ყოზ ბიორქი
ყოზ ბჲორქ-ი (ბალყ.-ყარაჩ. Къоз бёрк – „კაკლის ქუდი“) – ბალყარულ-ყარაჩული საქორწილო ქუდი, განკუთვნილი პატარძლისთვის. ჯოხის ზემო ნაწილზე კონუსის ფორმით მიმაგრებულ წნელებს მჭიდროდ შემოვლებული აქვს აბრეშუმის ან ხავერდის ქსოვილი. კონუსის წვერიდან მოყოლებული ქსოვილზე მიკერებულია ქალის სხვადასხვა სამკაული, რომელსაც შიგადაშიგ კაკალი ენაცვლება. ყოზ ბჲორქს ამკობს ნეფის უახლოესი ნათესავი ქალიშვილი, რომელსაც სხვა ნათესავი ქალებიც ეხმარებიან. ასე მორთული ქუდი პატარძლის სახლში მიმავალ ნეფის მაყარს მიაქვს. ყოზ ბჲორქი, ისევე როგორც ჲუჲ ბაჲრაყი, მექორწილეთა ყურადღების ცენტრში ექცევა. რაც უფრო მდიდრულად და ლამაზად არის ეს რიტუალური საგნები შემკული, მით უფრო მეტ ქებას იმსახურებენ მათი გამფორმებლები და სიძის ნათესავები. ყოზ ბჲორქი პატარძლის განსაკუთრებული პატივისცემის ნიშანია.
როგორც ჩანს, ყოზ ბჲორქი სიცოცხლის ხის სიმბოლოს წარმოადგენს. ცნობილია, რომ კაკლის ხე მრავალ ხალხში კულტის ობიექტს წარმოადგენდა. ბალყარელები და ყარაჩაელები დღემდე ეთაყვანებიან ამ ხეს: იკრძალება მისი მოჭრა, ხოლო კაკლის ხის წმინდა ნაყოფის ჭამა ღვთაებრივ მადლთან ზიარებად ითვლება. კავკასიის ხალხებში კაკალი ნაყოფიერების სიმბოლოს წარმოადგენდა. ამიტომ ყოზ ბჲორქიც შესაძლოა, ნაყოფიერების, მრავალშვილიანობის სურვილის გამომხატველი იყოს.
ლიტერატურა
- Кучмезова М. Ч. Соционормативная культура балкарцев: традиции и современность. Нальчик, 2003;
- Семенова А. Б. Отражение культа дерева в современной свадебной обрядности карачаевцев и балкарцев // Лавровский сборник. СПб., 2009.