ქეილბოთი გუსტავ
გუსტავ ქეილბოთი– (Gustave Caillebotte, 1848-1894), ედგარ დეგას მეგობარი, რომლის წვლილი მნიშვნელოვანი იყო იმპრესიონისტების გამოფენების ორგანიზებაში, მათი ნამუშევრების შესყიდვის შედეგად, იმპრესიონისტების დიდი კოლექცია შეაგროვა.
ქეილბოთი ნატიფი ხელოვნების სკოლაში შესასვლელად კერძოდ ემზადებოდა აკადემისტ მხატვართან, მაგრამ საბოლოოდ იქ აღარ ჩაუბარებია. ქეილბოთს იზიდავდა ოსმანის პარიზის რადიალურად რეგულირებული ქუჩები ხშირად მისი კომპოზიციები პარიზის ბულვარების ცხოვრებას ასახავდა. მის სურათს "პარიზის ქუჩა, წვიმიანი დღე" სიღრმეში პერსპექტიულად აგებული, არასტანდარტული, ასიმეტრიული კომპოზიციური წყობა აქვს. სურათის მთავარი ობიექტი პარიზის ერთ-ერთი ფართო სველი ქუჩაა, სხვადასხვა მხარეს მიმავალი უცნობი პარიზელებით, ხელში წვიმისაგან აპრიალებული ქოლგები რომ უჭირავთ, რომლებიც სურათზე მკვეთრ სილუეტებად იკითხება. ყველაზე მკაფიოდ და სრულად წინა პლანზე გამოსახული ჩვენკენ მომავალი წყვილია წარმოდგენილი. ლამპიონის და შენობის მწვანე-ყავისფერი ფასადის ვერტიკალებს შორის მოქცეულ წყვილს ზემოდან ქოლგის ჰორიზონტალი კეტავს და ამით ისინი ერთგვარ მართკუთხა ფორმის ჩარჩოში ექცევიან.