ღუმურიშის ეკლესია
ღუმურიშის ეკლესია - სოფელ ღუმურიშის ჩრდილო-დასალეთით, სამი კილომეტრის დაშორებით, მდ. ოქუმისწყლის - „ოქუმწყარის“ მარჯვენა ნაპირზე, მცირე ხეობის სიღრმეში, დამრეცი ფერდის მცირე გავაკებაზე, მდებარეობს ბაზილიკური სტილის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია, რომელიც აგებულია მე-11 საუკუნის I ნახევარში საგდუხტ „დეოფალთა დეოფლის“ მიერ. „დეოფალთ დეოფალი საგდუხტი“ უნდა იყოს ნიანია რაჭის ერისთავის ასული და ოდიშის ერისთავთ ერისთავის მეუღლე, რომელიც ტაძრის ქტიტორად გვევლინება. ამას მოწმობს ეკლესიის ეზოში ნაპოვნი სამშენებლო ხასიათის ასომთავრული წარწერა: „ღმერთო, შეიწყალე ორთავე ცხოვრებასა შინა ამის ტაძრისა მაშნებელი დეოფალთ-დეოფალი საგდუხტ. ნიანიას ასული. ამენ“
არქეოლოგიურ სამუშაოებს ღუმურიშში საფუძველი ჩაეყარა 1986 წლის გაზაფხულზე, რაც განაპირობა ძეგლიდან მომდინარე, მოყვარულ მხარეთმცოდნე ნოდარ შონიას მიერ 1955 წელს აქ აღმოჩენილმა, XI საუკუნით დათარიღებულმა კირქვის ფილამ, რომელზეც ამოკვეთილია ასომთავრული წარწერა: „ღმერთო, შეიწყალე ორთავე ცხოვრებასა შინა ამის ტაძრისა მაშენებელი დეოფალთ-დეოფალი საგდუხტ, ნიანიას ასული, ამენ“.
წარწერის განსაკუთრებულ მნიშვნელობას სპეციალურ სამეცნიერო ლიტერატურაში რეაგირება არ მოჰყოლია. მკვლევართა მსჯელობის საგანი არც საგდუხტ „დეოფალთ-დეოფლის“ ვინაობის დადგენა გამხდარა. ფილა დაცული იყო სოხუმის მუზეუმში.
სავარაუდოდ, საგდუხტის ტიტულის (დეოფლის) გვერდით, მამის სახელის მოხსენიება იმის მიმანიშნებელია, რომ მისი ჩამომავლობა მამის მხრიდან სოციალურად მეფის რანგისაა. შესაძლოა ნიანია მეფის გვარის ჩამომავალია. როგორც ცნობილია, ნიანია ქვაბულის ძემ, თავი ისახელა რანის სულთან ფადლონის ქართლიდან განდევნაში. 1073 წელს ნიანია ქვაბულის ძე ივანე ლიპარიტის ძისა და სვანთა ერისთავ ვარდანთან ერთად გადაუდგა გიორგი მეორეს, დაიპყრო ქუთაისი და ხელში ჩაიგდო სახელმწიფო ხაზინა. მეფე სხვას ვერაფერს გახდა, გარდა იმისა, რომ მეამბოხეებს წყალობა და მამულები გაუმრავლა.
XI ს-ის საქართველოს მეფეების თანამეცხედრეების სახელები, გარდა გიორგი მეორის თანამეცხედრის სახელისა, ცნობილია. ღუმურიშის ეკლესიის ქტიტორის, ნიანიას ასულ საგდუხტში, შესაძლებელია გულისხმობდეს სწორედ გიორგი მეორის თანამეცხედრეს, დავით აღმაშენებლის დედას.
ღუმურიშის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია ნაგებია ყორის უხეშად დაპობილი ქვით და თეთრი კირქვის სწორკუთხოვანი კვადრებით. მისი იატაკიც კვადრული ქვით უნდა ყოფილიყო მოპირკეთებული მთლიანად, თუმცა საკურთხევლის გარდა ეს კვალი წაშლილია. სამხრეთის კარზე გამოკვეთილია შეღრმავებული ჯვარი; დასავლეთით მიდგმული აქვს სამრეკლო, რომელსაც კიბე აუყვება და ამჟამად ნანგრევის სახითაა შემორჩენილი. სამრეკლო დანგრეულ იქნა საბჭოთა ხელისუფლების დამყარების პირველ წლებში ბოლშევიკური იდეებით აღტკინებული რამდენიმე ადგილობრივი მოსახლის მიერ. აფსიდს აქვს გუმბათოვანი გადახურვა. მასზე სამი თაღოვანი სარკმელია. ორ-ორი ასეთი სარკმელი ძეგლის სამხრეთისა და ჩრდილოეთის კედლებშია გამოყვანილი. მე-19 საუკუნემდე ეკლესია მოხატული ყოფილა, მაგრამ მე-19 საუკუნის დასაწყისში ჩატარებულმა შეკეთება-შებათქაშებამ წაშალა მხატვრობის კვალი. ძეგლის თაღოვან შესასვლელში, დასავლეთ ნაწილში აღმოჩენილია სამარხი, რომელიც ეკუთვნის მე-19 საუკუნეში მოღვაწე სამხედრო პირს, ვინმე ემუხვარს.
მე-19 საუკუნის მიწურულს ეკლესიაში მოღვაწეობდა მღვდელი ჩარგეიშვილი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამურზაყანოს განყოფილების წევრი, რომელიც წირვა-ლოცვასთან ერთად საგანმანათლებლო საქმიანობასაც ეწეოდა.
საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ღუმურიშის ეკლესიაში შეწყდა წირვა-ლოცვა. გადასახლებულ იქნა მღვდელი ჩარგეიშვილი, რომლის საფლავი დღემდე უცნობია. შეიცვალა ეკლესიის ფასადი, შეილესა ცემენტით, გადაიხურა შიფერით. ნაგებობა შეიბილწა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისთვის, შხამ-ქიმიკატების შესანახად იქნა გამოყენებული. დაახლოებით 2003 - 2008 წლებიდან ღუმურიშელები ეკლესიაში ატარებენ გაწმენდით სამუშაოებს, ძეგლს აშორებენ სარეველა მცენარეებს. მათ შეიძინეს თუნუქის სახურავი შიფერის შესაცვლელად, მაგრამ საეკლესიო ხუროთმოძღვრებისათვის დამახასიათებელი წესების დაუცველობის გამო, ეკლესია სწორად ვერ გადახურეს, რის გამოც აწვიმს. ძეგლი საჭიროებს სათანადო შესწავლას და რესტავრაციას.
ბიბლიოგრაფია
- ღუმურუშის ეკლესია //საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა. აფხაზეთი.ტ. I.-თბ.,2007.-გვ. 46-47. სოფ. ღუმურიშის X საუკუნის პირველი ნახევრის ბაზილიკის მოკლე აღწერილობა. ეკლესიის ამგებად მოხსენიებულია ნიანია რაჭის ერისთავის ასული და ოდიშის ერისთავთ- ერისთავის მეუღლე საგდუხტ დედოფალი (XI ს.). დართულია ძეგლის საერთო ხედის ფოტო. ტექსტი ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე.
- ქრისტიანული ძეგლები ოქუმისწყლის ზემო წელზე (ღუმურიშის ეკლესია) //ხვისტანი რ. მასალები საქართველოს ქრისტიანული არქეოლოგიისათვის.-თბ., 2009.- გვ .4-12. ტექსტი ქართ., რუს. და ინგლ. ენებზე. ოქუმისწყლის ხეობის ისტორია, სახელის წარმოშობა, ერთნავიანი, დარბაზული ტიპის (მინაშენითა და კარიბჭით) ეკლესიის ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური კვლევების შედეგები, გეგმით სწორკუთხა, ძლიერ დაზიანებული (ზედა სამშენებლო დონისა და ქვედა სამშენებლო დონის ნაგებობანი) ხუროთმოძღვრული (შიდა სივრცე, გარე მოცულობა), მხატვრული ფორმების (დამახასიათებელია ცხოველხატულობა, დეკორატიული გაფორმების სიმდიდრე). ტექსტს ერთვის საილუსტრაციო მასალა (ტაბ.I,II).
წყარო
- ნონა შონია „იცნობდეთ ჩვენიკუთხის კულტურულ მემკვიდრეობას“,- გაზ. ჩემი აფხაზეთი, №30,-2015 წლის მარტი.
- საქართველოს ისტორიულ ძეგლთა ბიბლიოგრაფიული ლექსიკონი