში ჩადო და დააარსა საშუამავლო ფირმა “ვერნონ სპეშიალტიზ” (Vernon Specialties), რომელიც შესაბამისი მონოგრამებითა და წარწერებით ჩანთისა და ქამრის დამზადებაზე იღებდა შეკვეთებს. რადგან ოჯახური პირობების გამო სახლის მიტოვება დიდი ხნით არ შეეძლო, გადაწყვიტა ფოსტით მიეღო შეკვეთები. ნახატებსა და წარწერებს თვითონ ლილიანი მოიფიქრებდა, ხოლო შეკვეთებს მამამისი ასრულებდა. ყველაფერი გათვლილი იყო იმისთვის, რომ მომხმარებელს საქონელზე უარი არ ეთქვა, მაგრამ მისი მოძებნა მაღაზიებში და ხელმისაწვდომ ფასებში არცთუ ისე ადვილი იყო.

ჟურნალ “სევენთიინში (Seventeen) გამოქვეყნებული სარეკლამო განცხადებით, რომელიც მას 495 დოლარი დაუჯდა, დამწყებმა კომპანიამ პირველსავე ექვს კვირაში 16 ათასი დოლარის ღირებულების შეკვეთა მიიღო. მიღებული თანხა ლილიანმა რეკლამის გაფართოებას, ჩანთისა და ქამრის ახალი პარტიის შესყიდვას მოახმარა. მან მამამისისთვის არენდით აიღო სხვენი, სადაც დღისით მუშაობდა, ხოლო სხვა საკანცელარიო სამუშაოებს ღამით სახლში, სამზარეულო მაგიდაზე ასრულებდა. ფირმის მიერ შემოთავაზებული საქონლის ასორტიმენტი მალე გაფართოვდა - ჩანთასა და ქამარს დაემატა წიგნის ჩასადები, რომლის ღირებულება ერთ ცალზე ერთი დოლარი იყო. მეორე შვილის დაბადების შემდეგ, ლილიანმა გადაწყვიტა წარმოებაში ჩანთების საკუთარი მოდელი გაეშვა, - ასე დაიბადა “ვერნონ პროდაკტსი” (Vernon Products).

50-იანი წლების შუახანებში ჯერ კიდევ იშვიათი იყო ქალი-მეწარმეები და მათ ცოტა ირიბად უყურებდნენ. ლილიანსაც მრავალი სიძნელეების გადალახვა მოუხდა, სანამ აღიარებას მოიპოვებდა. თავიდან ბევრ ბანკირს მასთან საუბარიც კი არ უნდოდა, ხოლო მეზობლები თვლიდნენ, რომ ის ცუდი დედაა, რადგან შვილების აღზრდას საჭირო დროს ვერ უთმობდა და მათ მოსამსახურესთან ტოვებდა. მაგრამ თანდათანობით ყველაფერი თავის ადგილზე დადგა - ბანკირებთან მიაღწია მოლაპარაკებას, ხოლო, რაც შეეხება ბავშვებს, ლილიანმა თავისი სამუშაო დღე ისე გაანაწილა, რომ დრო ჰქონოდა ბავშვებთან ურთიერთობისა და საოჯახო საქმეებისთვის. დასუფთავებაზე, საჭმლის მომზადებასა და რეცხვაზე მოსამსახურე ზრუნავდა, ხოლო ლილიანი დადიოდა საყიდლად, უძღვებოდა საოჯახო მეურნეობას და მეზობლებთან რიგის მიხედვით მანქანით მიჰყავდა და მოჰყავდა თავისი და მეზობლის ბავშვები სკოლაში. რა თქმა უნდა, იყო შემთხვევები, როცა მისი დედობრივი მოვალეობა მეორე პლანზე გადადიოდა. როგორც ერთხელ შობადღეზე, როცა ბევრი შეკვეთა დაგროვდა, თავისი ბავშვები დედასთან გააგზავნა არდადეგებზე, თვითონ კი მთლიანად ჩაერთო მუშაობაში. რას იზამ, ლილიანი თვლიდა, რომ მსგავსი დაძაბულობა - ესეც წარმატებისთვის გაღებული საზღაურის ნაწილია: - “სხვა მომუშავე დედებისგან განსხვავებით, მე არ განვიცდიდი სინდისის ქენჯნას იმის გამო, რომ არ შემეძლო მთელი ჩემი დრო ბავშვებისთვის დამეთმო - ჩემთვის დედაჩემი მუშაობდა და მე ეს ბუნებრივად მეჩვენებოდა.”

1956 წელს სემმა დახურა თავისი მაღაზია და "ვერნონ სპეშიალთიზ"-ის მზა პროდუქციის საწყობად გადააკეთა. კომპანიის საწარმოო საამქროს ღირებულება იმ დროისთვის დაახლოებით მილიონი დოლარი იყო, საფოსტო შეკვეთების განყოფილება კიდევ ერთი მილიონი დოლარი. საქმე კარგად მიდიოდა, მაგრამ ოჯახური ცხოვრება კი - არა. 20 წლის ერთად ცხოვრების შემდეგ სემი და ლილიანი გაიყარნენ. ქონების გაყოფისას ლილიანმა გადაწყვიტა თავისთვის დაეტოვებინა საფოსტო შეკვეთების მომსახურების განყოფილება და ცხოვრებამ აჩვენა, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. გაყრიდან ერთი წლის შემდეგ ლილიანი მეორედ დაქორწინდა ბიზნესმენზე და განათლებით ინჟინერ რობი ქეთსიზე, რომელსაც თავისი საკუთარი საქმე გააჩნდა.

რამდენადაც ლილიანის შვილები იმ დროისთვის უკვე სტუდენტები გახდნენ, მან შეძლო თავისი თავი მთლიანად კომპანიისთვის მიეძღვნა. რეალიზებული პროდუქციის მოცულობა თავისი არსებობის 35 წლის მანძილზე, 1986 წლისთვის 137 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. 1970 წელს იგივე მაჩვენებელი მხოლოდ ერთი მილიონი დოლარი იყო.

რადგან კომპანიის მოცულობა მილიონებს ითვლიდა, ლილიანს მენეჯერების მოწვევაც დასჭირდა, რომლებსაც მსხვილ ფირმებში მუშაობის გამოცდილება გააჩნდათ. მაგრამ ბევრმა მათგანმა ვერ გაუძლო სწრაფად მზარდი საწარმოს მუშაობის მაღალ ტემპს და მაღალკონკურენციული ბაზრის პირობებში გადაწყვეტილების ოპერატიულ მიღებას. ამან ლილიანი მიიყვანა იმ აზრამდე, რომ მოქმედი საწარმოს მართვა და მეწარმეობა სხვადასხვა საქმეა:

"თუკი მე რაიმე შევისწავლე ბოლო 35 წლის მანძილზე, ესაა, - რამდენად მნიშვნელოვანია შეგეძლოს გამოიმუშაო მეწარმისა და მენეჯერის საუკეთესო თვისებები. მეწარმე და მენეჯერი, როგორც ტვინის ორი ნახევარსფერო, ნებისმიერი საწარმოს ჯანმრთელ ორგანიზმში ჰარმონიულად უნდა შეუთავსდნენ ერთმანეთს."

ყველა მიმდინარე საქმე გადააბარა რა მმართველებს, ლილიანმა შეძლო დიდი დრო დაეთმო კატალოგისთვის ახალი პროდუქციის ძიებაზე. ის ხშირად დადიოდა მივლინებებში (წელიწადში თითქმის 4 თვემდე გამოდიოდა), რადგან ყველა ნაკეთობა, რომელიც კატალოგში შედიოდა, მტკიცდებოდა პირადად მის მიერ. როგორც წესი, საქონელი იმ შემთხვევაში მოხვდებოდა კატალოგში, თუ ლილიანმა იცოდა, რომ ის თავისი ნაცნობებიდან ან მეგობრებიდან ვინმეს მოეწონებოდა. ლილიანი იყო ერთ-ერთი პირველი ამერიკაში, ვინც დაიწყო საქონლის იმპორტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან, სადაც ის 70-იან წლებში იმყოფებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ კატალოგის ფორმირება დიდ დროს ართმევს, ლილიანი ცდილობდა ყველა საქმის კურსში ყოფილიყო. ის თვითონ გამოწერდა ჩეკებს, ამტკიცებდა ფოტოსურათებს, უკეთებდა რედაქტირებას, ხოლო არც თუ იშვიათად თავად წერდა ტექსტებს ახალი პროდუქციისთვის - პროფესიონალები ტყუილად არ აღნიშნავენ მის კატალოგებში შესავალი ტექსტების მაღალ დონეს.

ლილიანის ფირმა პატარა საწარმოდან, რომლის საწყისი კაპიტალი 2000 დოლარი იყო, გადაიქცა კორპორაციად, რომლის წლიური ბრუნვა 80-იანი წლების ბოლოს 135 მილიონი დოლარს შეადგენდა. მას, ასევე, მრავალი ფილიალი გააჩნია იტალიაში, ჰონგ-კონგში, ნიუ-იორკის შტატში და ა.შ. ლილიან ქეთსი მხარს უჭერდა ინდივიდუალურ მეწარმეობას. მისი ფირმისთვის ნაკეთობათა 1500 მომწოდებლიდან, ბევრი საკუთარი ფირმის ერთპიროვნული მფლობელი იყო. თავის ერთ-ერთ გამოსვლაში მან მოუწოდა ხალხს მხარი დაეჭირათ მეწარმეებისთვის:

"ამით თქვენ აბანდებთ პოტენციალში, რომელმაც შეიძლება უზარმაზარი დივიდენდი მოიტანოს."

ის შედიოდა რამდენიმე საქველმოქმედო ორგანიზაციისა და ფონდის მმართველობის შემადგენლობაში, იყო "ქალთა ფორუმი და კომიტეტი-200"-ის წევრი, რომელიც აერთიანებდა ყველაზე ბრწყინვალე და წარმატებულ ხელმძღვანელ ქალებს ამერიკაში.

ნამდვილად, თავის წარმატებაში კომპანია პირველ რიგში ვალდებულია შრომისმოყვარე და საქმისთვის თავდადებული ლილიან ქეთსის წინაშე: "მძიმე შრომა, მუშაობა გვიანობამდე და არავითარი პირადი ცხოვრება _ აი, რისთვის უნდა იყო მზად, სანამ ამ გზას დაადგები, და თუ ბოლოს და ბოლოს წარმატება მოდის, ყველა ეს მსხვერპლი წვრილმანად გვეჩვენება."

ლილიან ქეთსის ბედი - ეს გარკვეული აზრით ტიპური მეწარმის ბედია, მაგრამ ბევრ რამეში არაფრით ჰგავს სხვებს.


წყარო

გამოჩენილ ბიზნესმენთა სამეწარმეო ცხოვრებიდან

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები