ქონსთებლი ჯონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯონ ქონსთებლი. ურემი თივის ზვინით, 1821; ტილო, ზეთი, 130.2X185.4 სმ. ეროვნული გალერეა, ლონდონი. ჰენრი ვოგანის საჩუქარი, 1886

ჯონ ქონსთებლი – შეძლებული მეწისქვილის შვილის, ჯონ ქონსთებლის (John Constable, 1776-1837) თქმით, სამხრეთ ინგლისის მშობლიურმა მშვიდმა ლანდშაფტმა იგი მხატვრად მანამდე აქცია, სანამ ფუნჯს აიღებდა ხელში. მიუხედავად იმისა, რომ ქონსთებლი სამეფო აკადემიაში სწავლობდა, მასზე დიდი გავლენა მოახდინა XVII საუკუნის ჰოლანდიურმა პეიზაჟურმა ფერწერამ. 1816 წელს ლონდონში გადასვლის შემდეგ ქონსთებლმა მონუმენტური ზომის სოფლის ხედების (რომლებიც "sixs-footers" - ექვსფუტიანის სახელითაა ცნობილი) ხატვას მიჰყო ხელი. ეს პეიზაჟები ქონსთებლს ისევე მნიშვნელოვნად მიაჩნდა, როგორც ისტორიული ჟანრის სურათი. ქონსთებლის ერთგულება თანამედროვე ინგლისური თემებისადმი იმდენად ძლიერი იყო, რომ იგი 1832 წელს ინგლისის ხელოვნების ეროვნული გალერეის დაარსებას შეეწინააღმდეგა; მოტივი კი ის იყო, რომ გალერეას, შესაძლოა, ხელი შეეწყო უცხო და მოძველებული თემებისა და სტილის დამკვიდრებისთვის. 1821 წელს ქონსთებლის მიერ შესრულებული სურათი ურემი თივის ზვინით ინგლისის მშვიდ, წყნარ პეიზაჟს ასახავს. ქონსთებლი ხასხასა ფერებით ვიზუალურად ზუსტად აღწერს გარემოს და ამით მნახველს აიძულებს, ირწმუნოს, რომ სურათზე ასახული ბუნება მართლაც უშუალოდ ნატურიდანაა აღებული. სასურველი ფერადოვნების მისაღწევად ქონსთებლი უამრავ ესკიზსა და ჩანახატს ქმნიდა პლენერზე, მაგრამ ნამუშევარს საბოლოოდ სახელოსნოში საგულდაგულოდ ასრულებდა. სურათის ზომები ისტორიული ლანდშაფტური პეიზაჟისთვისაც კი ძალიან დიდია. ურემი თივის ზვინით გვიჩვენებს ინგლისს ისეთს, როგორიც ის, ქონსთებლის წარმოდგენით, საუკუნეების განმავლობაში იყო - მყუდრო, იდილიური სოფლური ყოფით. მხატვარი სურათზე საგულდაგულოდ ამოხატული დეტალებით ზუსტად გადმოსცემს ბუნების ხასიათს, ამინდს. თუმცა, უბრუნდება რა სოფლის წარსულ ყოფას, რომელიც ინდუსტრიალიზებულ ინგლისში სწრაფად ქრებოდა, სურათი ღრმად ნოსტალგიურ ელფერსაც იძენს.

წყარო

ხელოვნების ისტორია XVIII საუკუნიდან დღემდე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები