ყვითელი აბლაბუდა სოკო
ყვითელი აბლაბუდა სოკო (ლათ. Cortinarius armeniacus (Fr.) Fr. რუს. Паутинник абрикосово-жёлтый)
ქუდი – 8 სმ-მდე დიამეტრისაა, ზარისებრია, შემდეგ ამობურცული და ბოლოს – ბრტყელი; ზოგჯერ შუაში განიერი ბორცვაკი ახასიათებს, ქუდის კიდეებთან ზოგჯერ ზოლიანია, ზედაპირზე – აბრეშუმისებრი ბოჭკოებით, მოყვითალო-ნარინჯისფერი ან მოყვითალო-ჟანგისმიწისფერია, ფირფიტები განიერია, ხშირი, ჯერ ჟანგისფერ-ყვითელი, შემდეგ – მოყვითალო-ყავისფერი.
ფეხი – 4-7 სმ სიგრძისა და 0,5-1,5 სმ სისქისაა, ძირისკენ გამსხვილებული, თეთრი, თეთრი ზოლებით, საბურველი ან არა აქვს, ან მკრთალი საყელოს სახით ახასიათებს.
რბილობი – თეთრია ან მოყვითალო, განსაკუთრებული გემოს გარეშე და ბოლოკის სუნით.
სპორები – 8-9,5X4,5-5,5 მკმ.
იზრდება ნიადაგზე წიწვიან ტყეში შემოდგომით. საჭმელი სოკოა.
შენიშვნა: გვარ Cortinarius-ის სახეობებს აბლაბუდიანი სოკოები ეწოდებათ, მათი კერძო საბურველის აბლაბუდების გამო. საქართველოში ცნობილია მათი 44 სახეობა, რომელთაგან ზოგი საჭმელია, უმრავლესობა უვარგისია საჭმელად.