ქულაჯა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქულაჯა

ქულაჯა - მამაკაცის ზედა ტანსაცმელი. XIX ს-ის II ნახევარში გავრცელებული იყო აღმოსავლეთ საქართველოს ბარსა და იმერეთში.

თავადაზნაურები ახალუხს ზემოდან იცვამდნენ. ცხენოსნები ბრძოლის, ჯირითის ან თამაშის დროს უჩოხოდ იცვამდნენ. ქულაჯა წელში გადაჭრილი და ნაოჭასხმული იხმარებოდა. ჰქონდა სწორი, გრძელი, ზოგჯერ იდაყვებამდე დაშვებული სახელოები. კერავდნენ ძვირფასი (უმეტესად ხავერდი) და ფერადი (შინდისფერი, ლურჯი) ქსოვილისაგან. ზამთარში ეცვათ ბეწვსარჩულიანი, სხვა დროს - აბრეშუმის, სატინის სარჩულიანი და ნაპირებზე ბეწვმოვლებული. ქულაჯის შესამკობად იყენებდნენ ოქრომკედის ან სირმა-ქსოვილის ზონრებს, ფერადი აბრეშუმის თუ ტყავის ნაჭრებს, ყაითანს. იკრავდნენ გულისპირთან დაკერებული ღილ-კილოებით, აგრეთვე ყელთან ორმხრივ გამობმული, ბურთულებდაკიდებული ზონრებით.


2. კაცის თბილი ჩასაცმელი ჩოხის თარგისა, უსაქილებო, გულდახურული და მაღალსაყელოიანი. ზოგჯერ ჩოხა-ქულაჯასაც უწოდებდნენ. კერავდნენ მუქი (ყავისფერი, ლურჯი, რუხი) ქსოვილისაგან. ქულაჯის ნაპირებს ამკობდნენ შავი აბრეშუმის გრეხილით, საყელოსა და ჯიბის ნაპირებს - კრაველის ან ცხვრის ფერადი ტყავით. სარჩულად უდებდნენ თბილ ქსოვილს.



წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები