ღორის ბალანტიდიოზი
ღორის ბალანტიდიოზი - ბალანტიდიოზის გამომწვევია ინფუზორია - Balantidium coli, რომელიც პარაზიტობს ღორის მსხვილ ნაწლავებში. მათი ცისტები მრგვალი ფორმისაა, ზომით 40-85 მიკრონის ფარგლებში, და გარედან დაფარულია წამწამებით.
ბალანტიდიოზი გავრცელებულია იქ, სადაც მოზარდეულს ანტისანიტარიულ და ნესტიან პირობებში ინახავენ. ავადდება 2-3 დღიდან 6-7 თვის ასაკამდე მოზარდეული. დაავადება უპირატესად შემოდგომისა და ზამთრის თვეებში ვლინდება.
ნაწლავის სანათურში ბალანტიდიები საკვების ანარჩენებით და მიკროფლორით იკვებებიან. ნაწლავში არეს შეცვლის შემთხვევაში ისინი ლორწოვან გარსში და უფრო ღრმად, სისხლძარღვებსა და ლიმფის სადინარებში შეიჭრებიან, სადაც ერითროციტებით, ლეიკოციტებით და მათი შეჭრის შედეგად გამოწვეული ანთების პროდუქტებით იკვებებიან.
ბალანტიდიები გაყოფით და კონიუგაციის გზით მრავლდებიან, რაც ანთებით პროცესს კიდევ უფრო აძლიერებს. ჩნდება სისხლჩაქცევები და ზედაპირული ეროზიები, რაც მიკროფლორით რთულდება. შედეგად, ირღვევა ნაწლავის სეკრეტორული და მოტორული ფუნქცია, ვითარდება ინტოქსიკაცია და ხშირად ცხოველი იღუპება.
დაავადების მწვავე ფორმით მიმდინარეობისას, მეორე-მესამე დღეს მატულობს სხეულის ტემპერატურა, ჩნდება ფაღარათი. ფეკალი ჯერ გაწყალებულია, შემდეგ შეიცავს ლორწოს, სისხლს; აქვს მორუხომოყავისფრო შეფერილობა და მძაფრი სუნი. პალპაციისას მუცლის კედელი მტკივნეულია, ფერდები - ჩაცვენილი, სუნთქვა - აჩქარებული.
კანი დანაოჭებულია, ჯაგარი - აჯაგრული. გოჭები უმეტესად წვანან, ფეკალი უნებურად გამოიყოფა. დაავადების მეხუთე-მეექვსე დღეს ძლიერდება წყურვილის გრძნობა. დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ ცხოველი კვდება. ბალანტიდიოზის იოლი ფორმით მიმდინარეობისას ცხოველი შესაძლოა გამოჯანმრთელდეს.
დიაგნოზი დგინდება კლინიკური ნიშნების, აგრეთვე ფეკალის კოპროლოგიური (ნატიური ნაცხის მეთოდი) გამოკვლევით, რომელსაც სპეციალისტი ატარებს.
ბალანტიდიოზთან ერთად ჰელმინთოზების გამოვლენისას ჯერ პანაკურით (0,015 გ/კგ) ან ფენბენდაზოლის ჯგუფის სხვა პრეპარატებით ატარებენ დეჰელმინთიზაციას. მაღალი თერაპიული მოქმედებით გამოირჩევა ტილანი, რომელსაც ცხოველს ხსნიან წყალში და აძლევენ საკვებთან შერეულს დოზით - 0,00125 გ/კგ ორჯერ სამი დღის განმავლობაში. ვეტდიპასფენი 30 დღის გოჭებს ეძლევა დოზით 0,125 გ/კგ, 31-60 დღის ასაკისას - 0,250, 61-120 დღისას - 0,375 და 120 დღეზე უფრო ხნიერ მოზარდეულს - 0,725 გ/კგ დღეში ერთხელ ორი დღის განმავლობაში. შვიდი დღის შემდეგ პრეპარატს განმეორებით აძლევენ იგივე დოზებით სამი დღის განმავლობაში. გარდა ამისა, ბალანტიდიოზის სამკურნალოდ იყენებენ ოსარსოლს, იოდინოლს, ნიფულინს, მეტრონიდაზოლს, ფურაზილიდონს სხვა პრეპარატებს.
ბალანტიდიოზის პროფილაქტიკურ ღონისძიებათა შორის უმთავრესია ღორის, მათ შორის მოზარდეულის მოვლა-შენახვის ვეტერინარიულსანიტარიული მოთხოვნებისა და კვების ჰიგიენური ნორმების დაცვა. ბალანტიდიოზის მიმართ არაკეთილსაიმედო მეურნეობაში გოჭებს ასხლეტამდე 2-3 დღით ადრე უნიშნავენ სამკურნალო პრეპარატებს (ფურაზოლიდონი, მეტრონიდაზოლი, ვეტდიპასფენი და სხვ.) განახევრებული დოზით.