ყაინარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ყაჲნარ-ი / ქაჲნარ-თეირი (ბალყ.-ყარაჩ. Къайнар – „ცხელი, მდუღარე“, Кайнар-Тейри – „ცხელი, მდუღარე ღმერთი“) – მზის მამა, მზის ღმერთი ბალყარულ-ყარაჩულ მითოლოგიაში. მითის თანახმად, როცა ყაირნარ-თეირიმ – „მთების, მიწის, წყლისა და ვარსკვლავების შემოქმედმა – მიწა შექმნა, იგი იძვროდა, ზღვები კი ღელავდა და ირწეოდა. მტირალი ადამიანები მთელი შვიდი წელიწადი მუხლმოყრით ევედრებოდნენ მზის მამას:

მიწა შენ შექმენი – შეაჩერე მიწისძვრა,
წყალი შენ გააჩინე – შეაჩერე მისი რწევა.

ყაინარ-ღმერთმა შეისმინა ხალხის ხვეწნამუდარა: შექმნა მთები, სოლივით ჩაარჭო ისინი მიწაში და ამის შემდეგ მიწისძვრა და ზღვათა ღელვა შეწყდა“ (მ. ჯურთუბაევი). ყაინარი ზაფხულობით სააქაოში სითბოს აგზავნის, ხოლო ზამთარში მის ნაწილს მკვდართა საუფლოს გადასცემს. ერთხელ, – მოგვითხრობს მითი, – მისი სხივების შემაკავებელ ბურუსზე განრისხებულმა ყაინარმა მუცლიდან ოქროს, ვერცხლის, სპილენძისა და რკინის ქვები ამოაფრქვია. აი, საიდან გაჩნდა მიწაზე ლითონი.

ბალყარელთა და ყარაჩელთა რწმენით, ყაჲნარ-თეირისს ჰყავს დედა – ქჲუნ-ანასი ქჲულსჲუნი (Кюн-Анасы Кюлсюн), რომელსაც წითელი კაბა აცვია და თავზე ოქროს გვირგვინი ადგას. ფლობს მზიურ სარკეს, რომლითაც მზის ნათელს არეგულირებს. პირველი საგაზაფხულო მზისა და მისი დედის პატივსაცემად ანთებდნენ დიდ კოცონს და მის გარშემო ფერხულს მართავდნენ. მზის დედა ქჲულსჲუნს კარგ ამინდს და წარმატებულ ხვნა-თესვას შეთხოვდნენ. დედა-შვილის სახელზე მსხვერპლს ზამთარში სწირავდნენ, რითაც მათ ზამთრის დედასთან – სარასანთან – ბრძოლის წინ ამხნევებდნენ.


ლიტერატურა

  • Джуртубаев М. Ч. Древние верования балкарцев и карачаевцев. Нальчик, 1991;
  • Каракетов М. Д. Из традиционной обрядово-культовой жизни карачаевцев. М., 1995;
  • Кудаев М. Ч. Карачаево-балкарская этнохореография и символика. Нальчик, 2003;
  • Каракетов М. Д. Традиционные верования // Карачаевцы. Балкарцы. М., 2014.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები