ქუთათელაძე გურამ (მხატვარი)
გურამ (ხიტა) ქუთათელაძე – (დ. 29 მარტი, 1924, თბილისი ― გ. 29 ნოემბერი, 1979, თბილისი), მხატვარი, საქართველოს მხატვართა კავშირის მდივანი (1974-1979), საქართველოს სსრ დამსახურებული მხატვარი. თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი (1983, სიკვდილის შემდეგ).
დაიბადა 1924 წელს ცნობილი ქართველი მხატვრის აპოლონ ქუთათელაძის ოჯახში და აღიზარდა თბილისში; საშუალო სწავლების დამთავრების შემდეგ, 1940 წელს, შევიდა მოსკოვის სურიკოვის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო ინსტიტუტში, ფერწერის ფაკულტეტზე, ა. ოსმიორკინისა და ს. გერასიმოვის კლასში; 1942 წელს სწავლას განაგრძობს თბილისის სამხატვრო აკადემიაში, ხოლო 1945 წელს კვლავ უბრუნდება მოსკოვის სურიკოვის სამხატვრო ინსტიტუტს, რომელსაც ამთავრებს და 1949 წელს უკვე საბოლოოდ ბრუნდება საქართველოში.
1955 წელს გურამ (ხიტა) ქუთათელაძეს მხატვართა კავშირის წევრად იღებენ; 1965 წელს მუშაობას იწყებს თბილისის სამხატვრო აკადემიაში ხატვის კათედრაზე უფროს მასწავლებლად; ამავე წელს რესპუბლიკის დამსახურებული მხატვრის წოდებას ანიჭებენ; 1974-1979 წლებში საქართველოს მხატვართა კავშირის მდივანია და პარალელურად სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტის პედაგოგია პროფესორის ხარისხში.
გურამ ქუთათელაძის შემოქმედების ძირითადი თემა პეიზაჟია, მან შექმნა პეიზაჟური ხელოვნების ისეთი მნიშვნელოვანი ნაწარმოებნი, რომელნიც თავისი მხატვრული გადაწყვეტით და მასშტაბით სცილდება პეიზაჟის ჟანრის ჩარჩოებს. გურამ ქუთათელაძე დახვეწილი გემოვნების და უტყუარი „სმენის“ კოლორისტია, რომელმაც შეძლო ბუნებით აღძრული საკუთარი შეგრძნებების ფერის ენაზე გადატანა.
გურამ ქუთათელაძე თავისი მაღალი გემოვნებისა და საკუთარი თავისადმი დიდი მომთხოვნელობის გამო, შეიძლება ითქვას, რომ ჩრდილში მდგომი მხატვარი იყო; პოპულარული და დაფასებული იყო იგი უფრო მეტად ფერწერის მცოდნეთა და მხატვართა წრეებში. მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ, 1981 წელს შედგა მხატვრის ნამუშევართა პირველი პერსონალური გამოფენა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო გალერეაში, რომელმაც დამსახურებული სახელი მოუტანა მას.
გურამ ქუთათელაძის ნამუშევრები ოთხმოციან წლებში ექსპონირებული იყო გერმანიასა და იტალიაში, საბერძნეთსა და ბელგიაში, შვედეთსა და ესპანეთში; მხატვრის ნამუშევრები შეძენილი აქვთ ხელოვნების მუზეუმს თბილისში, ტრეტიაკოვის გალერეას და აღმოსავლეთის ქვეყნების ხელოვნების მუზეუმს მოსკოვში; ნამუშევართა ძირითადი ნაწილი დაცულია თბილისში, მხატვრის სახელოსნოში მოწყობილი მუდმივი გამოფენის სახoთ.
1983 წელს გურამ ქუთათელაძეს (სიკვდილის შემდეგ) ბოლო წლების ფერწერული ნაწარმოებებისათვის („გვიანი შემოდგომა“, „ძველი საბურთალო“, „ხედი სახელოსნოდან“, აგრეთვე სერია „ქართული ნატურმორტი“ და სხვ.) შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა.
გურამ ქუთათელაძე გარდაიცვალა 1979 წელს, დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.