ღორიხვასნაირნი
ღორიხვასნაირნი (GAVIIFORMES) − ფრინველთა რიგი. ღორიხვასნაირთა რიგში სულ 3 სახეობის ფრინველია გაერთიანებული, რომლებიც გავრცელებული არიან ჩრდილოეთი ნახევარსფეროს ტაიგისა და ტუნდრის ზონებში. დიდი ზომის ფრინველებია, წონა მერყეობს 2-დან 4,5 კგ-მდე.
ამ ფრინველებში განსაკუთრებით კარგადაა გამოხატული სხეულის თითისტარისებური ფორმა. ფეხები განლაგებული აქვთ სხეულის უკანა ნაწილში. წინა თითები ერთმანეთთან შეერთებულია საცურავი აპკებით. ფრთები შედარებით მოკლე, ვიწრო და მახვილია. პირველი რიგის მომქნევების რიცხვი უდრის 11-ს. თავი პატარაა, ნისკარტი სწორი, გრძელი და წამახვილებული. ბუმბულსაფარველი მკვრივია და სქელი, მჭიდროდ ეკვრის სხეულს. ბოლო მოკლეა. საჭის ბუმბულების რიცხვი 10-დან 18-მდეა.
ღორიხვასნაირთა ცხოვრების ნირი მჭიდროდაა დაკავშირებული წყლის გარემოსთან. ბინადრობენ ზღვებსა და ტბებზე, შესანიშნავად ცურავენ და ყვინთავენ. ყვინთვის დროს ფრთებს იშვიათად იყენებენ. წყლის სიღრმეში შეუძლიათ გაძლონ 2 წუთსა და მეტხანსაც. სამაგიეროდ ისინი არ არიან კარგი მფრინავები. ფრენენ მძლავრად, მაგრამ სწორხაზობრივად. ხმელეთზე ამოდიან იშვიათად და ძლივს ახერხებენ სიარულს. ხმელეთიდან აფრენა არ შეუძლიათ.
ღორიხვები ძირითადად თევზებით იკვებებიან, თუმცა ჭამენ მოლუსკებს, კიბოსნაირებს, მწერებსა და წყლის სხვა უხერხემლოებსაც, განსაკუთრებით მოზარდები. მონოგამიური ფრინველებია. შემჩნეულია, რომ ქმნიან ცოტად თუ ბევრად მუდმივ წყვილებს. კრუხად ჯდომასა და მართვეების აღზრდაში მონაწილეობს ორივე მშობელი. დებენ 2 კვერცხს, იშვიათად – ერთს ან სამს. საინკუბაციო პერიოდი 25-30 დღემდე გრძელდება. ღორიხვები ტიპური წიწილოვანი ფრინველებია. იჩეკებიან სქელი ღინღლით დაფარული და გამოჩეკიდან სულ მალე შეუძლიათ ცურვა. ორგზის განგურის შემდეგ, ახალგაზრდა ფრინველები ზამთრის ბუმბულსაფარველით იმოსებიან, რაც დაახლოებით სამ თვეს – დეკემბრიდან მარტამდე უნარჩუნდებათ. სრული განგურის დროს პირველი რიგის მომქნევები ერთბაშად სცვივათ და ფრინველები დროებით კარგავენ ფრენის უნარს. მამლისა და დედლის შეფერილობა ერთნაირია, მაგრამ მამლები რამდენადმე უფრო დიდები არიან.
ღორიხვასნაირთა პრაქტიკული მნიშვნელობა დიდი არაა. მათზე იშვიათად ნადირობენ და ცოტას მოიპოვებენ. თევზის მეურნეობას ღორიხვებმა შეიძლება რამდენადმე ზიანიც მიაყენონ, თუმცა ამ ფრინველთა მცირერიცხოვნობის გამო ეს ზიანი მნიშვნელოვანი არაა. ამ რიგში გამოიყოფა მხოლოდ ერთი ოჯახი.