ღორეშა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ღორეშა – სოფელი საქართველოში, ზემო იმერეთში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში. გაშენებულია კვადოურას ხევის ორივე ნაპირზე. „კვადოურა დინარე არ არი, მოსიარულე წყალია, ღორეშას ორ ნაწილად ყოფს“. „ჩვენთან დინარე წყალი ბევრია. ჩამოდის, ელუბრას უძახიან, ჩემო ბატონო. ხუცისოულ ღელეს ვიტყვით ჩვენე კიდო. კვადოურა არი, იმან იცის ძანიალი ადიდება, ხან ერთ მხარეს გადავარდება, ხან მეორე ხარეს, მოსიარულე წყალს უძახით იმას ჩვენე. არის კიდო პატარვანი წყაროწყლები, მარა ყველეს ვინ მოყობა!" (დავით ორჯონიკიძე, ქ. თბილისი).

სახელწოდება

ხალხური განმარტების. მიხედვით სახელწოდება ღორეშა თურმე გარეული ღორის სიმრავლეს უკავშირდება. „როცა მოვიდენ, ეს ხალხი ჩაესახლენ, თა იყო ეს მიდამოები და გარეული ღორები იყვენ და დაარქეს ღორეშა“.

სხვაგვარი გადმოცემით სოფლის სახელი ღორეშა თურმე გარეული ღორის ეშვებთან ყოფილა კავშირში: „აქანა იტყვიან დიდვან ტყეებს, კაცი ვერ გეიარდა. ყოფილა ასე. უმანდელი რაც გამიგონია, ასთეა, რომეო უმოწყალო ცოდნია ჩვენს ტყეში ღორი. უმალამდელი ამბავია, ახლა როა, ასთე კარ ყოფილა. ცოდნია უმოწყალოთ გარეული ღორი. აქანა ყოფილა რაჭიდგან გადმოსული სამი ძმა, სამივე კაი-კაი მონადირე, სუ გამზადილი ქონებია იარაღი. იმათი მონახსოვრე ახლა აღარავინაა, ბაბუასგან მაქ განაგონები. როიცა რო დააპირებდენ ნადირობას, გაამზადებდენ კინას დათვისათვი ან გლის დასაჭირავათ, გაიმზადებენ საგძალს, ნავახშმიეფს დეისვენებდენ კაათ, მერე დილაბინდში ისთე გევიდოდენ სახლიდანი, არავის რო არ ცოდნებოდა, შეიპარავდენ ფეხს. ამათ ნავხეს, რო ჭერეხივითაა დაყრილი ღორის ეშვი. დოუწყენ თვალიერი, რა არი, სიდანი არი. თვალცხად ღორის ეშვია, სათვალავი არ ქონებიენ! ახლა ამგენს ჭვალი ასვიენ, რო თელათ ეს ღორის ეშვი წამეიღონ და მოიტანონ უკლებლივ, იჭვირთეს ეს ამოდენი ეშვი, მოდიენ ჩაგანძულივით. – რაიაო, რო კითხენ, ვერ დამალენ, გოუმცხადენ, რო ასოე და ასთე ნავხეთ, თლა ღორის ეშვია დაგებული ჩვენს ტყეშიო. მას შემდეგ სოფლიზა დოუთქმევია ღორ-ეშვა იგივე ღორეშა“ (დავით ორჯონიკიძე, თბილისი, 1979).

გადმოცემა უთუოდ მიმზიდველი და მრავლის მთქმელია. თუ გავითვალისწინებთ იმ ვითარებას, რომ ნებისმიერი კუთხის ტოპონიმია აქ მცხოვრები ხალხის ენობრივ (დიალექტურ) ნორმებს არის დაქვემდებარებული, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ ღორეშა ზემო იმერული დიალექტის კუთვნილებაა და მისი ახსნაც ამ დიალექტის მონაცემებით უნდა ვცადოთ. ჩვენი ფიქრით ღორეშა ორი ფუძისაგან შედგება: ღორ- (იგივე ღვარ-) და ზმნური რეშ- (რეშავს; და-რეშ-ილ-ი, და-რეშ-ვ-ა) ძირი. ზემოიმერული დიალექტის მიხედვით დარეშვა ნიშნავს ერთბაშად მრავალი რაღაცის (მცენარე, ხეები…) მიჯრით დაფენას, დაწვენას: „თელი ყანები დარეშილია“. ადამიანებზედაც ითქმის, როცა რამდენიმე პირი ერთდროულად ავად შეიქნება. შდრ. „თელი ოჯახი დარეშილია სახადით“. იმერულშივე ცნობილია მრეში წვიმა. სოფ. ვახანში დადასტურებული მიკროტოპონიმი ნარეშავი (ვენახის ნაკვეთია), რომელიც იმავე რეშავს ზმნისაგან არის წარმოქმნილი. ამავე ზმნისაგან ჩანს მიღებული რეში („ფიცხი“, „გააფთრებული"). რეშვა, დარეშვა დიდი წვიმის აღმნიშვნელი სიტყვაა ზემო იმერეთში: „ისე დარეშა, რო სულ წალეკა ყანები“. სიტყვა რეში (დიდი წვიმის მნიშვნელობით) ქართლურ დიალექტშიც დადასტურდა, თუმცა ეს ფაქტი იმერიზმად უნდა ვგცნოთ, რადგან რეში, დარეშვა იმერეთის მომიჯნავე სოფ. ჩუმათელეთის მეტყველებაშია ფიქსირებული. ამას გარდა ზემო იმერეთის (ხარაგაულის რ.) მიკროტოპონიმიაში გვხვდება რეშ- ფუძისაგან წარმოქმნილი ჰიდრონიმებიც. ახალსოფელში (ფარცხნალის სას. ს.ე, დასტურდება ღელისა და მინდვრის სახელი მარეშელა. აქვეა მარეშელას წყარო, ს. ხიდარში კი მოედინება მდინარე-ხევი მარეშელას ღელე. სოფ. ხიდარისავე ერთ-ერთ უბანს ღელის სახელი მარეშელა ეწოდება.

როგორც მოყვანილი მაგალითები ცხადყოფენ, რეშ-||რიშ- ძირები მნიშვნელობით დიდ წვიმას, თქეშს, ღვარცოფს უკავშირდება; დარეშილი, ჩარეშილი, გადარეშილი კი ამგვარი წვიმა-დელგმის შედეგს აღნიშნავს. ამდენად შეუძლებლად არ გვეჩვენება იმის დაშვება, რომ ღორეშა (ღვარეშა) ისეთ ადგილს უნდა შერქმეოდა, რომელსაც მდინარე-ხევები ხშირად რეშავს, ქვაღორღით ღა სილით მორეშავს; დარეშილი ადგილები.


წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები