ყაბახი (მოედანი)
ყაბახი – (თურქ. – „გოგრა“), საჯირითო მოედანი სამხედრო ვარჯიშებისა და სახალხო გართობებისათვის ფეოდალურ საქართველოში. მოედნის შუა ადგილას აღმართული იყო ძელი, რომელზეც სამიზნედ გოგრის მაგივრად ოქროს ან ვერცხლის თასს დგამდნენ. ცხენზე ამხედრებული მშვილდისრიანი მოჯირითეები რიგრიგობით ჩაიქროლებდნენ და თასს ჩამოსაგდებად ისარს ესროდნენ. ვინც მიზანს მოახვედრებდა, გამარჯვებულად ითვლებოდა და ეს თასი გადაეცემოდა. სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, ყაბახი არქვა არა მთლიანად მოედანს, არამედ მის ცენტრალურ ნაწილს, სადაც ძელი იყო აღმართული. ამავე ასპარეზობაზე თამაშობდნენ ბურთს, იმართეოდა მარულა. ყაბახობა ტარდებოდა ქორწილების, საერო თუ რელიგიური დღესასწაულების დროს. ფეოდალური არისტოკრატიისთვის სავალდებულო იყო ყაბახის ხელოვნების დაუფლება. თბილისში ყაბახობა ორბელიანთა მამულში ეწყობოდა (ამჟამინდელი ავლაბრის ტერიტორია).
უკანასკნელად ყაბახობა თბილისში XIX ს. 40-იან წწ. გაიმართა. შემდეგ მთავარმართებელ ბარიატინსკის განკარგულებით, ყაბახის ჩასატარებელი ადგილი ბაღად გადააკეთეს და იმპერატორ ალექსანდრე II-ს სახელი უწოდეს (ალექსანდრეს ბაღი).
ყაბახი ფართოდ აისახა XVIII-XIX სს. ქართულ მწერლობაში (თეიმურაზ II - „სარკე თქმულთა“, გრ. ორბელიანი – „იარალის“, ნ. ბარათაშვილი – „ღამე ყაბახზედ“, გ. ერისთავი – „ყაბახისადმი“ და სხვ.).