ქვემო არტანი
ქვემო არტანი – სოფელი და საკურორტო ადგილი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის თიანეთის მუნიციპალიტეტში, დაბა თიანეთიდან 12 კმ-ში და ზღვის დონიდან 1170 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი – გორაკ-ბორცვიანი.
დამტკიცებულია, როგორც საკურორტო ადგილები, საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 22 ივლისის Nო655 ბრძანებულებით.
ჰავა − შუა მთის ქვედა სარტყლის. ზამთარი ზომიერად ცივია, მდგრადი თოვლის საფრით. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -4,7°C. ზაფხული ხანგრძლივია და გრილი. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 18,6°C. საშუალო წლიური ტემპერატურაა 7,5°C, საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა − 78%, ხოლო ნალექების წლიური რაოდენობა − 851 მმ. ნალექების მაქსიმუმი მოდის მაისზე, ხოლო მინიმუმი − იანვარზე.
ქვემო არტანის ტერიტორიაზე გავრცელებულია ხეხილის ბაღები (ვაშლი, ქლიავი და სხვ.), ხოლო მათ მიდამოებში – მუხნარ- რცხილნარი.
ქვემო არტანის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია შუა მთის ქვემო სარტყლის ჰავა და აეროიონებით გაჯერებული მთის ჰაერი.
ზემო არტანის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდია პასიური კლიმატოთერაპია.
ჩვენებები ქვემო არტანში წასასვლელად: დასვენება; ფილტვების ქრონიკული, არასპეციფიკური და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები; ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები.
ტურისტული ობიექტები:
ზემო არტანის მიდამოებში (ცხრაკარის სასახლის ნანგრევები (XI საუკუნე); ქალაქ ჟალეთის (XI-XII საუკუნეები) ნანგრევები; ხუროთმოძღვრული კომლექსი იხინჭა, ჟებოტის მიდამოებში (შუა საუკუნეები); უძველესი ქალაქის - ჟალეთის ნანგრევები (X-XII საუკუნეები) და სხვ.).