ღაზარიანი აშოთ
აშოთ ვაგარშაყის ძე ღაზარიანი – (11.07.1921-18.10.1995) სომეხი გენერალ-მაიორი (29.04.1970) საბჭოთა კავშირის გმირი (24.03.1945).
დაიბადა ტფილისის გუბერნიის, ბორჩალოს მაზრის, სოფელ ჩიფთ-ქილისაში. 1935 წელს დაამთავრა სოფელ ხაჩკოის საშუალო სკოლის 7 კლასი, ხოლო 1938 წელს ქ. თბილისის საშუალო სკოლის 10 კლასი.
ქ. თბილისის სამხედრო კომისარიატის მიერ იქნა გაწვეული წითელ არმიაში. ჯარში მსახურობდა 1939 წლიდან, ქვეით ნაწილებში (ლენინგრადის სამხედრო ოლქში). მონაწილეობდა საბჭოთა კავშირ-ფინეთის (1939-1940) წლების ომში.
1940 წლის იანვარ-მარტში მსახურობდა 286-ე მსროლელი პოლკის მეტყვიამფრქვევედ.
1940 წელს დაამთავრა საპოლკო სკოლა. მეთაურობდა ქვეით ოცეულს (ბალტიისპირეთის სამხედრო ოლქში). მონაწილეობდა (1941-1945) წლების სსრკ დიდ სამამულო ომში.
1941 წლის ივნის-აგვისტოში მონაწილეობდა თავდაცვით ბრძოლებში ბალტიისპირეთში და ლენინგრადის შორეულ მისადგომებთან.
1941 წლის 12 აგვისტოს მძიმედ დაიჭრა მარცხენა ბეჭში და, 1941 წლის დეკემბრამდე იმყოფებოდა ქ. ლენინგრადის და ქ. სოკოლის (ვოლოგდის ოლქი) სამხედრო ჰოსპიტლებში.
1942 წელს დაამთვრა უმცროსი ლეიტენანტების კურსები.
1941 წლის ივლის-1944 წლის იანვარში-მეთაურობდა 196-ე ცალკეულ სატანკო ბრიგადის, მსუბუქი ტანკების ოცეულს და ასეულს, იყო ტანკის მეთაური (კალინინის და დასავლეთის ფრონტები). მონაწილეობდა ბრძოლებში რჟევის მიმართულებით, რჟევ-ვიაზმას, ორიოლის და სმოლენსკის შეტევით ოპერაციებში.
1942 წლის 31 აგვისტოს და 1943 წლის 13 აგვისტოს იქნა დაჭრილი, მაგრამ დარჩა მწყობრში.
1944 წლის იანვარ-აგვისტოში მსახურობდა ზურგში მოქმედი სატანკო ბატალიონის მეთაურის მოადგილედ, 1944 წლის აგვისტო-დეკემბერში მსახურობდა, ხარკოვის სატანკო სასწავლებლის საკურსო ბატალიონის მეთაურის მოადგილედ.
1944 წლის დეკემბრიდან 1945 წლის აპრილამდე მეთაურობდა მე-3 ბელორუსიის ფრონტის, 117-ე სატანკო ბრიგადის სატანკო ბატალიონს. მონაწილეობდა აღმოსავლეთ-პრუსიის ოპერაციაში.
1945 წლის 20 იანვარს დაიჭრა, მაგრამ დარჩა მწყობრში.
1945 წლის 17-23 იანვარს ტანკისტებმა მისი მეთაურობით, ბრძოლებით გაიარეს 150 კმ, გაათავისუფლეს ათობით დასახლებული პუნქტი, გაანადგურეს მოწინააღმდეგის ტექნიკისა და, ცოცხალი ძალის დიდი რაოდენობა და, აიყვანეს ტყვედ 1000-მდე ჰიტლერე ლი.
სსრკუმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა თავდადებისათვისა და მამაცობისათვის რომელიც გამოიჩინა ბრძოლებში, გვარდიის კაპიტან აშოთ ვაღარშაყის - ძე ღაზარიანს, 1945 წლის 24 მარტის ბრძანებულებით მიანიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება, ლენინის ორდენისა და მედალ ოქროს ვარსკვლავის გადაცემით.
1949 წელს დაამთავრა ჯავსანსატანკო და მექანიზირებული ჯარების სამხედრო აკადემია. მსახურობდა სატანკო პოლკის შტაბის უფროსად და სატანკო პოლკის მეთაურად (ამიერ კავკასიის სამხერო ოლქში), სატანკო დივიზიის მეთაურის მოადგილედ და სატანკო დივიზიის მეთაურად (საბჭოთა ჯარების ჩრდილოეთის ჯგუფში და ურალის სამხედრო ოლქში).
1969-1987 წლებში მსახურობდა სომხეთის სსრ სამხედრო კომისრად.
1987 წელს გადადგა სამხედრო სამსახურიდან წლოვანების გამო. ცხოვრობდა ქ. ერევანში. დაკრძალულია ერევანში, თოხმახის სასაფლაოზე.
საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის დაჯილდოებული იყო ლენინის (1945), წითელი დროშის (1942,1943), სამამულო ომის I ხარ.(1985), შრომის წითელი დროშის, წითელი ვარსკვლავის (1955), სსრკ შეიარაღებულ ძალებში სამსახურისათვის III ხარ. ორდენებით.
მას მინიჭებული ჰქონდა სომხეთის სსრ სახელმწიფო პრემია (ლიტერატურის დარგში). ავტორია წიგნებისა „Четверть века на танках“ Ер., 1972, „Война, люди, судьбы“ Ер., 1975, „Присяга на всю жизнь“ М., 1988.