ყვანჩალა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ყვანჩალა - Stachys sylvatica L.

Stachys sylvatica L.ყვანჩალა.

მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა 35-120 სმ-მდე სიმაღლის აღმავალი, ზედა ნაწილში დატოტვილი ღეროებით. ღეროსეული ქვედა ფოთლები ყუნწიანია, კვერცხისებრ-გულისებრი, წაწვეტებული, დაღარულ-დაკბილული, 10-12 სმ სიგრძისა და 6,5-7,5 სმ სიგანის; წვეროსეული ფოთლები მჯდომარეა, მოგრძო კვერცხისებრიდან მოგრძო ლანცეტამდე, კიდემთლიანი, ზედა მხრიდან – ბაცი მწვანე, ქვედა მხარეს – ლეგა-მწვანე. ყვავილები 2-მრავალყვავილიან რგოლებადაა განლაგებული და მოგრძო ყვავილედებად შეკრებილი; გვირგვინის ფურცლები მუქი წითელია, შუა ნაკვთზე მუქი მეწამული ლაქებით. ნაყოფი მუქი-მურა, გლუვი, ფართო კვერცხისებრი კაკალია. ყვ. VI-VIII; ნაყ. VII-VIII.

იზრდება ტყეებში, ტყის პირებზე, მდელოებსა და ხეობებში. დაბლობიდან მთის შუა სარტყლამდე.

ყვავილედი და ფოთლები გამოცდილია და დაშვებული სანელებლად თევზეულის წარმოებაში.

ყვანჩალა

სამკურნალო ნედლეულს მცენარის მიწისზედა ნაწილი წარმოადგენს, შეგროვილი ყვავილობის პერიოდში. შეიცავს ბეტაინის შენაერთებს – სტახიდრინს, ბეტონიცინს, ტურიცინს, ტრიგონელინს, აგრეთვე ქოლინს, ალენტოინს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ფისებს, ეთერზეთებს, ასკორბინის მჟავასა და ორგანულ მჟავებს.

ხასიათდება ჰემოსტატიკური, სედატური, ჰიპოტენზიური, სისხლისშემაჩერებელი, ანთებისსაწინააღმდეგო, გამაუმტკივნებელი, ჭრილობების შემახორცებელი, ანტისეპტიკური და შარდმდენი მოქმედებით. ყვანჩალას პრეპარატები იწვევს სედატურ მოქმედებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, აქვეითებს არტერიულ წნევას, ხასიათდება საშვილოსნოზე მოქმედებით, ამაღლებს საშვილოსნოს ტონუსს და აძლიერებს მის კუმშვადობას. ასევე დადებითად მოქმედებს ქალებში ფეხმძიმობის შემდეგ პერიოდში, თვით პათოლოგიების დროსაც, რის გამოც ყვანჩალას პრეპარატები რეკომენდირებულია მეან-გინეკოლოგიურ პრაქტიკაში მშობიარობის შემდგომ პერიოდში საშვილოსნოს ათონიისა და ამით გამოწვეული სისხლდენებისა და სხვა წამოშობის სისხლდენების სამკურნალოდ, რაც დადგენილია კლინიკური გამოკვლევებით.

წარსულში, ხალხურ მედიცინაში იხმარებოდა მენსტრუალური ციკლის დარღვევის, ისტერიის, გულის წასვლის, ეპილეფსიის, ანთების საწინააღმდეგოდ და სისხლდენის შესაჩერებლად, ასევე კანის სხვადასხვა დაავადებებისას.

ვინაიდან მცენარე შხამიანია, შინაგანი მიღებისას დიდი სიფრთხილეა საჭირო. (ბიძინაშვილი, 2016).


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები