ღორჯოების ოჯახი
ღორჯოების ოჯახი – Gobiidae
ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანები
რიგი: ქორჭილასნაირნი
ოჯახი: ღორჯოსებრნი
თევზების ოჯახი ქორჭილასნაირთა რიგისა. მუცლის ფარფლები, როცა ასეთი მოეპოვებათ, ერთმანეთთან შეზრდილი არიან და მისაწოვარ დისკოს ქმნიან. თვალები გამოწევადი არაა. სასის ძვალი ლათინურ T-ს მაგვარია და მას უკანა მორჩი აქვს, რომლითაც ის წინა შუბლის ძვალს ესახსრება. შუა ფრთის ძვალი ჩანასახოვანია ან სრულიად არა აქვს. ზრდასრულ ფორმებს ბეჭის ძვალი არ მოეპოვებათ, მკერდის ფარფლის ჩონჩხის რადიალური ელემენტები ლავიწზე სხედან და მხოლოდ ქვედა კორაკოიდს ეხებიან. მალების რიცხვი 25-34-ია, შეიცავს მრავალ გვარს, რომლებიც გავრცელებული არიან ზომიერ და ტროპიკულ ზღვების ყველა სანაპირო ნაწილში და აგრეთვე მდინარეებშიც.
ღორჯოების ოჯახის წარმომადგენელთა რკვევისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს თავზე, გვერდითი ხაზის განსაკუთრებული სისტემის, ე. წ. გენიფორების (ესე იგი ლოყების ფორების), აგრეთვე მგრძნობიარე ღორწოვანი არხებისა და ფორების განლაგებას
ს. გ. კრიჟანოვსკიმ და ვ. მ. პჩელინამ ღორჯოების ოჯახის კლასიფიკაციისათვის დამახასიათებელ ნიშანთვისებებად წამოაყენეს: საცურავი ბუშტის არსებობა, ან არარსებობა, ლარვას ბელაგურ სტადიაზე კვერცხში დიდი ან მცირე რაოდენობის ყვითრი. ამ ნიშნებისა და თვისებების მიხედვით ისინი იძლევიან ღორჯოების ოჯახის კლასიფიკაციას, რაც საგრძნობლად აადვილებს მეტად რთულ და არასაკმარისად დამუშავებული რკვევის პრინციპებს.
ღორჯოების ოჯახის სხეულის სიგრძედ მიღებულია მანძილი დინგის წვეროდან კუდის ფარფლის სხივების მიმაგრების ადგილამდე (ე. ი. უკანასკნელ მალამდე), თუ ზურგის ან ანალური ფარფლის უკანასკნელი დატოტვილი სხივი მის წინამდებარე სხივს მჭიდროდ ეხება, მაშინ ისინი ერთ სხივად არიან მიჩნეული, თუნდაც თავიდან ბოლომდე არსად რომ არ იყვნენ შეზრდილი (გამოყოფილიც რომ იყვნენ).
ტოფობის დროს მამლების შეფერილობა მუქდება (ზოგიერთი სრულიად შავდება), ფარფლები უგრძელდებათ, თავი ფორმას იცვლის, ზოგიერთები (Benthophilus) შიშვლდებიან. მამლები ბუდეს აკეთებენ და დედლის მიერ დაყრილ ქვირითს ლიფსიტების გამოჩეკამდე იცავენ.
სიცოცხლის ხანგრძლიობა მოკლეა, ზოგიერთი მხოლოდ ერთ წელს ცოცხლობს, უმრავლესობა კი-3 წლამდე.
ღორჯოს ყველა სახეობა შეიძლება გამოყენებული იქნას ადამიანის საკვებად. ამიტომ ღორჯო თევზმრეწველობის ობიექტს წარმოადგენს და ისინი ბაზარზე უმთავრესად კონსერვების სახით გვხვდება.
აზოვისა და შავ ზღვაში უმთავრესად ხუთამდე სახის ღორჯო მოიპოვება, რომელთაც სარეწაო მნიშვნელობა აქვთ.