ყაზბეგის შეხვედრა 1991

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წარწერის ტექსტი

ყაზბეგის შეხვედრა 1991 – შედგა 23.III დაბა ყაზბეგში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ზვიად გამსახურდიასა და რსფსრ-ის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ბორის ელცინს შორის. შეხვედრის ერით-ერთი უმთავრესი მიზანი იყო შიდა ქართლში მდგომარეობის სტაბილიზაცია.

ხელი მოეწერა აქტს, რომლითაც გადაწყდა, რომ 1991 წლის აპრილის თვეში ხელმოსაწერად უნდა მოემზადებინათ სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის ხელშეკრულების პროექტი, რისთვისაც სამუშაო ჯგუფები შეიქმნა, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის რეგიონში ვითარების სტაბილიზაციისათვის. ერთობლივი მოქმედების შეთანხმების შედეგად მხარეები მორიგდნენ რამდენიმე არსებით საკითხში, კერძოდ: საქართველოსა და რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროებს 1991 წლის 10. IV-მდე უნდა შეექმნათ ერთობლივი კომისია აღნიშნულ რეგიონში მოქმედი ყველა უკანონო ფორმირების განმაიარაღებლად და ვითარების სრულ სტაბილიზაციამდე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველსაყოფად. სსრკ-ის თავდაცვის სამინისტროს წინადადება მიეცა, რომ მოცემული ტერიტორიიდან საბჭოთა არმიის ნაწილები გაეყვანა. რუსეთის, საქართველოსა და ჩრდილოეთ ოსეთის მინისტრთა საბჭოებს დაუყოვნებლივ უნდა დაეწყოთ სათანადო მუშაობა, რომ ლტოლვილებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების პირობები შეჰქმნოდათ. მათვე უნდა უზრუნველეყოთ ადგილობრივი ხელისუფლების კანონიერი ორგანოების აღდგენა და შეექმნათ ლტოლვილთათვის მიყენებული ზარალის შემფასებელი კომისია, დამატებითი მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური სახსრები გამოეყოთ ამ ზარალის ასანაზღაურებლად. შექმნილი კომისიებისა და რაზმების საბოლოო ამოცანად ჩაითვალა რეგიონში მშვიდობისა და სიმშვიდის აღდგენა. გადაწყდა, რომ შექმნილიყო ამ ოქმის შესრულების მაკონტროლებელი მუდმივი ჯგუფი.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები