ღები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ღები – სოფელი საქართველოში, რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში. ადგილობრივ შეიძლება შეგხვდეთ სოფლის მეორე სახელი რაჭისთავი, რაც მარტოოდენ მის გეოგრაფიულ მდებარეობაზე არ უნდა მიგვანიშნებდეს; ეს სახელწოდება სოფელს, ალბათ, მისი დაწინაურებული მდგომარეობის გამო შეერქვა. ღები ისტორიულად ძლიერი, ხალხმრავალი სოფელი იყო; იგი გამოირჩეოდა აღებ-მიცემობის დიდი მასშტაბებით; ღებელები ხომ იმთავითვე სახელგანთქმული ჩოდრები ანუ ცოცხალი პირუტყვით მოვაჭრე ხალხი იყო. ამასთანავე ღებელები მხიარულებითა და ენაკვიმატობითაც გამოირჩეოდნენ.

სახელწოდება

ვახუშტი ბატონიშვილი ზემო რაჭის სოფლებთაგან განსაკუთრებით გამოყოფს ონს, ჭიორას და გლოლა-ღებს: „არს გლოლა, დაბა მგზავსი ციხისა, კოშკოვან-გოდლოვან-ზღუდიანი. შიგ ეკლესია, აღვსილი ოქრო-ვერცხლის ხატითა და ჯვარითა და წიგნებითა, ძველადვე ხიზნულნი… არს ჭიორა, დაბა მოზღუდვილი და კოშკოვანი, გოდლოვანი. ამას ზეით, ჩდილოთ კერძოდ, დაბა არს ღები, ეგრეთვე ნაშენი… მაგარი, ვიწრო და შეუალი მტერთაგან“. ღების ეტიმოლოგიას ვახუშტის ნაშრომში ვერ ვხვდებით. როგორც ჩანს, ხალხური ვერსია – სოფელ ღების საღებავ- (ღებვა) სიტყვისაგან მომდინარეობის თაობაზე მის დროს ცნობილი არ. ყოფილა. აქაურთა თქმით სოფელს ღები იმიტომ შერქმევია, რომ აქ ითხრებოდა საღებავი მიწა (ლები?), რომლითაც შალეულს და ყოველგვარ ქსოვილს ღებავდნენ.

სპეციალისტები მიუთითებენ, რომ ღები წარმოშობით სვანურია: ღვებ||ღებ ფუტკრის გობს ანუ სკას აღნიშნავს. ასეთი რამ ზემო რაჭის ტოპონიმიისათვის მოულოდნელი არ არის, რადგან ამ კუთხეში სვანური წარმომავლობის .ოიკონიმები, ანუ სოფლების სახელები აქა-იქ თუ იჩენს თავს (სვანურის გავლენის კვალი უფრო ხელშესახებია ლეჩხუმის ტოპონიმიაში) ოღონდ ღები უნდა გავიაზროთ არა როგორც უშუალოდ ფუტკრის სკა (გეჯა, გობი), არამედ როგორც „საფუტკრე ადგილი“, „ადგილი, სადაც ფუტკრის სკებს დგამენ გაზაფხულ-შემოდგომობით“


წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები