ღორის აფრიკული ჭირი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ღორის აფრიკული ჭირი

ღორის აფრიკული ჭირი - (მონტგომერის დაავადება) მწვავედ მიმდინარე კონტაგიოზური დაავადებაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ციებცხელება, სხვადასხვა ორგანოს ჰემორაგიული ანთება და მაღალი ლეტალობა. ავადდება ყველა ასაკის ღორი წლის სეზონის, შენახვის სისტემისა და პირობების მიუხედავად. ამთვისებელია გარეული ღორიც.

დაავადების აღმძვრელია ვირუსი. იგი კარგად ვითარდება ლეიკოციტებში, ძვლის ტვინის უჯრედებში და იწვევს მათ ცვლილებებს, რის შედეგად ეს უჯრედები ერითროციტებს ადსორბირებენ და მათ ლიზისს ახდენენ.

აღმძვრელი ძლიერ გამძლეა გარემო ფაქტორების მიმართ. ავადმყოფი ღორის შარდში, 4° ტემპერატურაზე იგი სიცოცხლის უნარს 60 დღის განმავლობაში ინარჩუნებს, ფეკალში - 160 დღეს, გაყინულ ხორცსა და 2° ტემპერატურაზე შენახულ ძვლის ტვინში - 150 დღეს. აფრიკული ცხელების ვირუსით დაინიფიცირებული ნიადაგი ინფექციის გადაცემის ფაქტორია ოთხი-ხუთი თვის განმავლობაში. მის ინაქტივაციას იწვევს 2%-იანი მწვავე ნატრიუმის ზემოქმედება.

ჯანმრთელი ღორი ავადდება დასნებოვნებულ ღორთან კონტაქტით, აგრეთვე სასაკლაოს, ხორცის გადამმუშავებელი და კვების მრეწველობის საწარმოების გაუვნებელი ანარჩენების, ასევე დაინფიცირებული სხვა საკვებით მისი კვებისას. აღმძვრელის გადატანა შესაძლებელია Ornitodhoros-ის გვარის ტკიპების მიერაც. ორგანიზმში შეჭრილი ვირუსი სისხლძარღვებისა და ლიმფური სადინარების ენდოთელურ უჯრედებში ხვდება, სადაც მრავლდება, რაც მის გაფაშრებას და ქსოვილებში სითხის გამოსვლას იწვევს. შედეგად, ვითარდება შეშუპება, ხდება სისხლძარღვების დახშობა შემდგომი სისხლჩაქცევებით, რასაც თან სდევს ქსოვილების, გულის, თირკმელების, სხვა ორგანოების მუშაობის დარღვევა, სისხლის შეგუბება და პერიკარდიუმში, გულმკერდისა და მუცლის ღრუებში ექსუდატის დაგროვება.

დაავადება მწვავე და ზემწვავე ფორმებით მიმდინარეობს. ინკუბაციური პერიოდი 2-3 დღე გრძელდება. მისი პირველი ნიშანია სხეულის ტემპერატურის მატება 40,5-42°-მდე, რაც ცხოველის სიკვდილამდე ნარჩუნდება. პირველი ორი დღის განმავლობაში ღორი აღგზნებულია. აღინიშნება ქუთუთოების შეშუპება და კატარული კონიუნქტივიტი წერტილოვანი სისხლჩაქცევებით. თვალის შიდა კუთხეში ქერქების სახით რუხი ყავისფერი ექსუდატი გროვდება. დაავადების გამოვლენა მესამე-მეოთხეს დღეს ძლიერდება. ღორი უხალისოდ გადაადგილდება, უმეტესად წევს. მას აღენიშნება კუნთების კანკალი, ლორწოვან-სეროზული გამონადენი ცხვირიდან, ხველა, ქოშინი, სუნთქვა გახშირებულია, პულსი - აჩქარებული, არარითმული. ხილულ ლორწოვან გარსებს მოლურჯო ფერი გადაჰკრავს. ავადობის ბოლოს მკვეთრად არის გამოხატული კანის ციანოზი, განსაკუთრებით ყურებზე, დინგზე, ღაბაბის, მუცლის ქვედა ნაწილის მიდამოებში და კუდზე. კანი მეწამულ-იისფერ შეფერილობას იძენს. სიკვდილამდე ერთი დღით ადრე ღორი საკვებს აღარ იღებს. ყურის ნიჟარას კანზე თხილის ზომის ჰემატომები ჩნდება. შემდეგ, ამ ადგილებში ნეკროზი ვითარდება. აღინიშნება პირღებინება, გამოხატულია გასტრიტისა და კოლიტის ნიშნები. დეფეკაციის აქტი მტკივნეულია. ფეკალური მასა სისხლს შეიცავს. ზოგიერთ შემთხვევაში აღინიშნება მენინგოენცეფალიტის ნიშნები, რასაც ახლავს კრუნჩხვები და დამბლა. დაავადება 3-4 დღეს, ზოგჯერ ერთ კვირამდე გრძელდება და სიკვდილით მთავრდება.

დიაგნოზი დგინდება კლინიკური ნიშნების, აგრეთვე ლაბორატორიული სადიაგნოსტიკო გამოკვლევისა და გაკვეთის შედეგების საფუძველზე, რომელსაც ვეტერინარი სპეციალისტი ატარებს.

აფრიკული ჭირის მკურნალობა და ვაქცინაცია არ არის შემუშავებული.

წყარო

ღორის მოშენება და დაავადებათა პროფილაქტიკა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები