ღვინის აღმართი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Rvinis aRmarTi.png

ღვინის აღმართი – ქუჩა თბილისში, ძველი თბილისის რაიონი (მეტეხი. ავლაბარი); ევროპის მოედნიდან ავლაბრის მოედნამდე. „საჩინოს“ სასახლის ციხის ძირზე გამავალი მოკლე, ციცაბო, მოხვეული აღმართი მტკვრის მარცხენა სანაპიროზე. ძვ. თბილისის ერთ-ერთი კოლორიტული ქუჩა. აქ განლაგებული იყო ღვინითა და არყით მოვაჭრეთა რიგები. ადრე დიდი სირაჯხანა და სირაჯხანის აღმართი ერქვა (სპარსულად „სირაჯ“, „სირაჩ“ მეღვინეს ნიშნავს, „ხანა“ – სახლს). ამ აღმართზევე იყო ძვ. თბილისის ღვინის მთავარი ბაზარი, რომელიც კახეთიდან ტიკებით (მოგვიანებით ხის კასრებით) ჩამოტანილი ღვინით მარაგდებოდა. ქუჩას ღვინის აღმართი ეწოდა XIX საუკუნის 70-იან წლებში და ეს სახელი დღემდე შემორჩა. დატანილია თბილისის 1876 წლის გეგმაზე. განაშენიანება ძირითადად XIX ს. ბოლო ათწლეულში დაიწყო. უბნის რეკონსტრუქციის დროს (XX ს. 80-იანი წლებში. ხელმძღვანელი არქიტექტორი გ. ბათიაშვილი) ქუჩის ერთ-ერთ სარდაფში აღადგინეს ღვინის მცირე დუქანი (არქიტექტორი ვ. ორბელაძე). აღმართის დასაწყისში იყო დ. სარაჯიშვილის ღვინისა და სპირტის მიწისქვეშა სარდაფები. შემონახულია XIX საუკუნის II ნახევრის საცხოვრებელი სახლები.


წყარო

ენციკლოპედია: თბილისი ქუჩები, გამზირები, მოედნები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები