ქოული თომას
თომას ქოული – (thomas Cole, 1801-1848) პეიზაჟის ერთ-ერთი პირველი დიდი პროფესიონალი ოსტატი იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში. ქოული 17 წლის ასაკში ინგლისიდან ემიგრაციაში მიდის და 1820 წლამდე, როგორც მოგზაური პორტრეტისტი მუშაობს. 1829-1832 წლებში თავისი მფარველის დახმარებით იგი ევროპაში მოგზაურობს; შეერთებულ შტატებში დაბრუნების შემდეგ ქოული ნიუ იორკში დასახლდა და წარმატებული პეიზაჟისტის სახელი დაიმკვიდრა. იგი ესკიზებს თავისი ნამუშევრებისთვის ბუნებაზე უშუალო დაკვირვების შედეგად ასრულებდა. სურათზე უღელი წინა პლანზე მხატვარმა საკუთარი თავი გამოსახა; იგი ჩვენსკენ, მაყურებლისკენაა მობრუნებული. ესკიზებს ქოული ზეთის საღებავებით პორტატულ მოლბერტზე ხატავდა, მაგრამ, როგორც მისი თაობის პეიზაჟისტი მხატვრების უმეტესობა, დიდ, დასრულებულ ნამუშევრებს სტუდიაში, ზამთრის განმავლობაში ქმნიდა. ეს ტილო ქოულმა ნიუ იორკში დიზაინის ნაციონალურ აკადემიაში გამოსაფენად შექმნა. სწორედ ამან განსაზღვრა ტილოს დიდი ზომა. მხატვრის აზრით, სურათი პეიზაჟს წარმოადგენდა, რადგან მასში კონკრეტული ადგილი და დრო იყო ასახული. ამ მასშტაბურ ტილოზე წარმოდგენილია დასავლეთ მასაჩუსეთსში მდებარე ჰოლიოკის მთის მწვერვალიდან დანახული მდინარე ქონექთიქუთის ხეობის ერთი თვალწარმტაცი ადგილის (რომელსაც „უღელს“ ეძახიან) ფართო ხედი. ქოული წერდა, რომ ამერიკულ პეიზაჟს აკლდა ისტორიული ძეგლები, სწორედ ის, რაც ევროპულ პეიზაჟს საინტერესოს ხდიდა; მდინარე ჰუძონის ნაპირებზე ვერ ნახავდით ისეთ სასახლეებს, როგორსაც რაინზე; ამერიკაში არც ისეთი უძველესი ძეგლები არსებობდა, როგორიც რომში. მაგრამ, მხატვრის აზრით, ამერიკის ბუნების ისეთი საოცრებები, როგორიც ამ სურათზე ასახული „უღელი“ იყო, ამერიკის ეროვნულ საგანძურად უნდა განხილულიყო. სურათის სახელწოდება მიგვითითებს, რომ ქოულმა რეალური ადგილი აღბეჭდა. მაგრამ, სხვა პეიზაჟისტი მხატვრებისგან განსხვავებით, რომლებიც თავიანთ ნამუშევრებში ისტორიული მოვლენის ასახვას მეტ მნიშვნელობას ანიჭებდნენ, ქოულმა ტილოზე, ციცაბო კლდითა და ცის დრამატული ელფერით, მხოლოდ ლანდშაფტის სიდიადე და მნიშვნელოვანება გადმოსცა. შავი ღრუბლები და მთა ორ ნაწილად ყოფს პეიზაჟს. ქოული ერთმანეთს უპირისპირებს ამერიკული ლანდშაფტის ორ მხარეს: ქარბუქიან, უდაბურ ადგილსა და დასახლებულ პასტორალურ ხეობებს. ჩაწყნარებული ქარბუქი თითქოს მიანიშნებს, რომ ბარაქიანი მიწა უხვად გაიღებს თავის ნაყოფს ადამიანებისათვის.