ქუთათელაძე ნინო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ქუთათელაძე ნინო − (1952), პოეტი. დაიბადა თბილისში. 1975 წელს დაამთავრა თსუ. მუშაობდა საქართველოს ტელერადიო კორპორაციის ლიტერატურის განყოფილების გამგედ. გამოცემული აქვს კრებულები: „ფოთლის ფარდა” (1980), „სამი მონოლოგი” (პოემები) (1985), „მუსიკა სცენიდან” (1989), „თეთრი ათინათი” (1991) ,„ჰოი , ლიპარიტ!” (1999).
- * * *
- არავის კარზე არ მიმღერია,
- არც სიტყვა მითქვამს
- ჩემდა სარგებად,
- არაფერია, არაფერია
- და არაფერიც მალე თავდება.
- იქნებ არაფერს თავის ფერი აქვს,
- ხან სისხლად ჟონავს,
- ხანაც ხუნდება...
- მაგრამ სიცოცხლე გადამელია
- და არაფერი არ დაბრუნდება,
- არაფერი ნთქავს ღამის ნაღვერდალს,
- დღისით ცეკვავს და თანაც დაჰმღერის:
- „არაფერია, არაფერია,
- არაფერია ჩემი სახელი!”
- ვისაც არაფრის არ ეშინია,
- აბა, გაუძლოს არაფრის სივრცეს!
- როცა ცხოვრებაც არაფერია
- და არაფერი შიგ სულში გიმზერს.